მქადაგებელ მონაზონთა ორდენის წევრები (Ordo Fratrum Praedicatorum), რომელიც წმიდა დომინიკე გუზმანმა (†1221) დააარსა ქადაგების მეშვეობით ქრისტიანი ხალხის სულიერი სიმწირის აღმოფხვრისა და ალბიგოელთა ერესის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. 1216 წელს პაპმა ჰონორიუს III-მ ოფიციალურად აღიარა წმიდა ავგუსტინესეულ წესდებაზე დაფუძნებული დომინიკელთა ორდენი, მომდევნო წელს კი მის წევრებს მათი საგანგებო მოწოდების გამომხატველი „მქადაგებელთა“ წოდება დაუდგინა. ამ მისიისათვის დომინიკელი მოწესენი ღმრთის სიტყვის საფუძვლიანი შესწავლით ემზადებოდნენ, მისიის განხორციელება კი გამოიხატებოდა მათ მიერ ამ სიტყვის დაუღალავი ქადაგებით ყველას და, განსაკუთრებით, უკიდურესად გაჭირვებულთა სამსახურში. დომინიკელთა საფუძვლიანი ცოდნის დასტურია ის ფაქტი, რომ მათ სწრაფად დაიკავეს პარიზის უნივერსიტეტის პრესტიჟული თეოლოგიის კათედრა (სადაც ასწავლიდნენ ალბერტ დიდი და თომა აკვინელი) და ბოლონიის უნივერსიტეტის საეკლესიო სამართლის კათედრა. ამასთან, მათ მიიღეს ინკვიზიციის ტრიბუნალთა მართვის უფლება, სადაც ცალკეულმა დომინიკელებმა არასახარბიელო როლი შეასრულეს, ხოლო XIV საუკუნიდან მოიპოვეს პაპის თეოლოგიური მრჩეველის თანამდებობის დაკავების უფლება (maestro del Sacro Palazzo). დომინიკელთა ორდენმა უეჭველად დიდი წვლილი შეიტანა შუა საუკუნეთა თეოლოგიური მეცნიერების განვითარებაში. საკმაოდ ნაყოფიერი იყო, აგრეთვე, მათი მისიონერული საქმიანობა. წმიდა დომინიკემ დააარსა მეორე ორდენი (განდეგილ დომინიკელ მონაზონთა ორდენი). მონაზვნებს ლოცვითა და მონანიებით უნდა შეეწყოთ ხელი დომინიკელთა მისიისათვის. მოგვიანებით დომინიკელთა მესამე ორდენიც აღმოცენდა. ამჟამად დომინიკელთა ორდენი მთელ მსოფლიოში არსებული 42 პროვინციისა და დაახლოებით 7500 წევრისაგან შედგება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4