Etym. ბერძ. euvanghélion „კეთილი ამბავი“, „სასიხარულო უწყება“ ძველი აღთქმის ბიბლიურ ენაზე სახარება უმთავრესად ნიშნავს გამარჯვების ცნობას და წინასწარმეტყველნი მას მესიანურ დაპრებებათა აღსრულების აღსანიშნავად იყენებენ. იესო ამ ტერმინს საკუთარ თავში ღმრთის სასუფევლის (მარკ. 1:14-15) წინასწარმეტყველებათა ახდენის აღსანიშნავდ მიმართავს. მოგვიანებით სახარება „ტექნიკურ ტერმინად“ იქცა მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს ნაწერთა აღსანიშნავად, რომლებიც ზედმიწევნით ზუსტად გადმოგვცემენ იესოს ცხოვრებასა და სწავლებას. ოთხი ავტორის ნაწერები I საუკუნის მეორე ნახევარში დაიწერა. მათ „შეარჩიეს ცალკეული ამბები ზეპირად თუ წერილობით გადმოცემული მრავალი ამბიდან, დანარჩენების შესახებ ცნობები მოკლედ მოგვაწოდეს ან განმარტეს ეკლესიებთან დაკავშირებულ ვითარებასთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში იმგვარად შეინარჩუნეს ქადაგების ხასიათი, რომ იესოს შესახებ მუდამ ჭეშმარიტ და გულწრფელ ამბებს გვამცნობენ“ (DV, 19). ეს ოთხი სახარება - საღმრთო წერილის კანონიკურ წიგნთა შორის ჩართული ეს ოთხი შთაგონებული ნაწერი, - ბიბლიის გულია და განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ეკლესიაში. ამის დასტურია თაყვანისცემა, რომლითაც ამკობს მათ ლიტურგია და ის მიმზიდველობა, რომელიც აქვს ამ ნაწერებს ყოველთვის თავიანთი სიწმიდის გამო (შდრ. CCC, 124-127).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4