A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰიბ ჰიმ ჰინ ჰიპ ჰიჯ

ჰინდუიზმი

Etym. სპარს. hindu (მდინარე ინდის სახელი)
It. Induismo
აღნიშნავს მსოფლიოში უძველეს, ერთმანეთთან მონათესავე რელიგიათა ჯგუფს (ქრისტემდე II ათასწლეულის შუახანი), რომლებიც უმთავრესად სამხრეთ აზიაში (ინდოეთი, პაკისტანი, ბანგლადეში, ნეპალი) იყო გავრცელებული. ჰინდუიზმის ათასწლოვან ისტორიაში სამი ძირითადი ეტაპი აღინიშნება: ვედიზმი, ბრაჰმანიზმი და თვით ჰინდუიზმი (ანუ ხალხური ჰინდუიზმი). ამ უკანასკნელი რელიგიის მიმდევარია ინდოელთა უმრავლესობა. ჰინდუიზმის სახასიათო ნიშანია ტრიმურტის რწმენა: ბრაჰმა (შემოქმედი), ვიშნუ (შემნარჩუნებელი) და შივა (განმანადგურებელი), თითოეული შესატყვისი ქალღმერთის თანხლებით. გარდა ამისა, ჰინდუიზმი მოიცავს ადამიანის სიცოცხლის რეინკარნაციის რწმენას, თუკი ის „გათავისუფლებას“ ვერ მიაღწევს; წმიდა წიგნთა რწმენას (მათ შორისაა ვედა და უპანიშადები, ანუ განდობილთა ტექსტები, რომლებიც მოიცავენ ინდოელ გურუთა სწავლებას) და კასტებად დაყოფის რწმენას. ჰინდუიზმის თანახმად, არსებობს სიცოცხლის ოთხი სტადია: მოწაფეობა (გურუს ხელმძღვანელობით წმიდა ტექსტთა შესწავლა); ოჯახი და პროფესია; მანამდე მიტოვებულ საქმეებთან მიბრუნება; განდეგილობა – ოჯახისა და კასტის მიტოვება; და ოთხი ძირეული ღირებულება: კამა (სურვილი, ვნება), ართა (კეთილდღეობა, წარმატება), დრაჰმა (ვალდებულება), მოქშა (გათავისუფლება, ყოველივე მატერიალურისაგან განრიდება). წმიდა ტექსტები იყოფა გამოცხადებებად (შრუტი) და ტრადიციებად (სმრიტი). პირველ ჯგუფს მიეკუთვნება ვედა (ჰინდუიზმის უწინარესი წმიდა ტექსტები) და ვედას კომენტარის ტექსტები, როგორებიცაა ბრაჰმანები, არანიაკები, უპანიშადები, ანუ ვედანტა. მეორე ჯგუფი შეიცავს აფორიზმებს (სუტრა), ძველ ლეგენდებს (პურანები; მათ შორის სახელგანთქმულია „ბჰაგავატა-პურანა“) და ეპიკურ პოემებს. ჰინდუიზმის მთავარი წესია პუჯა, რომელიც სახლში ან ტაძარში სრულდება და მდგომარეობს წმიდა ხატის თაყვანისცემაში ლოცვითა და შეწირულობათა თანხლებით. არსებობს საგანგებო წესები დაბადების, ქორწინებისა და დაკრძალვის აღსანიშნავად. ფართოდაა გავრცელებული რიტუალური განბანა. დღესასწაულთა შორის მნიშვნელოვანია ჰოლი, დივალი და დაშარა. ყოველი მორწმუნე ჰინდუისტი ცდილობს საკუთარი მეობის გაცნობიერებას ბრაჰმანის მეშვეობით, ქმედებათა და მატერიალურ სიკეთეთა სურვილისაგან განდგომით. გარდა ამისა, მორწმუნე ვალდებულებას იღებს, პატივი სცეს მშობლებსა და უფროსებს, თავი შეიკავოს გრძნობათაგან, მოთმინებითა და გულმოწყალებით მოეპყრას ყველა ადამიანს, ეცადოს, აკეთოს სიკეთე და მშვიდად ელოდოს სიკვდილსა და ჯილდოს ჩადენილი კეთილი ქმედებებისათვის.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9