Etym. ბერძ. stígma „ნიშანი“, „ნაიარევი“, „იარა“ ძველად ბერძნები და რომაელები ასე უწოდებდნენ მფლობელის ან უფროსის მითითების მიზნით მონების, საქონლისა და ზოგჯერ ჯარისკაცთა სხეულზე ცხელი მეტალით ამოშანთულ ნიშნებს. ახალ აღთქმაში პავლემ პირველმა გამოიყენა ეს ცნება (გალ. 6:17) იესოს სახელით გადატანილი ტანჯვის აღსანიშნავად. ხელის მტევნებზე, ფეხებსა და ტანზე სტიგმათა გამოსახვის ფენომენი გვიანდელი წარმოშობისაა და ქრისტეს ვნებისადმი თაყვანისცემის გავრცელებას უკავშირდება. სტიგმატიზაციის პირველი და ყველაზე ცნობილი შემთხვევაა ლა ვერნას მთაზე ფრანცისკე ასიზელის სხეულზე 1224 წელს, სიკვდილამდე ორი წლით ადრე გამოსახული სტიგმები. არცთუ შორეული წარსულიდან აღსანიშნავია პიეტრელჩინელი წმიდა პიუსის (მამა პიო; †1968) სხეულზე გამოსახული სტიგმები.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4