A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სიბ სიმ სინ სიო სიტ სიქ სიღ სიყ სიწ სიხ

სინაგოგა

Etym. ბერძ. synagoghé „შეკრება“
It. Sinagoga
აღნიშნავს ებრაული კულტისა და თავშეყრის ადგილს განდევნის შემდგომ პალესტინასა და დიასპორაში. შესატყვისი ებრაული ტერმინია „ბეთ ჰაკენესეთ“ („თავშეყრის სახლი“), ევროპაში კი მას ხშირად უწოდებენ „შულს“, რაც იდიშზე სკოლას ნიშნავს. სინაგოგა შედგება სვეტებით ნავებად დაყოფილი (ბერძნულ-რომაული ეპოქის სინაგოგები ან ზოგიერთი ახლანდელი) ან მთლიანი დარბაზისაგან, რომელიც იერუსალემისაკენ არის მიმართული და ორ ძირეულ ელემენტს შეიცავს: მდიდრულად მორთულ კარადას, მასში დაცული თორას გრაგნილებით და კათედრას ან ამაღლებას საღმრთო წერილის საკითხავად და ლოცვათა წარმოსათქმელად (ან თევაჰი, ან ბიმაჰი, ან დუხანი, ან ალმემორი). ქალებისათვის განკუთვნილია ცხაურით გამოყოფილი სივრცე, რეფორმის შემდგომ სინაგოგებში კი ქალები და მამაკაცები ერთად სხედან. სინაგოგის კულტი განსხვავდება იერუსალემის ტაძრის კულტისაგან (რომლის დროს არსებობდა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში), რადგანაც ის არა მსხვერპლშეწირვის, არამედ საკითხავი, სალოცავი და ქადაგებისათვის განკუთვნილი ადგილია. მასში მსახურებას აღასრულებს არა მღვდელმსახური, არამედ „შეკრებილთა წარმომადგენელი რწმუნებული“, არა აუცილებლად რაბინი (დიდ საკრებულოებში დღეს ეს მისია პროფესიონალს - ჩაზანს, ანუ მგალობელს, აკისრია). საჯარო საკულტო მსახურება, რომელიც სულ ცოტა, 10 ზრდასრული მამაკაცის თანდასწრებას მოითხოვს, დღეში სამჯერ (დილით, შუადღეს, საღამოს) სრულდება, დღესასწაულებზე - ოთხჯერ, ხოლო კიპურის დროს - ხუთჯერ. მისი ძირითადი ნაწილია თვრამეტი კურთხევის წარმოთქმა (შემონენ-ესრეჰი), გარდა ამისა, წარმოითქმის მრავალი ფსალმუნი, პოეტური ნაწარმოები, საქებარი, შუამდგომლობისა და ვედრების ლოცვა. შაბათს და დღესასწაულებზე საზეიმოდ კითხულობენ ნაწყვეტებს თორადან და წინასწარმეტყველთა წიგნებიდან. სხვადასხვა დროს და მრავალ ადგილას (ნაკლებად - დღევანდელ დასავლეთ ევროპაში) სინაგოგა, ამასათანავე, სასწავლო დაწესებულებაცაა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9