A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გად გალ გამ გან გარ გას გაუ გაყ გაც გახ

გადმოცემა

Etym. ლათ. traditio (ზმნიდან tradere „გადმოცემა“)
It. Tradicione
„გადმოცემა“ (მისი სინონიმია ტერმინი „ტრადიცია“) საფუძველმდებ ანთროპოლოგიურ სინამდვილეს აღნიშნავს, – მართლაც, თუკი მთელი ის ცოდნა და უნარები, რასაც ადამიანი არსებობის მანძილზე იძენს, ვეღარ იქნება გამოყენებული ურთიერთობისათვის იმ ჯგუფში, რომელსაც იგი სიცოცხლეში მიეკუთვნებოდა, ყოველ თაობას ხელახლა მოუწევს ყველაფრის თავიდან დაწყება ყველა თვალსაზრისით, რაც შეუძლებელს გახდის ყოველგვარ კულურულ პროგრესს. განვითარებაში ტოტალური უძრაობისა და განვლილ პრობლემათა და ძიებათა უნაყოფო ხელახლა განმეორების ეს საფრთხე შემცირდა იმ ფაქტის წყალობით, რომ შედეგები, რომლებსაც მიაღწია ინდივიდმა ცხოვრებისეული გამოცდილების პროცესში, შემდგომ თაობას გადაეცემა. ცალკეული ადამიანისადმი მისადაგებული ეს დებულება მართებულია ქრისტიანობასთან დაკავშირებითაც. მართლაც, ქრისტიანობა, როგორც ისტორიული გამოცხადებული რელიგია, აუცილებლად ეხება ისტორიულ მოვლენას - იესოს სწავლებას, ქმედებებს, სიცოცხლეს, სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომას, რომლებიც უნდა გადაიცეს და გადაიცემა მოციქულთა (ყოველი ქრისტიანული ტრადიციის მარადიული საფუძველი) და ეკლესიის დამოწმების მეშვეობით. ეს ტრადიცია არ არის მხოლოდ სიტყვისა და მოგონების მეშვეობით წარსულის აღნიშვნა. გადმოცემაში თვით მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე და მისი სულია თანმსწრე და ადამიანის თავისუფლების მოსარჩლე ესქატოლოგიური ხსნის შეთავაზების მეშვეობით. ამ თვალსაზრისით, ტრადიცია ცოცხალი რეალობაა, ეკლესიის მიერ თავის დღევანდელობასა და ისტორიულ განგრძობითობაში, ქრისტესთან და მოციქულებთან ერთად განცდილი სარწმუნოების ცოცხალი რეალობა. მაშასადამე, გადმოცემის ცნება ეკლესიის ცნებას უკავშირდება, ეკლესიის იმ ორმაგი ასპექტის გათვალისწინებით, რომელიც კ. რანერის სიტყვებით შეიძლება გამოიხატოს: ეკლესია ერთსა და იმავე დროს არის ხსნის ნაყოფი (მათი ერთობლიობა, ვინც იღებს ღმრთის მიერ საკუთარი თავის გამოვლინებას ქრიტესა და სული წმიდის მეშვეობით) და ხსნის საშუალება (საკრებულო, რომელსაც ევალება აწმყოში გაააქტიუროს და გადასცეს ხსნა ყველა დროის ადამიანებს). ამგვარად, ეკლესიის მხრიდან გამოცხადების გადმოცემა შეესაბამება ტრადიციის ფენომენს მისი ყველაზე ფართო გაგებით. ეს ვატიკანის II კრების დამსახურებაა, რომელმაც განაცხადა, რომ გადმოცემა უმთავრესად არა ზეპირსიტყვიერი ტრადიციაა (დაწერილი სიტყვის საპირისპიროდ), არამედ რეალური და ცოცხალი გადმოცემა, რომელიც ხორციელდება მორწმუნე საკრებულოში და მისი მეშვეობით (DV, 8). ამგვარად, კრებამ კიდევ ერთხელ განამტკიცა კათოლიკობის ფორმალური პრინციპი გამოცხადებასთან დამოკიდებულებაში: ეკლესია არ არის თვით გამოცხადება და არც მისი წყარო, არამედ ისაა მისი კანონიერი გამოხატვისა და ავთენტიკური ინტერპრეტაციის „ნორმა“ და შესატყვისი ადგილი. ამგვარად, „კათოლიკობის ფორმალური პრინციპი“ არაა საღმრთო წერილი, არამედ ცოცხალი, სამოციქულო ეკლესია, რომელიც ახორციელებს გადმოცემას, რომელშიც პოვებს საკუთარ ადგილს საღმრთო წერილი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9