Etym. ბერძ. epipháneia „გამოცხადება“, „გამოვლინება“ ბერძნულ ცნებას აქვს საყოველთაო აღიარების გარემოში ძლევამოსილი შებიჯების მნიშვნელობა და ის მეფის ან იმპერატორის მოსვლას აღნიშნავდა. ამავე დროს, ტერმინი აღნიშნავდა, აგრეთვე, ღმრთაების გამოცხადებას ან მის სასწაულებრივ ჩარევას. ახალ აღთქმაში გაცხადება აღნიშნავს იესოს გამოცხადებას ადამიანური იერით (იოან. 1:14; 2:1; 2 ტიმ. 1:10...) მოგვთა წინაშე (მათ. 2:1, შმდ.), და, უმთავრესად, პარუსიაში (1 ტიმ. 6:14; 2 ტიმ. 4:18; ტიტ. 2:13). ძველ აღთქმაში ღმრთის გამოვლინებებთან დაკავშირებით. გაცხადების დღესასწაული, რომელიც 6 იანვარს აღინიშნება, აღმოსავლეთში აღმოცენდა როგორც უფლის შობის, მისი „ხორციელი“ გამოცხადების დღესასწაული. დაახლოებით IV საუკუნეში ის დასავლეთში დამკვიდრდა, უმთავრესად როგორც აღმოსავლეთიდან მოგვთა მოსვლის აღსანიშნავი ზეიმი, რომლებიც განიხილებოდნენ ერთგვარ „ხალხთა პირველ წარმომადგენლებად“, შემდგომში კი მათ მოსვლას მოჰყვა იესოს, როგორც ყველა ხალხის უფლის, სამყაროს ნათლის, გაცხადება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4