It. OrdinarioL. ordinarius აღნიშნავს ხელმძღვანელს უწყებისა, რომელიც გულისხმობს სადიოცეზო ეპისკოპოსის ძალაუფლებასთან ერთგვარად თანასწორ ძალაუფლებას. ისინი (CIC, კან. 134, ნაწ. 1 და 2) შემდეგ კატეგორიებად იყოფა:
ა) ადგილობრივი განმგებელი - თუკი მათი იურისდიქცია ტერიტორიულია, ანუ განსაზღვრულ ტერიტორიაზე მოსახლე მორწმუნეებთან დამოკიდებულებაში ხორციელდება; ესენია: რომის პონტიფექსი, სადიოცეზო ეპისკოპოსები, მათთან უფლებებით გათანაბრებული პირები (CIC, კან. 381, პარ. 2) და ის პირები, რომლებიც, აგრეთვე, დროებით მართავენ ცალკეულ ეკლესიას (CIC, კან. 413 და ა.შ.); გენერალური და საეპისკოპოსო ვიკარიუსები (CIC, კან. 476);
ბ) უბრალოდ განმგებელნი, თუ მათი იურისდიქცია არის პიროვნული, ანუ ხორციელდება ქვეშევრდომებთან დამოკიდებულებაში მათი ადგილმდებარეობის მიუხედავად; ამ კატეგორიას განეკუთვნებიან სასულიერო რელიგიური ინსტიტუციების მთავარი წინამძღვარნი, რომელთაც ეს განმგებლობა პაპის უფლებამოსილებით აქვთ მინიჭებული (შდრ. CIC, კან. 596, ნაწ. 1) და საეკლესიო, სამოციქულო ცხოვრების საზოგადოებათა მთავარი წინამძღოლნი, რომელთაც ეს განმგებლობა პაპის უფლებამოსილებით აქვთ მინიჭებული (შდრ. CIC, კან. 732), პიროვნული პრელატურის პრელატები (შდრ. CIC, კან. 295, ნაწ. 1) და სამხედრო-სასულიერო, ანუ საველე-სასულიერო განმგებელნი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4