A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

პა პე პი პლ პნ პო პრ პუ
პია პიე პილ პირ პიქ

პირველქმნილი ცოდვა

It. Peccato originale
მოძღვრება პირველქმნილი ცოდვის შესახებ, რომელიც უკავშირდება ადამისა და ევას დაცემის შესახებ ბიბლიურ მოთხრობას (დაბ. 3), გამოხატავს სარწმუნოების უეჭველობას, რომ კაცობრიობის მთელი ისტორია ადამიანის მიერ თავისი ნებით ჩადენილი პირველი დანაშაულის დაღს ატარებს, ანუ ეშმაკის მიერ ცდუნებულმა ადამიანმა ნება დართო საკუთარ თავს, რომ, თავის გულში შემოქმედისადმი ნდობის განელებითა და საკუთარი თავისუფლების ბოროტად გამოყენებით, არ დამორჩილებოდა ღმრთის მცნებას, რითაც კარი გუღო ბოროტებას, უმთავრესად ზნეობრივ ბოროტებას. საღმრთო წერილის თანახმად, ადამის ცოდვაში ყოველი ადამიანი თანამონაწილეობს. მართლაც, წმიდა პავლე ამტკიცებს: „ვინაიდან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში“ (1 კორ. 15:22); აგრეთვე: „ამიტომ, როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა სოფელში, ხოლო ცოდვის მიერ – სიკვდილი, ასევე, სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომ. 5:12). მოძღვრებას პირველქმნილი ცოდვის შესახებ IV-V საუკუნეებში შეეწინააღმდეგა პელაგიელობა, რომლის თანახმადაც, ადამის ცოდვა, და, უმთავრესად, მისი შედეგები არ გავრცელებულა მთელ კაცობრიობაზე. პელაგიელობის ერეტიკულ თეორიას მტკიცედ დაუპირისპირდა წმიდა ავგუსტინე, რომელმაც პირველად გამოიყენა გამოთქმა peccatum originale. წმიდა ავგუსტინე მიიჩნევდა, რომ ადამიანი დაეცა და ხსნისთვის მადლი ესაჭიროებოდა. ტრიდენტის კრებამ განამტკიცა მოძღვრება პირველქმნილი ცოდვის შესახებ და განაცხადა, რომ ის ყოველ ადამიანზე ვრცელდება, მისგან გათავისუფლება მხოლოდ ნათლობის მეშვეობით ქრისტეში ხელახლა შობითაა შესაძლებელი; რომ ნათლისღება აუქმებს პირველქმნილ ცოდვას დანაშაულისა და მის გამო სასჯელის ჩათვლით, თუმცა არ სპობს გულისთქმას, ჟინს (შდრ. CCC, 385-421).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9