A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

რა რე რი რო რუ რჩ რწ
რაბ რაი რამ რას რაც

რაინდთა ორდენები

It. Ordini cavallereschi
შუა საუკუნეთა რელიგიურმა გარემომ, ჯვაროსნულ მოძრაობასთან ერთად დასაბამი მისცა ამ ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე დამახასიათებელ ფენომენს: მონაზონ-რაინდს, ანუ მონაზვნობისა და რაინდობის შერწყმის სიმბოლოს. გარდა სამი ჩვეულებრივი სამონაზვნო აღთქმისა (უბიწობა, სიღატაკე და მორჩილება), რაინდები მომლოცველთა მსახურებისა და დახმარების და ურწმუნოთაგან წმიდა ადგილების დაცვის ვალდებულებას იღებდნენ. რაინდთა მრავალი ორდენი არსებობდა, მათ შორის ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი ორდენებია: ა) მალტის ორდენი, დაარსდა 1099 წელს, როგორც საძმო, იერუსალემის წმიდა იოანეს საავადმყოფოში (ამიტომაც მას იოანელთა ორდენს უწოდებდნენ). 1121 წელს, „რაინდთა“ კლასის ჩამოყალიბების შემდეგ, ის ნამდვილ რაინდთა ორდენად იქცა სახელწოდებით Sovrano Militare Ordine Gerosolimitano. 1529 წელს ორდენი მალტის კუნძულზე დამკვიდრდა (საიდანაც მომდინარეობს მისი ამჟამინდელი სახელწოდება), მისი სიმბოლოა შავი მოსასხამი მასზე გამოსახული თეთრი ჯვრით. ამჟამად მალტის ორდენის ძირითადი საქმიანობა სნეულთა და უძლურთა დახმარებაა; ბ) ტაძრის რაინდთა (ტამპლიერთა) ორდენი, დაარსდა 1119 წელს იერუსალემში, წმიდა სამარხისა და მის მოსალოცად მისულ მორწმუნეთა დაცვის მიზნით. ორდენი სწრაფად გავრცელდა ევროპაშიც და ძლიერ ფინანსურ ძალად ჩამოყალიბდა, რაც მის წევრთა მიმართ მტრული დამოკიდებულების მიზეზად იქცა. 1312 წელს, კლემენტე V-მ ბულით Vოხ ინ ეხცელსის გააუქმა ორდენი და მისი ქონება საავადმყოფოთა ორდენებს გადაუნაწილა; გ) ტევტონთა ორდენი, რომელიც 1189-90 წლებში ბრემენისა და ლიუბეკის რამდენიმე მოქალაქემ დააარსა, როგორც წმიდა იოანე აკრელთან არსებული საავადმყოფოს საძმო. 1198 წელს გარდაიქმნა ორდენად, რომელსაც დიდი მაგისტრი ჰერმან ზალცელი ხელმძღვანელობდა. 1309 წელს ორდენის მმართველი ორგანო პრუსიაში განლაგდა, მისი საქმიანობა ძირითადად ევროპის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში ხორციელდებოდა და წარმართთა საწინააღდეგოდ იყო მიმართული. 1805 წელს ტევტონთა ორდენი ნაპოლეონმა გააუქმა, 1834 წელს იმპერატორმა ფრანცისკე I-მა ის ხელახლა დააარსა ავსტრიაში, სადაც ორდენმა XX საუკუნემდე იარსება. დღეს ტევტონთა ორდენის მცირერიცხოვანი წევრები მღვდელმსახურნი არიან და გლახაკთა ორდენის წესს მისდევენ; არსებობს ტევტონ ქალ მონაზონთა შტოც. ორდენის სიმბოლოა შავი ფერის ჯვარი თეთრ მოსასხამზე.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9