A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

და დე დი დო დრ დუ დღ
და დაბ დად დალ დამ დან დაო დაღ დაც დაწ

დაო/დაოიზმი

It. Tao/Taoismo
ჩინურად „დაო“ სიტყვასიტყვით აღნიშნავს „გზას“, „ბილიკს“, თუმცა, ამასთანავე, აქვს მნიშვნელობათა ვრცელი სპექტრი და ამ მიზეზით ჩინური ფილოსოფიის ისტორიაში ის ერთ-ერთ უმდიდრეს და უმნიშვნელოვანეს ტერმინადაა მიჩნეული. ჩინურმა ფილოსოფიამ ჯოუს დინასტიის მმართველობის (დაახლ. ქრისტემდე 1112- 249) მეორე ნახევარში დაიწყო ჩამოყალიბება იმ დროს ქვეყანაში გამეფებული ზნეობრივი და პოლიტიკური ქაოსის საპასუხოდ. ჩინეთის პრობლემათა გადაჭრის გზები სხებთან ერთად კონფუციმაც (კუნ ცი; ქრისტემდე 551-479) დასახა. კონფუცის თანახმად, დაოს დამახასიათებელი ნიშანია „აღმატებული ადამიანის“ (ჩუნ ცუ) იდეალი, რომლის შინაგანი არსი კეთილგანწყობითა და ჰუმანურობით (ჟენ) ხასიათდება, ფენომენური გარეგანი ხატება კი კეთილი ქცევის წესებს (ლი) ემორჩილება. „აღმატებულ ადამიანად“ ქცევა საკუთარი გზის ხორცშესხმას ნიშნავს, თუმცა დაოს სხვადასხვა კონცეფცია არსებობს. მაგალითად, „კანონთმცოდნეთა“ მოსაზრების თანახმად, გზა მჭიდრო კავშირშია მკაცრი კანონის საყოველთაო გავრცელებასთან. კანონთმცოდნენი წარმოადგენდნენ მოაზროვნეთა ჯგუფს, რომლებმაც დაოს მნიშვნელობა გააღრმავეს. მათი მოძღვრება დაოიზმის სახელითაა ცნობილი, თავად მოაზროვნეებს კი დაოისტებად მოიხსენიებენ. ჩინური ტრადიციის თანახმად, დაოიზმის დამაარსებელი იყო ლაო ძი (ქრისტემდე VI ს.). წიგნი „დაო დე ძინი“, რომლის ავტორადაც მას მიიჩნევენ, იუწყება, რომ დაო გამოუთქმელია და მთელი ყოფნის ამოსავალ წყაროს წარმოადგენს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დაოიზმში დაო იქცევა მეტაფიზიკურ კატეგორიად, რომელიც აღნიშნავს საწყის შემოქმედებით ელემენტს, საიდანაც იღებს დასაბამს სამყარო. თავისთავად ის სრულიად ტრანსცენდენტულია, თუმცა მისი „ენერგია“ ანუ „ძალა“ (დე) ბუნებაში გამოიხატება. როგორც ტრანსცენდენტური, დაო იმანენტურთანაა დაკავშირებული და ადამიანს აძლევს საშუალებას, მიჰყვეს გზას. სამყაროს შესახებ დაოისტურმა განსჯამ ლაო ძის უსახელო პირველსაწყისი პრინციპის და მსგავს განსჯას თანდართული ვუ ვეის მიდგომის აღმოჩენისაკენ უბიძგა. სიტყვასიტყვით ვუ ვეი უმოქმედობას ნიშნავს, თუმცა არა ქმედების კლების თვალსაზრისით, არამედ თვალთმაქცობის გარეშე მოქმედებას, თვით მოქმედების მონობაში მოქცევის გარეშე მოქმედებას. ცხოვრების წესი ჰარმონიულად უნდა ეწყობოდეს გზას, რომელიც კავშირშია „ძალასთან“ (დე): ამ უკანასკნელის წყალობით კი, საყოველთაო დაო გამოხატულებას პოვებს და კონკრეტულობას იძენს. მოგვიანებით ჯუან ძიმ გაიზიარა ლაო ძისეული დაოს, როგორც სამყაროს საწყისისა და მისი წარმმართველის, ცენტრალური ცნება. ჯუან ძის მთავარი საკითხი შეიძლება განისაზღვროს, როგორც აბსოლუტური ბედნიერების ძიება, ბედნიერებისა, რომლის მისაღწევადაც საჭიროა საკუთარ თავსა და სამყაროს შორის განსხვავების გადალახვა და სრულყოფილი გზით დაოსთან შეერთება. დაოისტური რელიგია, მიუხედავად ლაო ძის (როგორც ადამიანის, ისე მისი ნაშრომის) თაყვანისცემისა, მისი მოძღვრების რადიკალურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს, ისევე, როგორც ეს მოხდა ჯუან ძის მოძღვრებასთან დაკავშირებით. დაოისტური რელიგია ხშირად იგივდებოდა უკვდავების, აგრეთვე, ფიზიკური უკვდავების, ძიებასთან, რომლის მისაღწევადაც მაგიურ ნაყენებს და იოგას იშველიებდნენ. აქედან დაედო დასაბამი რელიგიურ სექტებს, რომელთა შორისაც იყო აგრეთვე ეგრეთ წოდებული „ზეცის მოძღვრის სექტა“. ის უმთავრესად სამხრეთ ჩინეთში გავრცელდა და კარგი ორგანიზაციით გამოირჩეოდა: მოძღვრები მემკვიდრეობით იღებდნენ ამ თანამდებობას, მათ ერთგვარი რეგიონული საბჭოები ედგა გვერდში, რომელთა წევრი წარჩინებული (მამაკაცი და ქალი) დაოისტები სხვადასხვა ცერემონიებში მონაწილეობდნენ, ხოლო საერო კეთილისმყოფელნი და „მცირე“ ჯადოქარნი მხარს უჭერდნენ ორგანიზაციას. ფიზიკური უკვდავება ქიმერად შეიძლება წარმოგვიდგეს, იმის გათვალისწინებით, რომ სიკვდილი მაინც ცხოვრებისული ფაქტია. მაგრამ რწმენა ააშკარავებს, რომ განდობილი დაოისტის სიკვდილი მხოლოდ მოჩვენებითია, რომ საფლავში დაკრძალული მისი ცხედარი არა მისი ნამდვილი სხეული, არამედ მხოლოდ მისი მსგავსია.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9