A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
სუბ სუდ სუკ სულ სუნ სურ სუფ

სულიერი წვრთნანი

It. Esercizi spirituali
ზოგადად აღნიშნავს სულიერ სავარჯიშოთა, წვრთნათა ერთობლიობას, რომლებიც პიროვნულ განწმედას ემსახურება. ვიწრო მნიშვნელობით აღნიშნავს რამდენიმე დღით საგანგებო სახლებში ან რელიგიურ ინსტიტუტებში განცალკევებას და საკუთარი ყოველდღიური საქმიანობის მიტოვებას მედიტაციის, ლოცვისა და სულიერ საკითხებში ჩაღრმავების მიზნით. ჯერ კიდევ ძველად, უდაბნოში განმარტოებული ქრისტეს მაგალითით, ქრისტიანთა ჯგუფები დიდმარხვის დროს უკაცრიელ ადგილებში განმარტოვდებოდნენ. წმიდა ექვთიმე (V საუკუნე) ამ წესთა მგზნებარე მომხრე და გამავრცელებელი იყო. შუა საუკუნეებში მრავალ მონასტერში არსებობდა საგანგებოდ გამოყოფილი ოთახები და „სავანეებიც“ კი სულიერ სავარჯიშოთა შესასრულებლად. სამონასტრო ცხოვრების შემდგომი დაცემა უარყოფითად აისახა, აგრეთვე, სულიერი პრაქტიკის ამ განხრაზეც. XVI საუკუნეში წმიდა ეგნატე ლოიოლამ ახალი ბიძგი მისცა სულიერ წვრთნათა პრაქტიკის განახლებას, რაც მის მიერ დაარსებული იეზუიტთა ორდენის საფუძველს წარმოადგენს. თავის წიგნში „სულიერი წვრთნანი“ (Exercitia spiritualia) ლოიოლამ მოახდინა ამ ასკეტური წესის სისტემატიზაცია, მას მეთოდური და ეტაპობრივი ფორმა მისცა და, უმთავრესად, სულიერი ხელმძღვანელის მეთვალყურეობას დაუქვემდებარა. სულიერი წვრთნები შეიძლება გაგრძელდეს სამ დღეს, ერთ კვირას და, შესაძლებელია, მთელ თვესაც. კანონიკური სამართლის კოდექსი ყოველწლიურ სულიერ სავარჯიშოებს ითვალისწინებს სემინარიელთათვის (კან. 264), სამღვდელოთა (კან. 276) და მოწესეთათვის (კან. 663) და სხვ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9