Etym. ლათ. seminarium „სანერგე“ (სიტყვიდან semen „თესლი“) მღვდელმსახურებისათვის სულიერი და კულტურული მომზადების ადგილი. სემინარიები დაამკვიდრა ტრიდენტის კრებამ სასულიერო რეფორმის ხელშეწყობისა და საღმრთო ორდენებში უვიცი და მანკიერი პირების მოხვედრის აღკვეთის მიზნით. სემინარიებს მართავს სემინარიათა და ინსტიტუტთა კონგრეგაცია, რომელსაც ამჟამად კათოლიკური აღზრდის კონგრეგაცია ეწოდება. ის აგრეთვე აფუძნებს დიოცეზთაშორის სემინარიებს და იწონებს მათ წესდებებს. მცირე სემინარიათა უპირველესი მიზანია იმ მოზარდთა დახმარებაა, რომლებიც მოწოდების ნიშნებს ამჟღავნებენ, მისი უკეთ შეცნობისა და მის შესატყვისად ცხოვრების თვალსაზრისით, საგანგებო რელიგიური აღზრდის მეშვეობით, რასაც თან ერთვის შესაბამისი ადამიანური და სამეცნიერო მომზადება (საშუალო სკოლები). სადიოცეზო, დიოცეზთაშორის თუ ეროვნულ დიდ სემინარიებში კი სწავლების მიზანია მღვდელმსახურთა მომზადება, რომლებიც სახარებისეული სულისკვეთებით იცხოვრებენ (CIC, კან. 244), ექნებათ მისი გამოცხადების, ღმრთის ხალხის წმიდაყოფისა და გაძღოლის უნარი. ამ მიზნით სემინარიის მოწაფეები სულიერ, ლიტურგიულ განათლებას იღებენ, ძმურ და სახარებისეულ სათნოებებზე დამკვიდრებულ, მისიონერული, მოძღვრებისეული (ფილოსოფია და თეოლოგია), სამწყსო ღირებულებებით განმტკიცებულ ცხოვრების წესს ეჩვევიან (CIC, კან. 232-264).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4