A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ტა ტე ტი ტო ტრ ტუ
ტევ ტეზ ტელ ტეტ

ტეზე: ეკუმენური საკრებულო

It. Taizé: comunità ecumenica
ბურგუნდიაში, კლუნის მახლობლად მდებარე დასახლება ტეზეში არსებობს ევანგელიკური სამონასტრო საკრებულო, ეკუმენურ შეხვედრათა სასულიერო ცენტრი. 1939 წელს როჟე შიუცმა (1915-2005), იმხანად ლოზანის უნივერსიტეტის რეფორმირებული (კალვინური) თეოლოგიის სტუდენტმა, რამდენიმე ევანგელისტი მეგობარი გააერთიანა ერთობლივი შრომისა და ლოცვის მიზნით. 1944 წელს ის ტეზეში დასახლდა. 1949 წლის აღდგომას პირველმა შვიდმა მოწესემ დადო სიღატაკის, უბიწოებისა და მორჩილების აღთქმა, რითაც დასაბამი დაუდო საკრებულოს Communauté de Taizé-lès-Cluny, რომელმაც ეს ოფიციალური სახელი 1952 წლამდე შეინარჩუნა. საკრებულო, რომლის წინამძღვარი იყო ძმა როჟე, ყველა ქრისტიანის ხილული ერთიანობისათვის ლოცულობს და შრომობს. პაპის იოანე XXIII-ის მოწვევით, რ. შიუცმა და მ. თურიანმა დამკვირვებელთა სტატუსით მონაწილეობა მიიღეს ვატიკანის II კრებაში. 1967 წლიდან ტეზეს საკრებულო უშუალოდ თანამშრომლობს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსთან. ტეზეს საკრებულოს კარგი ურთიერთობა აქვს აღმოსავლურ მართლმადიდებელ ეკლესიებთან, რომლებმაც 1965 წელს ტეზეს შერიგების ეკლესიის მახლობლად გახსნეს საერთო მართლმადიდებლური ცენტრი. ასევე, დადებითი ურთიერთობა ჩამოყალიბდა კათოლიკე ეკლესიასთან. 1969 წელს საკრებულოს წევრი გახდა პირველი კათოლიკე მოწესე, 1973 წლიდან კი საკრებულოს შეუერთდა კათოლიკე მღვდელი ძმა კლაუსი. დიდი მიმზიდველობა ახასიათებს საკრებულოს მიერ მოწყობილ ახალგაზრდულ ეკუმენურ შეხვედრებს (რომელთა წინამორბედი იყო ეგრეთ წოდებული „აღმშენებელთა საკრებულოები“) და „ახალგაზრდულ შეკრებებს“. 1974 წელს ჩატარებულ პირველ ახალგაზრდულ შეხვედრას მრავალი ქვეყნისა და ეკლესიის წარმომადგენელი 40.000 ახალგაზრდა დაესწრო. ტეზეს ეკუმენური საქმიანობა დღემდე გრძელდება. ყოველწლიურად აქ ათასობით ახალგაზრდა იყრის თავს და ლოცულობს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9