A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

რა რე რი რო რუ რჩ რწ
როგ როზ როკ რომ

რომის საკითხი

It. Questione romana
პოლიტიკურ-რელიგიური უთანხმოება, რომელიც იტალიის სახელმწიფოსა და წმიდა საყდარს შორის აღმოცენდა იტალიის მთლიანობის გამოცხადებისა (1861) და რომის შეიარაღებული ოკუპაციის (1870) შემდეგ. იტალიის სახელმწიფოებრივ მთლიანობას ემსხვერპლა ეკლესიის სახელმწიფო, რომელმაც 1870 წლის სექტემბერში საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა, რის შედეგადაც პაპმა პიუს IX-მ თავი „ვატიკანის ტყვედ“ გამოაცხადა და უარყო შეთანხმების მისაღწევად მისთვის შეთავაზებული ყველა სახის კომპრომისი. 1871 წლის 13 მაისის ეგრეთ წოდებული „უზრუნველყოფის კანონებით“ (Legge delle Guarentigie) იტალიის მთავრობამ პაპს აღუთქვა სრული თავისუფლება და ხელშეუხებლობა ეკლესიის მართვის საქმეში, სუვერენი მმართველის პრივილეგიები და პატივი, ამავე დროს, ვატიკანის სასახლეებითა და ბაღებით, აგრეთვე, სხვა შენობებით სარგებლობის შესაძლებლობა ფლობის უფლების გარეშე და კიდევ – შესატყვისი ზარალის ანაზღაურება. პასუხად, 1871 წლის 15 მაისს პაპმა გამოსცა ენციკლიკა Ubi nos, რომელშიც გააპროტესტა ზემოხსენებული შეთავაზებები და „უზურპატორები“ ეკლესიიდან განკვეთა. ამას დაერთო 1874 წლის non expedit, რომლითაც პაპმა კათოლიკე იტალიელებს პოლიტიკურ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. ეს აკრძალვა კიდევ უფრო დამძიმდა 1886 წელს და მხოლოდ 1905 წელს პიუს X-ის მიერ იქნა გაუქმებული. რომის საკითხი საბოლოოდ გადაწყდა იტალიის სახელმწიფოსა და წმიდა საყდარს შორის ლატერანის ხელშეკრულებათა ხელმოწერით (1929 წლის 11 თებერვალი).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9