A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ბა ბე ბზ ბი ბო ბრ ბუ
ბეა ბეგ ბემ ბენ ბერ ბეჭ

ბენედიქტელები

It. Benedettini/e
იმ სამოწესეო საკრებულოთა წევრები, რომელნიც საუკუნეთა განმავლობაში დასავლეთში მონაზვნობის ფუძემდებლის, წმიდა ბენედიქტეს (დაახლ. 480-547) წესდებით (ბენედიქტესეული წესდება) ხელმძღვანელობენ. ბენედიქტელთა გაერთიანება არის არა იმდენად ნამდვილი „ორდენი“, როგორც მმართველობისა და იერარქიის ერთიანი სისტემის მქონე ცენტრალიზებული კორპორაცია, რამდენადაც კონფედერირებული მონასტრების ერთობლიობა, რომელთაც რომში ჰყავთ საერთო წარმომადგენელი – უპირატესის წოდების მქონე აბატი. წმიდა ბენედიქტეს მიერ სუბიაკოსა და მონტეკასინოს მონასტერთა დაარსების შემდეგ ბენედიქტელთა წესდება პაპმა გრიგოლ დიდმა (†604) გაავრცელა: მან დააარსა მონასტრები ჩელიოს ბორცვსა და სიცილიაში და მონაზონი ავგუსტინე, ორმოცი თანამგზავრის თანხლებით, სახარების გასავრცელებლად ინგლისში წარგზავნა. იტალიაში მონაზვნობა ლონგობარდთა მოქცევის შედეგად აყვავდა. ამ პერიოდში დაარსდა სახელგანთქმული მონასტრები ფარფა, სან ვინჩენცო ალ ვოლტურნო, ნონანტოლა და ა.შ. მონაზვნობის განახლებას მძლავრი ბიძგი მისცა 910 წელს დაარსებულმა კლუნის (ბურგუნდია) მონასტერმა, რომელიც ერთი მეთაურის დაქვემდებარებაში მყოფ მონასტერთა კონგრეგაციის დასაბამად იქცა. საეროთა და ეპისკოპოსთაგან დამოუკიდებელი ეს მეთაური – კლუნიელი აბატი მხოლოდ პაპს ექვემდებარებოდა. ამავე დროს, განსაკუთრებით იტალიაში, ბენედიქტელთა სხვა ჯგუფები (ნ. კამალდოლელები, ვალომბროზელები) განდეგილური ცხოვრების გამოცდილებას მიუბრუნდნენ და მიზნად დაისახეს, ზედმიწევნით ზუსტად დაეცვათ წესდება. კლუნის საპირისპიროდ, რომელიც იმ დროისათვის მიწათმფლობელ და პოლიტიკურ ძალად იქცა, ბერნარდო კიარავალელმა სიტოს მონასტერში ჩაატარა რეფორმა და ის მკაცრი ასკეტიზმის სულით გამსჭვალულ დისციპლინას დაუქვემდებარა (ნ. ცისტერციელნი). ბენედიქტელთა წესდება (და აღმოსავლური განდეგილობის ტრადიციები) მიიღეს, – თუმცა საკუთარი ჩვეულებებს მიდევნებით, – კარტეზიელებმა (1084), სილიბისტროელებმა (1231), ცელესტელებმა (1264), ოლივეტელებმა (1313). მას შემდეგ, რაც ბენედიქტელებმა რეფორმის შედეგად მძიმე დარტყმა განიცადეს ჩრდილოეთ ევროპაში, ტრიდენტის კრებამ ყველა მონასტრისათვის სავალდებულოდ გამოაცხადა „კონგრეგაციად“ გაერთიანების სისტემა, რაც მათთვის დამოუკიდებლობის დაკარგვას არ ნიშნავდა. უფრო ახლო წარსულში (1893) პაპმა ლეონ XIII-მ ყველა კონგრეგაცია ბენედიქტელთა კონფედერაციაში გააერთიანა წმიდა ანსელმის (რომი) უპირატესი აბატის მეთაურობით, თუმცა ამ უკანასკნელს არ გააჩნია უმაღლესი ზემდგომის უფლებები მონასტრებსა და კონგრეგაციებთან მიმართებაში. 1952 წელს პაპმა პიუს XII-მ ცნო ამ კონფედერაციის lex propria. დღეს ეს კონფედერაცია მოიცავს 21 კონგრეგაციას, რომელთა 30 000-ზე მეტი წევრი განთავსებულია მამაკაც მონაზონთა 237 და ქალ მონაზონთა 845 მონასტერში. ბენედიქტელი წინამძღვრები ოთხ წელიწადში ერთხელ იკრიბებიან რომში წინამძღვართა კონგრესზე, რომლის კომპეტენციაში, აგრეთვე, შედის უპირატესი აბატის არჩევაც. საკუთარი დევიზის – ora et labora (ლოცვა და შრომა) – ერთგულნი, ბენედიქტელები გამოირჩევიან სულიერებითა და აქტიური სოციალური მოღვაწეობით (სასოფლო-სამეურნეო და სამშენებლო საქმიანობა), მისიონერული სულისკვეთებით, მნიშვნელოვანია მათი წვლილი ანტიკური კულტურის შესანარჩუნებლად (ხელნაწერთა გადაწერა და ბიბლიოთეკათა მოწყობა). ბენედიქტელი მონაზონი ქალები (VII საუკუნიდან) მისდევდენ ქალთათვის შემუშავებულ ბენედიქტელთა წესდებას. დები მარტივ სამუდამო აღთქმას დებენ. ბენედიქტელ მონაზონ ქალთა მონასტრებს კონფედერაცია უწევს კოორდინირებას, თუმცა ეს არ განაპირობებს კონფედერაციაზე მათს უშუალო დამოკიდებულებას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9