Etym. ინგლ. puritan (სიტყვიდან purity „სიწმიდე“, ლათინურიდან puritas) ანგლიკანობის წიაღში აღმოცენებული და ინგლისურ კალვინიზმთან მჭიდროდ დაკავშირებული რელიგიური მოძრაობა. ეს სახელი მას მოწინააღმდეგეებმა შეარქვეს. ისინი ამგვარად უტევდნენ „რელიგიური განწმედის შესწავლას“ (Studium purioris religionis), რომლითაც, უმთავრესად 1580 წლის შემდეგ, ტ. კარტრაიტმა (†1603) დაასაბუთა თავისი კრიტიკა ინგლისის ეკლესიის მოწყობის, ლიტურგიისა და მოძღვრების მიმართ, – მათ იგი „ანტიბიბლიურად“ მიიჩნევდა. პურიტანები ითხოვდნენ ინგლისის ეკლესიაში ყველა შემორჩენილი „პაპისტური“ ელემენტის გაუქმებას, დაწყებული ლიტურგიიდან (ლიტურგიული სამოსი და მორთულობანი, გალობა, ორღანის ჟღერადობა, ჯვარი და ა.შ.), მხოლოდ საღმრთო წერილზე – ერთადერთ და აბსოლუტურ ნორმაზე – დაყრდნობის მიზნით. დედოფალ ელისაბედ I-ის (1558- 1603) ეპოქასთან დასაპირისპირებლად, რომელსაც თავაშვებულად და დაცემულად მიიჩნევდნენ, პურიტანები საგანგებო ყურადღებას უთმობდნენ კვირადღის წმიდაყოფას, უარს აცხადებდნენ თეატრზე, ცეკვაზე, კულტურაზე და ეტიკეტზე. ეს მოძრაობა პოლიტიკის სფეროსაც შეეხო, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1640 წლის ინგლისის რევოლუციაში, ჩართული იყო ეპისკოპალიზმთან და თვით მონარქიასთან ბროლაში. პურიტანიზმი დაედო საფუძვლად ოლივერ კრომველის (†1658) რესპუბლიკას. მის შემდგომ რესტავრაციას, კათოლიკე სტიუარტების მეთაურობით (1660-1687), პურიტანებმა „დიდი დევნის ხანა“ უწოდეს, თუმცა სწორედ ამ დროს შეიქმნა პურიტანული საგანმანათლებლო ლიტერატურის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშები, როგორებიცაა, ჯონ მილტონის (†1674) „დაკარგული სამოთხე“ (1667) თუ ბაპტისტ ჯონ ბუნიანის „მომლოცველის მოგზაურობა“ (1678). პურიტანული მემკვიდრეობა ინგლისელთა ეროვნული ცნობიერების ნაწილად იქცა და დღესაც განსაზღვრავს გარკვეულწილად ამ ხალხის ქცევას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4