ადამიანი, როგორც შემოქმედის სიბრძნისა და სიკეთის თანამონაწილე, განაგებს საკუთარ ქმედებებს და აქვს სიკეთისა და ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვის უნარი. ბუნებრივი კანონი გამოხატავს იმ საწყის ზნეობრივ გრძნობას, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს, გონების მეშვეობით ერთმანეთისაგან განასხვავოს კეთილი და ბოროტი, ჭეშმარიტება და სიცრუე. ადამიანის გულში დაწერილი ბუნებრივი კანონი (შდრ. რომ. 2:15) უჩვენებს მას, თუ რომელ გზას უნდა გაჰყვეს, რათა სიკეთე აკეთოს და საკუთარ მიზანს მიაღწიოს. ეს კანონი განსაზღვრავს იმ პირველად და არსებით ნორმებს, რომლებიც მართავს ზნეობრივ ცხოვრებას. მისი დასაყრდენია ღმრთის – ყოველივე სიკეთის წყაროსა და მსაჯულის – მორჩილება და მისკენ სწრაფვა და სხვა ადამიანის, როგორც თავისი მსგავსის, განცდა. თავისი პირველადი პრინციპებით, ბუნებრივი კანონი ათ მცნებაშია გადმოცემული. ბუნებრივი კანონი საყოველთაო და უცვლელია, მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოყენება, შესაძლოა, ძალიან განსხვავებული იყოს, ხოლო მისი მცნებები კი უცებ არ გახდეს ყველასათვის ცხადი და გასაგები (შდრ. CCC, 1954- 1960).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4