A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

სამშვინველი

სარწმუნოების მოძღვრების კონგრეგაცია
Etym. სამშვინველის ცნება (psyché, thymós, pneûma, anima, spiritus)
It. Anima
ადამიანური აზროვნების ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე განუსაზღვრელი ცნებაა. ეს იმითაა განპირობებული, რომ სამშვინველის ცნებაში ადამიანის სრულიად განსხვავებული თვისებებია მოქცეული: გრძნობადი სურვილი, აღქმა, მგრძნობელობა, აზროვნება, შემეცნება. ამ მიზეზით სამშვინველის ცალკე მდგომ ერთეულად წარმოდგენის ყოველი მცდელობა წარუმატებელია. პირვანდელი მნიშვნელობით, სამშვინველი აღნიშნავს მაცოცხლებელ ნიავს, ქროლას, სხეულის ნაწილთა განმსჭვალავ სასიცოცხლო ენერგიას, სიცოცხლის, შეგრძნებისა და აზროვნების საწყისს. სულის ქროლვის მსგავსად მოქმედი ეს საწყისი შინაგანი და გარე სამყაროს მიმართულებით მოქმედებს როგორც შემოქმედებითი ძალა და სასიცოცხლო გზნება, რომელიც სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს არსებობას, ყოველ შემთხვევაში, ნაწილობრივ მაინც. ამ მიზეზით სამშვინველის ცნება მჭიდროდაა დაკავშირებული უკვდავებასთან. ძველ აღთქმაში მოყვანილი სიტყვებით ruach, nefesh, pneûma, cardia, noûs სამშვინველის სხვადასხვა ასპექტი აღინიშნება. მაგალითად, nefesh აღნიშნავს სასიცოცხლო საწყისს, რომელსაც სისხლი შეიცავს (რიცხვ. 6:6) და სეპტუაგინტაში ითარგმნება როგორც psyché, ხოლო სიტყვა ruach (რომლის თარგმანიცაა pneûma) აღნიშნავს სულს, როგორც ღმრთის ნიჭს (რჯულ. 34:9; ფსალმ. 50:13). სამშვინველის ასეთი ორმაგი მნიშვნელობა გვხვდება ახალ აღთქმაშიც: როგორც „ფსიქე“, ის სიცოცხლის სამყოფელი ან თავად სიცოცხლეა, თუმცა შეიძლება, აგრეთვე, ადამიანის, როგორც პიროვნების (მეობის) შინაგან ცხოვრებასაც აღნიშნავდეს, სამშვინველის სხვადასხვა ძალებით (2 კორ. 3:3). როგორც სული (pneûma), სამშვინველი სულიერის საწყისი, ანუ ღმრთის სულით აღვსილი აქტიურობაა. პატრისტიკისა და შუა საუკუნეთა მოაზროვნეებმა ჭვრეტითად განიხილეს სამშვინველის პლატონისეულ (პატრისტიკა) და არისტოტელესეულ (სქოლასტიკა) კონცეფციებთან დაკავშირებული თეოლოგიური პრობლემები, თუმცა სამყაროს შექმნის შესახებ მოძღვრების ჩარჩოში მოაქციეს ისინი და, ამასთან, შეუქმნელ სულსა (ღმერთი) და შექმნილ სულს შორის განსხვავება დაურთეს. ფილოსოფიური აზროვნებისა და მეცნიერებათა განვითარებასთან ერთად, სამშვინველის ცნებამ ძირეული ცვლილებები განიცადა. ცნების ეს განვითარება თეოლოგიაშიც აისახა და, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება უკვდავების განსხვავებულ კონცეფციაში, რომელსაც ანტიპლატონიზმის ერთგვარი სახეობა შეიძლება ეწოდოს, რადგანაც ის ხაზს უსვამს ადამიანის მთლიანობას და უარყოფს სხეულისა და სამშვინველის დუალიზმს. ბიბლიის, უმთავრესად - ძველი აღთქმის სახელით, სხეულისა და სამშვინველის დაყოფა უარყოფილია როგორც პლატონისტური დუალიზმი, თუმცა ეკლესია არსებითად მიიჩნევს კვლავაც საგანგებო ყურადღება მიაპყროს სიკვდილის შემდეგ ცნობიერებისა და ნების მქონე ელემენტის არსებობასა და ყოფნას, - ასე რომ, „ადამიანის მეობა“ კვლავაც განაგრძობს არსებობას. ამ ელემენტის აღსაწერად ეკლესია სწორედ სიტყვა „სამშვინველს“ მიმართავს (შდრ. სარწმუნოების მოძღვრების კონგრეგაცია, ესქატოლოგიის რამდენიმე საკითხი, 17 მაისი, 1979).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9