It. Commissione biblica (Commissio Pontificia de Re Biblica) 1902 წელს პაპმა ლეონ XIII-მ, უმთავრესად პროტესტანტულ ბიბლიურ საზოგადოებათა და ბიბლიურ კვლევათა საპასუხოდ, დააწესა ბიბლიური კომისია, როგორც საეკლესიო ორგანო, რომლის მიზანია ბიბლიის შესწავლის ხელშეწყობა, ბიბლიის ჭეშმარიტებათა დაცვა და მათთან დაკავშირებულ ყველაზე რთულ პრობლემათა გადაწყვეტა. ეს კომისია ხუთი კარდინალისა და სხვადასხვა ქვეყნის ოცდაათამდე ექსპერტისაგან შედგება. წლების მანძილზე მან გამოაქვეყნა მრავალრიცხოვანი დეკრეტები, რომლებიც, პიუს X-ის განმარტების თანახმად, ისეთივე ძალისა და მნიშვნელობის მქონეა, რაც პაპის მიერ დამტკიცებულ კონგრეგაციათა მიერ გამოცემული დოკუმენტები. პიუს XI-ის 1924 წლის motu proprio-ს თანახმად, სემინარიებში საღმრთო წერილის მასწავლებლებმა ბიბლიური კომისიის წინაშე უნდა ჩააბარონ სალიცენზიო გამოცდა. ბოლო ხანებში ეს გამოცდა ბიბლიის ინსტიტუტში ბარდება, რომელიც 1909 წელს პიუს X-მ დააფუძნა. ბიბლიის ინსტიტუტი ანიჭებს, აგრეთვე, აკადემიურ წოდებებსაც. 1928 წელს პაპმა პიუს XI-მ ინსტიტუტი შეუერთა გრიგოლის პაპის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთის ინსტიტუტს, რითაც პაპის უნივერსიტეტი ჩამოაყალიბა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4