A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

პა პე პი პლ პნ პო პრ პუ
პავ პალ პან პაო პაპ პარ პას პატ პაც

პავლეს წერილები

It. Lettere di San Paolo
წმიდა პავლეს წერილთა კრებული 14 წერილს შეიცავს, ანუ, უფრო სწორად, მისი სახელით 14 წერილია მოღწეული. მათ შორისაა ებრაელთა მიმართ წერილიც, რომელიც წმიდა პავლეს ნააზრევს ასახავს, თუმცა, მეცნიერთა ერთსულოვანი დასკვნით, უშუალოდ მისი დაწერილი არ უნდა იყოს. საუბარია სხვადასხვა ვითარებაში დაწერილ განსხვავებული მოცულობისა და ხასიათის წერილებზე, რომელთა მიზანიც იყო გაუგებრობის გაქარწყლება, სწავლების დამატებისა და დაზუსტების მიწოდება, დაპირისპირების აღმოფხვრა, სიყვარულისა და მადლიერების გამოხატვა. ქრისტეს შემდეგ 51-67 წლებში დაწერილი ეს წერილები ქრისტიანობის უძველეს ტექსტებს განეკუთვნება და ასახავს პირველ ქრისტიანთა ცხოვრებას, სწავლებასა და ლიტურგიას. მათში ერთმანეთს ენაცვლება დაყვავება და მკაცრი ტონი, უმარტივესი მითითებები და უმაღლეს ჭეშმარიტებათა შესახებ განსჯა. წერილები მალევე შეიკრიბა კრებულად სახელწოდებით „corpus paulinum“, რომლის არსებობას წყაროები მოციქულთა მოღვაწეობის ხანაშივე ადასტურებენ და მას ახალი აღთქმის სხვა ნაწერთა თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებენ (შდრ. პეტრ. 3:16; წმიდა ეგნატე, ეფესელთა მიმართ, 12:2). II საუკუნის ბოლოს, „აღმშენებელთა კანონის“ ჩამონათვალში შევიდა ყველა ხსენებული წერილი, ებრაელთა მიმართ წერილის გარდა. ყველაზე მკაცრი თანამედროვე კრიტიკოსებიც კი აღიარებენ ამ წერილთა უმრავლესობის ავთენტიკურობას, თუმცა არსებობს ეჭვი სამწყსო წერილთა (1 და 2 ტიმ.) და ეფესელთა და კოლოსელთა მიმართ წერილების ავთენტიკურობის თაობაზე. საკამათოა არა იმდენად წერილთა წარმოშობა, რამდენადაც უფრო სტილი და მეორეხარისხოვანი დეტალები, რომლებიც ადვილად შეიძლება მიეწეროს პავლეს მოწაფეებსა და თანაშემწეებს. ქვემოთ მოცემულია წერილთა ნუსხა, რომელიც დაყოფილია სამ ჯგუფად ყველაზე გავრცელებული ქრონოლოგიური თანმიმდევრობის შესაბამისად:

პირველი დიდი წერილები:

1) 1 თეს.: თესალონიკელთასაკრებულოსადმი (მაკედონია, საბერძნეთი) მიწერილი პირველი წერილი;
2) 2 თეს.: თესალონიკელთა მიმართ მიწერილი მეორე წერილი;
3) 1 კორ.: კორინთოს საკრებულოსადმი მიწერილი პირველი წერილი;
4) 2 კორ.: კორინთოს საკრებულოსადმი მიწერილი მეორე წერილი;
5) გალ.: გალატიის (თურქეთი) საკრებულოსადმი მიწერილი წერილი;
6) რომ.: რომის საკრებულოსადმი მიწერილი წერილი.
საპყრობილეში დაწერილი წერილები:
7) ფილ.: ფილიპელთა (მაკედონია, საბერძნეთი) საკრებულოსადმი მიწერილი წერილი;
8) ფილ.: წერილი ფილიმონისადმი (კოლოსი, მცირე აზია, თურქეთი);
9) კოლ.: კოლოსის (მცირე აზია, თურქეთი) საკრებულოსადმი მიწერილი წერილი.
10) ეფეს.: ეფესოს (მცირე აზია, თურქეთი) საკრებულოსადმი მიწერილი წერილი. სამწყსო წერილები:
11) 1 ტიმ.: პირველი წერილი ტიმოთესადმი (ეფესო, თურქეთი);
12) ტიტ.: წერილი ტიტესადმი (კრეტა);
13) 2 ტიმ.: მეორე წერილი ტიმოთესადმი (ეფესო, თურქეთი).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9