A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სუბ სუდ სუკ სულ სუნ სურ სუფ

სული/სული წმიდა

Etym. spiritus (ლათ.), pneûma (ბერძ.), rûah (ებრ.)
It. Spirito/Spirito Santo
უპირველეს ყოვლისა, განიმარტება, როგორც „ქარი“, „სუნთქვა“, „ქარიშხალი“, „ქროლვა“. ჩვეულებრივ სული აღნიშნავს არამატერიალურ რეალობას, ტრანსცენდენტულს დროისა და სივრცის მიმართ, რომელიც ინტელექტუალურ უნართა ან გონიერებისა და ზნეობის მატარებელია, აქვს შემოქმედებითი და შეგრძნებითი აღქმა და ძალუძს როგორც ადამიანის, ისე ღმრთაებრივის არსებითი თვისების აღნიშვნა. ძველ აღთქმასა და ებრაულ თეოლოგიაში ღმრთის სული თვით ღმრთის ისტორიაში მისი მოქმედების გამოვლინების საშუალებაა. ღმრთის სული აღნიშნავს მარადიული ღმრთის მოქმედებას დროით საზღვრებში, რჩეულ ხალხში, ვისი მომავალიც თვით ღმერთშია. ახალ აღთქმაში მას ცენტრალური ადგილი უჭირავს, რადგან სული წმიდა განასახიერებს ესქატოლოგიურ ნიჭს, ბოძებულს ღმრთის მიერ თავისი ხალხისადმი აღთქმული მესიის, იესო ქრისტეს, მეშვეობით, რათა უფლის რწმენით ხალხი გათავისუფლდეს ცოდვის, დანაშაულისა და სიკვდილის მონობიდან (პავლე) და გადარჩეს. სული წმიდის ქმედებაზე ყოველი განსჯა მისი თანსწრების გამოცდილებას უკავშირდება და გასაგებია მხოლოდ პნევმატოლოგიის ქრისტოლოგიასთან ურღვევი კავშირის გათვალისწინებით. მართლაც, სულიწმიდის მეშვეობით ჩასახული (ლუკ. 1:35) და სული წმიდით მონათლული (მარკ. 1:10) უფალი, მკვდრეთით აღდგომისა და ცად ამაღლების შემდეგ, მამა ღმერთთან ბრუნდება (საქ. 2:4) და სული წმიდას აგზავნის. ამგვარად, ღმრთის სული მხოლოდ მის ძეში კი აღარ მოქმედებს, არამედ ყველა მორწმუნეში, რადგანაც ის მთელს ღმრთის ხალხს გადაეცა. სული წმიდა მამა ღმერთთან და ძესთან ნამდვილ თანაზიარებას ანიჭებს ადამიანებს, რომლის გარეშეც ღმრთის ნებისმიერი სხვა ცნობა და განცდა ცარიელი და არასრულია, ადამიანი კი ვერ ახორციელებს თავის ადამიანურობას. პარუსიას დრომდე სული წმიდა იესო ქრისტეს ეკლესიაში თანამსწრედ რჩება, ერთიანობას ანიჭებს მას და შესაძლებელს ხდის მის საყოველთაო მისიას, რომლის მიზანიც ადამიანების ღმერთთან ერთიანობაა. საღმრთო წერილის საფუძველზე წმიდა მამები მალე ჩასწვდნენ, რომ სული წმიდა, მისი თვისებებიდან გამომდინარე, მამა ღმრთისა და ძის დარად მესამე ღმრთაებრივ პირად უნდა ყოფილიყო განხილული. ეს იქცა გადამწყვეტ მომენტად სამების შესახებ მოძღვრების ჩამოსაყალიბებლად, რომლის ფორმულირებაც კონსტანტინოპოლის კრებაზე დამტკიცდა (381). ამდენად, სული წმიდა ვერ მიანიჭებდა ადამიანს ხსნას, სრულყოფილებასა და ღმერთთან თანაზიარებას და ვერ შეძლებდა ამგვარად მის გაღმრთაებრივებას, თავადაც რომ არ იყოს ღმერთი. ამგვარად, ღმერთი ერთი და სამერთიანია, ესაა ერთადერთი ღმერთი სამ პიროვნებად. სული წმიდის სამებისეული სვლის წარმოსაჩენად მიმართავენ სიტყვა „სულის“ (პნეუმა; სპირიტუს) პირდაპირ მნიშვნელობას და განმარტავენ მას, როგორც შინაგან მომდინარეობას (შდრ. CCC, 232- 267; 683-747).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9