A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

პა პე პი პლ პნ პო პრ პუ
პრე პრი პრო

პრესბიტერიანელობა

Etym. ინგლ. presbyterian, ნაწარმოებია ლათინურიდან presbyter)
It. Presbiterianesimo/Presbiteriani
ტერმინი აღნიშნავს კალვინური სულისკვეთების ცალკეული პროტესტანტური ეკლესიების სტრუქტურასა და მოძღვრებას. ამ ეკლესიათა სტრუქტურა „პრესბიტერებს“, ანუ მსახურებსა და საერო „ხუცესებს“ ეყრდნობა. ის განსხვავდება როგორც ეპისკოპალიზმის, ისე რადიკალური კონგრეგაციონალიზმისაგან. პრესბიტერიანელობა შოტლანდიაში ჩამოყალიბდა კალვინის მოწაფის, ჯონ ნოქსის (†1572) მიერ. ნოქსმა შოტლანდიის ეკლესია პრესბიტერიანულ ეკლესიად გადააქცია (1560: First Book of Discipline; 1592: Second Book of Discipline). ინგლისში კალვინისტმა ტომას კარტრაიტმა (†1603) 1569 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა პრესბიტერიანული კონსტიტუციის შემოსაღებად და ელისაბედ I-ის (1558-1603) მიერ იქნა განდევნილი. ანგლოსაქსური კოლონიალური ექსპანსიის შედეგად პრესბიტერიანელობა გავრცელდა ჩრდილოეთ ამერიკაში ემიგრირებულთა ეკლესიებში (XVII ს.), მოგვიანებით კი – კანადაში, ავსტრალიასა და სხვა ქვეყნებში. ვესტმინსტერის კალვინისტური აღსარება (1647) ერთიანობის მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა. ამჟამად პრესბიტერიანული კონფესიები ერთმანეთთან მსოფლიო ლიგის მეშვეობითაა დაკავშირებული. პრესბიტერიანელობაში ყოველი ადგილობრივი საკრებულო იმართება კონსისტორიუმის მიერ, რომელიც მოძღვრისა და ხუცესთაგან შედგება. „პრესბიტერიუმი“ ეწოდება საბჭოს, რომლის შემაგენლობაშიც არიან მოძღვრები, ხუცესები და სხვადასხვა კონსისტორიუმთა წევრები. მისი მოვალეობა ახალ მოძღვართა ხელდასხმაა. გარდა ამისა, არსებობს სხვადასხვა პრესბიტერიუმთა დელეგატებისაგან შემდგარი სინოდი, რომელსაც დისციპლინასა და მოძღვრებაზე ზედამხედველობის ამოცანები ეკისრება. უმაღლესი ორგანოა მთავარი ასამბლეა, რომელიც პრესბიტერიუმთა მიერ არჩეულ ხუცესთაგან შედგება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9