A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

წა წე წი წმ წყ
წინ წირ

წინასწარმეტყველობა/წინასწარმეტყველება

It. Profetismo/Profezia
არ არის მხოლოდ ისრაელისათვის დამახასიათებელი ფენომენი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე თვალსაჩინოდ ის სწორედ ისრაელ ხალხში გამოვლინდა. წინასწარმეტყველება, რომლის ძირითადი არსი რელიგიური ხასიათის შთაგონებაა, ანტიკურ სამყაროშიც იყო ცნობილი. წინასწარმეტყველის ნათქვამი მუდამ ღმრთაებასთან კონტაქტს გულისხმობს, შეიცავს შთაგონების მეშვეობით მიღებულ უწყებას, ხილვას, ან ღმრთის აღქმას საკულტო ადგილას თუ სამლოცველოში. ეგვიპტეში, მესოპოტამიაში, ქანაანსა და, ზოგადად, ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში „წინასწარმეტყველთა ინსტიტუტი“ არსებობდა. იგივე შეიძლება ითქვას ბერძნებსა და რომაელებზე. ცნობილია ამგვარ ინსტიტუტთა სახელები (ბაალის წინასწარმეტყველნი ქანაანში; ბარუ, „ნათელმხილველი“ ბაბილონში; მუჰუ, „გულთმისანი მღვდელმსახური“ და აპილუნი, „მოპასუხენი“ მარიში). ცნობილია წინასწარმეტყველთა წმიდა ადგილებიც (მაგალითად, დოდონა და დელფოსი საბერძნეთში). ღმრთაებასთან მჭიდრო კავშირიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ წინასწარმეტყველება მუდამ უდევს საფუძვლად რამე რელიგიას ან დაკავშირებულია მის რიტუალებთან. თუმცა არაბიბლიური წინასწარმეტყველება უმეტესად ემყარებოდა პიროვნებათა თუ ჯგუფების უნარებს და გაბატონებული რელიგიური და პოლიტიკური იდეოლოგიის მხარდაჭერას. ამიტომაც მისი მთავარი ამოცანა მმართველი ძალისა და კულტის ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა იყო. ეს ვითარება ცხადყოფდა მის თვისობრივ სისუსტეს, დაკავშირებულს ცენტრალური აღმოსავლეთისა და, ზოგადად, ძველი სამყაროს სახელმწიფოებისათვის დამახასიათებელ პოლიტიკურ არასტაბილურობასთან. ისრაელში კი წინასწარმეტყველის მისია განსაკუთრებულ ხასიათს იძენს, ასახავს მთელი ხალხის ისტორიას, რომელსაც წინასწარმეტყველის სიტყვა მიემართება. ისრაელის ნებისმიერი წინასწარმეტყველი „ღმრთის მიერ მართული“ ხალხის ისტორიის ძირეული ელემენტებით საზრდოობს. დაპირება, აღთქმა, არჩევა, გათავისუფლება, მიწის ბოძება, წარმოშობის ბოძება, მესიის მოლოდინი - ისრაელის მიერ განცდილი, დღესაც ცოცხალი რეალობებია, თუმცა მათ, ამავე დროს, განაპირობებს ისტორიული დამოკიდებულება: ერთგულება. როდესაც ხალხი თავის ღმერთთან კავშირს ვეღარ შეიგრძნობს, თვით მის არსებობას ექმნება საფრთხე: ღმერთთან დამოკიდებულების შემადგენელი ყოველი ელემენტი ღმერთთან კომუნიკაციის უქონლობად და იმისაკენ მიმხრობად გარდაიქმნება, რასაც ბიბლიის ენაზე ანტიღმერთი ეწოდება. ასეთ დროს გამოდის ასპარეზზე ბიბლიური წინასწარმეტყველი მოხმობისა და დაგმობის მიზნით. აქ წინასწარმეტყველს არცერთი იდეოლოგია არ უმაგრებს ზურგს, მას არ აქვს მიმდინარეობებთან თუ პიროვნებებთან დამაკავშირებელი რამე უპირატესობა თუ პრივილეგია, მას სრული თავისუფლება ახასიათებს. უპირველეს ყოვლისა, წინასწარმეტყველი აცნობიერებს, რომ მოხმობილია, ისაუბროს ერთადერთი ღმრთის სახელით. ბიბლიური წინასწარმეტყველი უფრო კონკრეტულად ამგვარად შეგვიძლია დავახასიათოთ:
ა) წინასწარმეტყველური უნარი და ინიციატივა ღმრთის გამორჩეული ქმედებებია;
ბ) ისრაელი თავისი ღმრთის გამოცხადებას სიტყვის მეშვეობით იღებს, რომლის გავრცელებასაც წინასწარმეტყველები უზრუნველყოფენ;
გ) გამოცხადება და მისი გადმოცემა მუდამ ისტორიაში ხდება; არც ერთი წინასწარმეტყველი არ განცალკევდება თანამედროვეთა სამყაროსაგან და არ წყვეტს თავის ხალხთან თაობათა მანძილზე დამყარებულ კავშირს;
დ) ადამიანს არ შეუძლია უარი თქვას, როცა იგი წინასწარმეტყველადაა მოხმობილი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9