აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
არა არბ არე არმ არუ არქ არღ არყ არშ არწ

არშის ციხე


(ქც 4: 357,14) იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 357,14), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 406,28; 409,20,22), ფარსადან გორგიჯანიძის „ისტორია“ (გორგიჯანიძე 1926: 21, 27), უცნობი ავტორის „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 78,5), არჩილის „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა“ (არჩილი 1989: 444, 457-459), იოსებ ტფილელის „დიდმოურავიანი“ (ტფილელი 1989: 613), 1774 წ. არაგვის ხეობისა და ხევის მოსახლეობის აღწერა (მასალანი საქ. სტატ. 1907: 417), XVIII ს-ის ისტორიული საბუთი (მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 65), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 62), დავით ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი დავით 1941: 27), იოანე ბაგრატონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 36), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 68), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1964: 63), ისქანდერ მუნშის თხზულება (მუნში 1969: 130).

ვახუშტი ბაგრატიონი არშის ციხის შესახებ გადმოგვცემს: „ჩასავალს ქუეით არს, ჩდილოთ კერძ, არაგვის დასავლით, ციხე არშისა, თვინიერ კაცთა ხელთაგან ქმნული, მაღალს კლდესა ზედა, მოზღუდვილი კლდითავე და შეუალი კაცთა, მყინვარის კალთასა ზედა. აღმოსავლიდამ არაგუს ერთვის არშას ქუეით, აჩხოტის ხევი“ (ქც 4: 357,14-19).

მდებარეობს ყაზბეგის მუნიც-ში, თერგისა და სნოს ხეობების შესაყართან, მდ. თერგის მარცხენა ნაპირზე, მაღალი კლდის თხემზე, სოფ. არშასთან.

1623 წ. გიორგი სააკაძის მეთაურობით ირანელთა ჯარის განადგურება იგეგმებოდა. გამაჰმადიანებულ ანდუყაფარ ამილახორს შეთქმულება რომ არ გაეცა, აჯანყების მეთაურებმა ის ცოლთან ერთად არშის ციხეში გამოამწყვდიეს. ქართველთა დამარცხების შემდეგ ყიზილბაშებმა მოახერხეს ანდუყაფარისა და მისი მეუღლის განთავისუფლება (ქც 2: 409,19-22). არშის ციხე სპარსულ წყაროებში „ყარაყალხანის“ სახელწოდებითაა ცნობილი (მუნში 1969: 130).

1972 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის ექსპედიციამ (ხელმძღ. რ. რამიშვილი) არშის ციხის ტერიტორიაზე გათხარა ოთხი მიწისქვეშა აკლდამა. ისინი გეგმით სწორკუთხაა (2,1X1,4X1,4მ), აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე წაგრძელებული. ნაგებია დუღაბზე. გადახურულია განივად დალაგებული ფიქალის ფილებით. დასავლეთ ნაწილში მოწყობილი აქვს ოთხკუთხა ჩასასვლელი. №1 აკლდამაში აღმოჩნდა ადამიანის მიმოფანტული ძვლები. №2 აკლდამაში გამოვლინდა სამი მიცვალებულის ასევე მიმოფანტული ძვლები და მინის 2 ინკრუსტირებული მძივი. აკლდამების ფუნქციონირების ქვედა თარიღია IX-X სს (რამიშვილი ... 1973: 76).

ციხის ტერიტორია ბუნებრივადაა დაცული შვეული კლდეებით. შედარებით ადვილად მისადგომი ადგილები გამაგრებულია XVI-XVII სს-ის გალავნით (ზაქარაია 1988: 80). ციხის ჩრდილოეთ მხარეს არსებული შესასვლელის გვერდით, კლდეში გამოკვეთილი ყოფილა საყარაულო, რომელიც კარს კიბით უკავშირდებოდა. კიბეზე გადადიოდა და ციხისკენ მიემართებოდა კერამიკული წყალსადენის ტრასა. ციხის ტერიტორიაზე შეინიშნება ნამოსახლართა ნაშთები და აკლდამები (რამიშვილი ... 1973: 76; ზაქარაია 1988: 80).

ციხეზე შემორჩენილია წმიდა გიორგის დარბაზული ტიპის უაფსიდო, დუღაბზე ნაგები ეკლესია, ჩრდილოეთი მხრიდან მინაშენითა და კარით. ნაგებობის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ამოშენებულია პატარა ნიში. შესასვლელის პირდაპირ დგას ქვის სვეტი. ეკლესია IX-X სს-ით თარიღდება (ზაქარაია 1988: 80).
 
ბიბლიოგრაფია: არჩილი 1989: 444, 457-459; ბაგრატიონი დავით 1941: 27; ბაგრატიონი 1983: 68; ბაგრატიონი 1986: 36; ბერიძე 1983: 114; გვრიტიშვილი 1955: 401; გიულდენშტედტი 1964: 63; გორგიჯანიძე 1926: 21, 27; ზაქარაია 1988: 80; ითონიშვილი 1971: 98-102; ითონიშვილი 1986ა: 125; მაკალათია 1934: 217; მასალანი საქ. სტატ. 1907: 417; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 65; მუნში 1969: 130; ორბელიანი 1981: 62; ტფილელი 1989: 613; ქც 2: 406,28; 409,20,22; ქც 4: 357,14; ცხოვრება ... 1980: 8; რამიშვილი ... 1973: 76.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9