It. UnitarianiE. unitarians ტერმინი მიემართება ჯგუფებს ან მიმდინარეობებს, რომლებიც ამტკიცებენ ღმრთის, როგორც პიროვნებისა და არსის, ერთიანობას. სამების მოწინააღმდეგე ეს ჯგუფები უარყოფენ სამი ღმრთაებრივი პიროვნების არსებობას და, მაშასადამე, ზოგადად, იესოს ღმრთაებრიობასაც. ამ მოძღვრების მიმდევრები ქრისტიანობის დასაბამიდან არსებობენ, თუმცა განსაკუთრებით მრავალრიცხოვანნი იყვნენ ჰუმანიზმისა და რეფორმის ხანებში. უნიტარელთა ცალკეული სექტები უმთავრესად პროტესტანტული აღმსარებლობის წიაღში ჩამოყალიბდა. 1900 წელს დაარსებული „უნიტარელ და სხვა თავისუფალ რელიგიურ მოაზროვნეთა საერთაშორისო კონგრესი“ დღეს „თავისუფალი ქრისტიანობის მსოფლიო ლიგის“ სახელს ატარებს. უნიტარელები ეთიკურ და ჰუმანისტურ ქრისტიანობას ქადაგებენ და ხშირად მიმართავენ ქრისტიანულ გამოხატულებებს (ნათლობა, წმიდა სერობა, ზიარება). სამი ღმრთაებრივი პიროვნების მოძღვრების უარყოფა ბიბლიის გამორჩეულად რაციონალისტურ ინტერპრეტაციას ეფუძნება. რუმინეთის უნიტარული ეკლესია ერთადერთია, რომელსაც ჰყავს ეპისკოპოსი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4