A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

წა წე წი წმ წყ
წინ წირ

წინადაცვეთა

It. Circoncisione
L. circumcisio
ასოს ჩუჩის მთლიანი ან ნაწილობრივი მოკვეთა. გავრცელებულია სხვადასხვა ხალხში, თუმცა არაბები და ებრაელები მას სრულიად განსაკუთრებულ რელიგიურ მნიშვნელობას ანიჭებენ. მისი გავრცელება ძირითადად ისლამური რელიგიის დამსახურებაა, რომლის განმასხვავებელ ნიშანსაც წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ყურანში წინადაცვეთა ნახსენები არაა, ადათის (გადმოცემის) დოკუმენტებში ის ხშირად მოიხსენიება. ებრაელთა შორის წინადაცვეთა წარმოადგენს უფალთან კავშირის რიტუალს, ებრაული ხალხისადმი კუთვნილების ნიშანს. სრულდება დაბადებიდან რვა დღის შემდეგ (შდრ. დაბ. 17:9-13). თავდაპირველად ახალშობილის წინადაცვეთას მისი მამა ან დედა ასრულებდნენ, შემდეგ ეს მოვალეობა „წინადამცვეთს“ (mohel) დაეკისრა, ვინც უანგაროდ ასრულებდა ამ მოვალეობას. წესი სრულდება ორმაგი კურთხევის თანხლებით, რომელთაგან პირველს „მოჰელი“ წარმოთქვამს, მეორეს კი ახალშობილის მამა. ამ რიტუალში მონაწილეობს აგრეთვე „სანდიყოსი“, ერთგვარი ნათლია, რომელსაც მუხლებზე უჭირავს ბავშვი. წინასწარმეტყველნი ხაზგასმით აღნიშნავდნენ იმის მნიშვნელობას, რომ ფიზიკური წინადაცვეთა გულის წინადაცვეთის თანხლებით აღსრულებულიყო, რაც ადამიანის შინაგანად ღმრთისადმი მიძღვნას გულისხმობს. იესოც, როგორც ებრაელი, წინადაცვეთილ იქნა. ქრისტიანთათვის წინადაცვეთის ვალდებულება იესო ქრისტეს რწმენის დამკვიდრებასთან ერთად გაუქმდა. იესო ქრისტეს ჯვარზე სიკვდილის შემდეგ წმიდა პავლემ მრავალჯერ აღნიშნა ამ წესის უსარგებლობა (შდრ. გალ. 5:6; ფილ. 3:3; კოლ. 2:11). იერუსალემის კრებაზე მოციქულებმა გაიზიარეს წმიდა პავლეს პოზიცია იუდეველ ქრისტიანთა საპირისპიროდ, რომელთაც სურდათ, წინადაცვეთა წარმართობიდან მოქცეულთათვის დაეწესებინათ (შდრ. საქმ. 15).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9