A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

პა პე პი პლ პნ პო პრ პუ
პრე პრი პრო

პროტესტანტული რეფორმა

It. Riforma protestante
XVI საუკუნის რელიგიური მოძრაობა, რომელიც ეკლესიის „რეფორმირებას“ ისახავდა მიზნად. მის დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ 1517 წლის 31 ოქტომბერი, როდესაც გამოქვეყნდა მარტინ ლუთერის 95 თეზისი ინდულგენციათა შესახებ, რასაც ჰაიდელბერგისა (1518) და ლაიფციგის (1519) დისპუტები მოჰყვა შედეგად. ასე დაედო საფუძველი ფართო მოძრაობას, რომელშიც რომის პაპისეულ ეკლესიასთან დაპირისპირებამ ძალიან განსხვავებული ჯგუფები (მთავრები, დიდებულები, ქალაქების მცხოვრებლები, რაინდები, გლეხები) და მრავალფეროვანი მიმდინარეობები (ჰუმანიზმი, გერმანული ნაციონალიზმი, იმპერიულ სახელმწიფოთა ავტონომისტური მისწრაფებები) გააერთიანა. საწყის ეტაპზე (1517-1525) რეფორმა მარტინ ლუთერის ძლიერი პიროვნებისა და ავგუსტელი მოწესის მიერ ბიბლიის შესწავლისას მიღებული რელიგიური გამოცდილების (სოლა სცრიპტურა) ზეგავლენით წარიმართა. რომაელთა მიმართ წმიდა პავლეს წერილზე მედიტაციამ დაარწმუნა ლუთერი, რომ ღმერთი უანგაროდ აძლევს ხსნას ადამიანს იესო ქრისტეს მსხვერპლშეწირვის წყალობით და ადამიანის მოქმედებებისაგან დამოუკიდებლად. ამის საფუძველზე ჩამოაყალიბა მან თეორია ოდენ რწმენით გამართლების შესახებ. ლუთერი არსებითად დაუპირისპირდა, აგრეთვე, კათოლიკე ეკლესიის საიდუმლოთა მოძღვრებას (იგი აკრიტიკებდა მოძღვრებას ტრანსუბსტანციაციის შესახებ, საეროთათვის ბარძიმზე უარის თქმას, წირვის საღმრთო ხასიათს, საიდუმლოთა რაოდენობას). გარდა ამისა, ლუთერი ზნეობრივ დაცემაში ადანაშაულებდა ეკლესიას და ეჭქვეშ აყენებდა პაპის პრიმატს. ლეონ X-ის პასუხი, რომელიც უშუალოდ გახდა თავდასხმის ობიექტი ინდულგენციებთან დაკავშირებთ, იყო განკვეთის ბულა Exsurge, Domine (1520 წლის ივლისი), რომელშიც ლუთერის თეზისები ერეტიკულად გამოცხადდა. პროტესტანტული რეფორმის მეორე ფაზა (1525-1550) შინაგანი გაძლიერებისა და გარე სამყაროს მიმართულებით კონფესიური კონსოლიდაციის ნიშნით წარიმართა. რეფორმირებული თეოლოგიის დასრულებული ნიმუში აუგსბურგის სეიმზე (1530) იქნა წარმოდგენილი მელანხტონის მიერ რედაქტირებული „აუგსბურგის აღსარების“ სახით. კარლოს V-სა და პროტესტანტთა შორის (აუგსბურგი, 1555) დადებული რელიგიური ზავის ტრაქტატით დამკვიდრდა ლუთერული კონფესია და დადგინდა გერმანიის დაყოფა რელიგიური ნიშნით. მომდევნო წლებში პროტესტანტული რეფორმა ევროპის მთელ ჩრდილოეთში გავრცელდა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9