ღმრთისმოსავი სკოლების ღმრთის დედის რეგულარულ ღატაკ სამღვდელოთა ორდენის (Chierici regolari poveri della Madre di Dio delle Scuole Pie) წევრები. 1617 წელს პაპმა პავლე V-მ ორდენს მარტივ აღთქმათა მქონე კონგრეგაციის სტატუსი მიანიჭა, ხოლო 1621 წელს პაპმა გრიგოლ XV-მ - საზეიმო აღთქმათა მქონე სამოწესეო ორდენის სტატუსი. ორდენის წევრები, სამი ჩვეულებრივი აღთქმის გარდა, მეოთხე – ახალგაზრდათა აღზრდის – აღთქმასაც დებენ. მის დამფუძნებლად მიიჩნევა ესპანელი მღვდელი ჯუზეპე დი კალასანსა (1556-1648, კანონიზებულია 1767), რომელმაც რომის ერთ-ერთ სამრევლოში ევროპაში პირველი უფასო დაწყებითი სასწავლებელი დააარსა. ორდენი სწრაფად გავრცელდა ევროპის მრავალ ქვეყანაში, თუმცა საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ მან თითქმის მთლიანად შეწყვიტა არსებობა. აღმზრდელობითი საქმიანობის განახლება ორდენმა მხოლოდ XX საუკუნეში შეძლო. დღეს ის დაახლოებით 2 000 წევრს ითვლის, რომლებიც, ძირითადად, დაწყებით სკოლებში მოღვაწეობენ ან განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს (მაგალითად, ყრუ-მუნჯებს) უწევენ შემწეობას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4