A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ბა ბე ბზ ბი ბო ბრ ბუ
ბუდ ბულ ბუნ

ბუდჰიზმი

It. Buddhismo
აზიაში ამჟამად ყველაზე გავრცელებული რელიგია, რომლის სახელწოდება მომდინარეობს მისი დამაარსებლის უმაღლესი ტიტულიდან: ბუდჰა („გაღვიძებული“). სიდჰარტა გაუტამა ბუდჰა ცხოვრობდა ქრისტემდე 560-480 წწ., დაახლოებით ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში. რელიგია, რომელსაც მან საფუძველი ჩაუყარა, სხვადასხვა ფორმით ჩამოყალიბდა, მათ შორის აღსანიშნავია ძველი ფორმა ანუ ჰინაიანა, და ახალი – მაჰაიანა. მათ ასევე „მცირე ოთხთვალასა“ და „დიდ ოთხთვალასაც“ უწოდებენ, რადგანაც მათ მიმდევრები, დაბადებათა და სიკვდილთა მტანჯველი მონაცვლეობის შემდეგ, სრულყოფილებისა და სრული და საბოლოო ჩაქრობისაკენ (ნირვანა) მიჰყავს. ბუდჰიზმის საფუძველი იმ სიტყვებშია გადმოცემული, რომელიც ბენარესის ქადაგების სახელითაა ცნობილი. ამ ქადაგებაში ბუდჰა აცხადებს „ოთხ კეთილშობილ ჭეშმარიტებას“, რომლებიცაა:

ა) ცხოვრება ტანჯვაა; ტანჯვა, ფაქტობრივ, თანსდევს დაბადებას, სიბერეს, ავადმყოფობას, სიკვდილს და ა.შ.;

ბ) ტანჯვას წარმოშობს არა მხოლოდ სიცოცხლისა და მისეულ განცხრომათა სიყვარული, არამედ, ასევე, სიკვდილის დაძლევის სურვილიც;

გ) ტანჯვის გასანადგურებლად უნდა ჩაიხშოს სიცოცხლის სურვილი;

დ) ტანჯვისაგან გათავისუფლების გზა ადამიანმა რვა მართებულობის დაცვით უნდა განვლოს („რვამაგი გზა“), ესენია: მართებული რწმენა; მართებული გადაწყვეტილება; მართებული სიტყვა; მართებული მოქმედება; მართებული ძალისხმევა; მართებული აზროვნება; მართებული კონცენტრაცია.

იდეათა მართებულობას უნდა ახლდეს ზუსტი ქცევა, რაც ათი მითითების შესრულებით მიიღწევა. მათგან პირველი ხუთი საერო ბუდჰისტებისთვისაცაა სავალდებულო:
1) არ მოკლა;
2) არ აიღო ის, რაც შენთვის არ უჩუქებიათ;
3) არ იმრუშო;
4) არ მოიტყუო;
5) არ დალიო ალკოჰოლური სასმელი.
გასხივოსნებისკენ სვლის კულმინაციაა გონებრივი კონცენტრაცია (სამადჰი), რომელიც მისტიკური ჭვრეტის (დჰიანა) ოთხი საფეხურის მეშვეობით აღწევს აღუწერელი სიმშვიდის მდგომარეობას, რაც ტანჯვისა და სიხარულის გადალახვას წარმოადგენს. დჰიანას პრაქტიკა, მისი სირთულის მიუხედავად, საეროთათვისაცაა მისაწვდომი, თუმცა მხოლოდ მონაზონს ძალუძს მიაღწიოს ნირვანას, როდესაც ცოდვათა გამოსყიდვისა და ვნებათა დალევის შემდეგ, „ოთხი კეთილშობილი ჭეშმარიტების“ დახმარებით, ადამიანი აღწევს ნირვანას სიცოცხლეში, ანუ „ხილულს“, რაც სრულყოფილებაა. „ხილული“ ნირვანა წინ უსწრებს და ამზადებს სრულყოფილ ნირვანას ანუ პარინირვანას. მას წმიდანი სიკვდილში, სხეულის დაძლევით აღწევს. ძველი მოძღვრების არსი იყო, რომ ადამიანს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიეღწია ინდივიდუალური ხსნისათვის, ანუ სრულყოფილი წმიდანის მდგომარეობისთვის, და სრული და საბოლოო ჩაქრობისთვის სიკვდილის შემდეგ. მაჰაიანად წოდებულ ბუდჰიზმის ფორმაში („დიდი ოთხთვალა“) კი მოწაფე უარს ამბობს საკუთარ ამწუთიერ ხსნაზე და სხვა არსებათა ხსნისათვის ბოდჰისატვას ხანგრძლივსა და რთულ გზას ადგება. ბოდჰისატვა ითარგმნება, როგორც „გასხივოსნებისათვის (განკუთვნილი) არსება“, პოტენციური ბუდჰა, რომელიც, ზებუნებრივი შთაგონების ძალით ან მოყვასის სიყვარულით, სრულყოფილ სათნოებათა (პარამიტა) მიღწევის გადაწყვეტილებას იღებს. ამ გზაზე მდგომი ადამიანის პირველი მტერი ეგოიზმია, ამიტომაც ის მხოლოდ თავის მატერიალურ ქონებას კი არ უყოფს სხვებს, არამედ თავის კეთილ საქმეთა გამო მიღებულ დამსახურებასაც. ქრისტეს შემდეგ II ან III საუკუნიდან ჩამოყალიბდა მაჰაიანას სხვადასხვა სკოლა, რომლებმაც საკუთარ ტრაქტატებს დამოუკიდებელ მოძღვრებათა სახე მისცეს. IV საუკუნეში აღმოცენდა მაჰაიანას შემდგომი ფორმა – ტანტრიზმი, რომელიც მცირე ხანში შივაურ იოგას მაგიურ ხერხებს დაესესხა. ბუდჰიზმის ამ ფორმამ ძირითადად ტიბეტში მოიკიდა ფეხი და უმთავრესად ეზოტერიული თვისებებით გამოირჩეოდა. ქრისტეს შემდეგ I საუკუნიდან ბუდჰიზმმა ჩინეთს მიაღწია, VI საუკუნის შუაწლებისათვის – იაპონიას, სადაც მან სხვადასხვა ფორმები მიიღო. დღეს ბუდჰიზმი გავრცელებულია იაპონიაში, სამხრეთ ვიეტნამში, შრი ლანკაში, ბირმაში, ტაილანდში, კამბოჯასა და ლაოსში.

Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9