It. Cronache, libri delle ძველი აღთქმის ორი ისტორიული წიგნის ებრაული სახელწოდება. სეპტუაგინტის ბერძნული ბიბლია და ვულგატა მათ მოიხსენიებენ სახელით Paralipomeni, „გადმოცემანი“. შესაძლოა ამის მიზეზია მცდარი დაჯერებულობა, რომ ნეშტთა ორი წიგნი მეფეთა წიგნების გაგრძელებას წარმოადგენს. ნეშტთა წიგნების ავტორი (IV ს. ქრისტეს შობამდე) არა იმდენად ისტორიულ, რამდენადაც რელიგიურ-თეოლოგიურ ამოცანას ისახავს: იგი ხოტბას ასხამს იუდეურ თეოკრატიას, რომლის მთავარი არსი იერუსალემის ტაძრის, როგორც ისრაელის ისტორიის კულმინაციის, რელიგიურ-კულტურული ორგანიზაციაა. თხზულებაში მოცემულია მრავალრიცხოვანი ინფორმაცია ადამის დროიდან დაწყებული კიროსის ედიქტამდე (538 ქრისტეს შობამდე). ნეშტთა ორი წიგნი ოთხ განყოფილებად შეიძლება დაიყოს: წინასიტყვაობა (1 ნეშტ. 1-9); დავითის ისტორია (1 ნეშტ. 10-29); სოლომონის ისტორია (2 ნეშტ. 1-9); იუდეის ტახტზე სოლომონის მემკვიდრეთა ისტორია (2 ნეშტ. 10-36).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4