A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ფა ფე ფი ფო ფრ ფს ფუ ფხ
ფსა

ფსალმუნები

Etym. გვიანლათ. psalmus, რომელიც მომდინარეობს ბერძნულიდან psalmós (ზმნიდან psállein „ციტრის ხმაზე გალობა“)
It. Salmi
ძველი აღთქმის ფსალმუნთა წიგნი 150 პოეტური ნაწარმოებისაგან შედგება, რომელთაგან 73-ის ავტორობა მეფე დავითს მიეწერება. ხუთწიგნეულის მაგალითით ის პირობითად ხუთ წიგნად არის დაყოფილი: 1-41; 42-72; 73-89; 90-106; 107-150. არაერთ ფსალმუნს დასაწყისში მოცემული აქვს სათაური, რომელიც მიუთითებს:
ა) ნაწარმოების ჟანრს;
ბ) მუსიკალურ ტონალობას ან ინსტრუმენტს, რომელზეც უნდა შესრულდეს აკომპანიმენტი;
გ) ნაწარმოების ლიტურგიულ დანიშნულებას;
დ) ავტორს;
ე) ნაწარმოების შექმნის ისტორიულ გარემოებებს.
ფსალმუნები, რომელთა უდიდესი ნაწილი ქრისტემდე X-III საუკუნეებში შეიქმნა, ჟანრობრივი მრავალფეროვნებით ხასიათდება: ისრაელის ისტორიასა თუ ბუნებაში გამომჟღავნებული ღმრთის სიდიადის სადიდებელი ფსალმუნები (8; 9; 23; 77; 98; 100; 104; 105; 106); სამადლობელი (მაგ., 66; 116; 136), მონანიებისა და გოდების საგალობლები (მაგ., 6; 7; 13; 22; 31; 38; 51; 63; 86; 130); კრულვის ფსალმუნები (35, 1-8; 58; 60,23-29; 109,6, შმდ). ფსალმუნთა განსაკუთრებულ ჯგუფებს განეკუთვნება ჰალელის (113-118; 136; 146-150), მომლოცველობის (120- 134) და აღსაყდრების თემისადმი (47; 93; 96; 97; 98; 99) მიძღვნილი ფსალმუნები. ახალ აღთქმაში სხვადასხვა ფსალმუნები მესიანურად განიმარტა (მაგ., 2; 22; 69; 72; 110) ან იაჰვეს, როგორც სამყაროს მეუფის ესქატოლოგიური განდიდების კუთხით იქნა განხილული (ასეთებია, მაგალითად, აღსაყდრებისადმი მიძღვნილი ფსალმუნები). ფსალმუნთა წიგნი რთული ნაწარმოებია. ამასთან, მას ახასიათებს პოეტური სულისკვეთებისა და სტილისტური ერთიანობა, რამაც განაპირობა ის, რომ რელიგიურ საგალობელთა ეს კრებული იერუსალემის მეორე ტაძარში ლიტურგიულ სალოცავ ტექსტად გამოიყენებოდა. ფსალმუნთა წიგნი ისტორიის შვიდი საუკუნის მანძილზე გამოწრთობილი ისრაელის რელიგიური სულის სარკეა. ფსალმუნებში გადმოცემულია ღმრთის, მის ატრიბუტთა, ისრაელის ისტორიისა და სამყაროს წარმმართველი განგების შესახებ ვრცელი მოძღვრება. ყუმრანში ფართოდ გამოყენებული ფსალმუნთა კრებული იესოს და ადრინდელი ეკლესიის ლოცვის წიგნიც იყო. ეკლესია დღესაც მიმართავს მას, უმთავრესად, ჟამთა ლიტურგიაში.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9