A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იჯ
იეზ იერ იეს იეჰ

იეჰოვას მოწმეები

It. Testimoni di Geova
სექტა XIX საუკუნეში, ადვენტისტთა დაქსაქსვის შედეგად აღმოცენდა, რომლებიც 1844 წლისათვის ელოდნენ ქრისტეს მეორედ მოსვლას. მრავალი მოლოდინისა და იმედგაცრუების შემდეგ ამერიკელმა კ. ტ. რასელმა (1852-1916) თავად იკისრა ჯგუფის ხელმძღვანელობა და ის „ბიბლიის შემსწავლელთა“ ჯგუფად აქცია. მისი მემკვიდრე გახდა ფრანკლინ რატერფორდი, რომელმაც პირველი ეროვნული ყრილობა მოიწვია და სამყაროს აღსასრულის ახალი თარიღი დაასახელა: განაცხადა, რომ დიდი დასკვნითი ბრძოლა - არმაგედონი - 1925 წელს გაიმართებოდა და ეს გამოცხადების 16:16 მუხლის თანახმად სამყაროს აღსასრული იქნებოდა. სინამდვილეში მსგავსი არაფერი მომხდარა. რატერფოდის სიკვდილის შემდეგ 1942 წელს მის მემკვიდრედ აირჩიეს ნათან ნორი (†1977), რომელმაც ახალი ბიძგი მისცა მოძრაობას, უმთავრესად წიგნებისა და ჟურნალების ფართო გავრცელების მეშვეობით. ჟურნალებიდან აღსანიშნავია „გაიღვიძეთ!“ და „საგუშაგო კოშკი“. დღეს მოძრაობას აქვს 35 სტამბა, რომელთაგან უდიდესი ბრუკლინში მდებარეობს და მსოფლიოს 80 სხვადასხვა ენაზე ბეჭდავს ტექსტებს. გამოდის ორი ყოველკვირეული ჟურნალი, რომელთა ტირაჟი 500 მილიონს სცილდება. ნორის ხელმძღვანელობით ითარგმნა ბიბლია და ეს თარგმანი, სახელწოდებით „საღმრთო წერილის ახალი სამყაროს თარგმანი“ მიმდევართა შორის საღმრთო წერილის ერთადერთ კანონიერ ვერსიად მიიჩნევა. 1985 წელს მსოფლიოს 205 ქვეყანაში დაახლოებით სამი მილიონი იეჰოვას მოწმე არსებობდა. მათი რაოდენობის მიხედვით, ევროპაში პირველობა იტალიას ეკუთვნის, სადაც 1985 წელს სექტის 123.500 მიმდევარი ცხოვრობდა, 1990 წელს კი - 250.000. დასავლეთის ქვეყნებში სექტის მიმდევართა ცხოვრება არ არის მარტივი. ამის მიზეზია როგორც მათი გადაჭარბებული, ფანატიკური მონდომება პროზელიტთა მოძიებისას, ისე სამხედრო სამსახურსა და სისხლის გადასხმაზე უარის თქმა, რაც ხშირად მათ პრობლემებს უქმნის მართლმსაჯულებასთან. მოძღვრება, რომელსაც იეჰოვას მოწმეები მისდევენ, გამორიცხავს კამათს და, მათი კონცეპციის თანახმად, პირდაპირ ბიბლიიდან არის აღებული. სექტაში უმთავრესად სამებას უარყოფენ, რადგანაც, მათი აზრით, ის ბიბლიიდან არ მომდინარეობს: სული წმიდა არა პიროვნება, არამედ მხოლოდ ძალაა, რომლის მეშვეობითაც იეჰოვა (ადონაი) მოქმედებს. ღმერთი ერთადერთია, იესო ყველაზე სრულყოფილი ფიგურაა, თუმცა - არა ღმერთი. სექტის მიმდევარნი სასტიკად უპირისპირდებიან, ზოგადად, ყველა ეკლესიას, განსაკუთრებით კი - კათოლიკე ეკლესიას. როცა დადგება „ჟამთა აღსასრული“, რომელიც მუდამ გარდაუვალად განიხილება, მაშინ იე|ჰოვა არაფრიდან ხელახლა შექმნის წმიდა კაცობრიობას და რჩეულნი, - ის 144.000, რომელთა შესახებაც გამოცხადებაშია საუბარი, - ბედნიერ ცხოვრებას იხილავენ. გარდა ამისა, იქნება უამრავი ხსნილი, ვინც 1000 წელს იცოცხლებს მშვიდობით. სხვები კი, ბოროტნი, სიკვდილის შემდეგ განადგურდებიან და აღარ აღდგებიან. სექტისათვის დამახასიათებელია ძალიან სუსტი კულტი, კარგად ჩამოყალიბებული სტრუქტურა და მკაცრი ზნეობა: იეჰოვას მიმდევარი ვალდებულია, გაავრცელოს მოძღვრება სიტყვითა და ნაბეჭდი პროდუქციის გავრცელებით, რაც კარდაკარ სიარულისა და „დოქტრინიზაციის“ სახეს ატარებს. ეს მეთოდური პროცესი ზედმიწევნითაა მომზადებული და უშრეტი მონდომებით ხორციელდება. იეჰოვას მოწმეებს მრავალი აკრძალვა აქვთ: ისინი არ მისდევენ სპორტს, არ ნადირობენ და არ თევზაობენ, ერიდებიან საერო მუსიკასა და გართობას, არ ეწევიან თამბაქოს. მათი თავისუფალი დრო მთლიანად უნდა მოხმარდეს შესაბამისი სახელმძღვანელოებისა და ბიბლიის კითხვას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9