მა მგ მე მთ მი მლ მო მრ მტ მუ მც მძ მწ მჭ
მერ მეტ მეღ მეჯ

მეტეხი 

  1. მეტეხთა ეკლესია (ქც 4: 336,13), ციხე (ქც 4: 439,16).

    იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე (ქც 1: 367,8), ბასილი ეზოსმოძღვრის „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“ (ქც 2: 126,14), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 247,13; 272,11), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 182,16; 183,23; 212,27; 439,16), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 61, 141, 142, 143, 146, 173, 197), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 46, 47), XIV, XVI-XVII სს-ის ისტ. საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 176; მასალები საქ. ისტ. გეოგრ. 1964: 14; ფურცელაძე 1881: 108; კაკაბაძე 1924გ: 65-67; ქრონიკები... 1897: 40, 376, 383, 428, 472, 473), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 31), ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“ (ჩელები 1971: 295), ჟან შარდენის „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“ (შარდენი 1975: 318, 320).

    ვახუშტი ბაგრატიონი მეტეხის შესახებ გადმოგვცემს: „...ისნი არს, კიდესა მტკურისასა, კლდესა ზედა, ციხესა შინა ეკლესია მეტეხი, ღვთისმშობლისა, გუმბათიანი, დიდ შუენიერნაშენი ...“ (ქც 4: 336,13).

    მეტეხის ეკლესია და ციხე მდებარეობს ქ. თბილისში, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, თანამედროვე მეტეხის ტაძრის ტერიტორიაზე.

    ისტორიული ტრადიციით მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის აგება ვახტანგ გორგასალს მიეწერება (ქც 4: 336, სქ. 4), ხოლო წერილობით წყაროებში იგი XII ს-იდან იხსენიება. 1145 წ. მეფე დემეტრე I-მა (1126-1156) სიკვდილით დასაჯა ივანე აბულეთის ძე, შემდეგ კი მეტეხთა ღვთისმშობლის ტაძარში დაასვენა „ფიცისა არ გატეხისათვის“ (ქც 1: 367,8). გიორგი III-ის (1156-1184) მეფობის პერიოდში მეტეხთან მდებარეობდა მეფეთა სასახლე, ხოლო თამარის დროიდან ეკლესიაც იხსენიება.

    მეტეხის ტაძარში წირვის დროს ახარეს თამარ მეფეს (1189-1207) შამქორის ომში გამარჯვება (ქც 2: 126, 14). დღეს არსებული მეტეხის ტაძარი აიგო მეფე დემეტრე II თავდადებულის (1271-1289) დროს. XIV ს-ში ტაძარი საკათალიკოსო მამულების ნუსხაში შედიოდა (ქართ. სამართ. ძეგლ. 1970: 176). XVI ს-ის მეორე ნახევარში ქართლის მეფემ, სიმონ I-მა (1556-1569; 1578-1600) მეტეხის ტაძარს შესწირა სოფლები შინდისი და წავკისი (ფურცელაძე 1881: 108). 1629-1640 წწ. ტაძრის წინამძღვარი იყო ნიკოლოზ (ნიკიფორე) ჩოლოყაშვილი-ირბახი (ბერიძე... 1969: 15). XVII ს-ის პირველ ნახევარში ქართლის მეფემ როსტომმა (1632-1658) მეტეხს შემოავლო გალავანი და შიგ ყიზილბაშები ჩააყენა (ქც 4: 439,16). 1673 წ. მეფე ვახტანგ V შაჰნავაზმა (1658-1675) მეხის დაცემით დანგრეული ტაძარი აღადგინა და თოფის წამლის საწყობად აქცია. მეტეხის ტაძრის პირველი გრაფიკული გამოსახულება ეკუთვნის ფრანგ მისიონერს, ჟან შარდენს, რომელმაც 1672 წ. იმოგზაურა საქართველოში (შარდენი 1975: 318, სურ. 3, 320; ბერიძე ... 1969: ტაბ. 1). 1748 წ. მეფე ერეკლე II-მ (1744-1798) სასტიკი ბრძოლის შემდეგ ყიზილბაშებისაგან გაათავისუფლა თბილისის ციხეები. ამ ფაქტის აღსანიშნავად მეტეხის ტაძარზე ამოკვეთილია წარწერა (ბერიძე ... 1969: 18). 1748-1755 წწ. ერეკლე II-მ აღადგინა ტაძარი და აქვე დააარსა სკოლა, ნაწილობრივ შეაკეთა ციხეც (ბერიძე ... 1969: 19,20). 1795 წ. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს დაზიანდა მეტეხის ტაძარი. იმავე დროს დაიკარგა მეტეხის ღვთისმშობლის ხატი (ბაგრატიონი 1941: 66). XVIII ს-ის ბოლოს მეფე გიორგი XII-მ (1798-1800) შეაკეთა ტაძარი. 1819 წ. მთავარმართებელ ერმოლოვის დროს, რუსებმა მეტეხის ციხის გალავანი დაანგრიეს და მის ადგილას საპყრობილის კორპუსები ააგეს. 1933 წ. ტაძრის ტერიტორიაზე არსებული 3 კორპუსი შეაკეთეს და მუზეუმად აქციეს, ხოლო დანარჩენი ნაგებობები აიღეს. 1958 წ. თბილისის 1500 წლის იუბილეს გამო მოხდა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია: მუზეუმი გადაიტანეს, ხოლო საპყრობილის კორპუსები დაანგრიეს – ტაძარი სრულიად გაათავისუფლეს XIX ს-ის უსახური ნაგებობებისაგან (ბერიძე ... 1969: 21-25).

    მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი გუმბათიანი ნაგებობაა (21,5X15,5 მ). აღმართულია ორი ტერასისაგან შედგენილ მოედანზე. აქვს სამი შესასვლელი: ჩრდილოეთით მდებარე თაღებიანი კარიბჭიდან, სამხრეთისა და დასავლეთის კედლებში გაჭრილი კარიდან. ტაძრის კედლები ნაგებია ორპირად: შიდა პირი აგებულია ძირითადად აგურით, გარედან მოპირკეთებულია მოყვითალო-რუხი ფერის ქვიშაქვის თლილი კვადრებით. ტაძრის გუმბათი ეყრდნობა ოთხ თავისუფლად მდგომ სვეტს, რომელიც გეგმით ჯვრის ფორმისაა. ტაძარს აქვს ნახევარწრიული აფსიდა, რომლის ჩრდილოეთით და სამხრეთით სამსხვერპლო და სადიაკვნეა ნახევარწრიული აფსიდებით, მათ ზემოთ, მეორე სართულზე ასეთივე ზომის სადგომებია გამართული. ტაძრის დასავლეთი კედლის გასწვრივ პატრონიკე მდებარეობს. შიდა სივრცე განათებულია მაღალი და ვიწრო სარკმლებით. ტაძარი შემკულია ჩუქურთმებით, რომლებიც ძირითადად თავმოყრილია კარებისა და სარკმლების ღიობების მოჩარჩოებაზე.

    მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი აიგო XIII ს-ის ბოლოს. შემდგომში მრავალჯერ შეაკეთეს. შიდა კედლების წყობაში სამი განსხვავებული ფენა შეიმჩნევა: I ფენა თარიღდება XIII ს-ის დასასრულით, II – XVI-XVII სს-ით, III – XVIII ს-ით (ბერიძე ... 1969: 26-95).

    მეტეხის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე XX ს-ის 30-იან წლებში ჩატარებული რეკონსტრუქციის დროს ანტიკური ხანის ნაგებობათა ნაშთები დადასტურდა.
     
    ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1983: 46, 47; ბერიძე ... 1969: 18-20, 21-25, 26-95; დადიანი 1962: 31; ჩელები 1971: 295; კაკაბაძე 1924გ: 65-67; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 14; ორბელიანი 1981: 61, 141-143, 146, 173, 197; ფურცელაძე 1881ა: 103; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 176; ქრონიკები 1897: 40, 376, 383, 428, 472, 473; ქც 1: 367,8; ქც 2: 126,14; 247,13; 272,11; ქც 4: 182,16; 183,23; 212,27; 439,16; შარდენი 1975: 318, სურ. 3, 320.
  2. მონასტერი (ქც 4: 182,16; 183,26; 341,12, სქ. 1; 342,7; 376,4).

    იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 182,16; 183,23; 341,12, სქ. 1; 342,7; 376,4), იოანე ბაგრატიონის „კალმასობა“ (ბაგრატიონი 1948: 24), მისივე „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 30, 43), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 65), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 96, 131), XI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 148; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 141; ქრონიკები 1892: 209, 226, 309, 320, 324; 1897: 134, 196, 200, 389, 401, 472, 473, 490; 1967: 14, 194; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 176, 177, 191, 212, 215, 264, 591, 707, 781, 889, 931, 966, 985, 992, 1018, 1026, 1110; 1972: 295, 577; 1974: 65, 197, 223; 1980: 930; 1981: 243, 245, 386; 1985: 871, 226, 343, 503, 617, 689, 729; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 214; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 162, 163, 184, 192, 204, 205, 280; ქართ. ეპისტ. 1989: 106; საქ. სიძ. 1910: 50, 165), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 61, 273).

    ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, „დასავლეთით კავთისხევისა დის მდინარე თეძმისა ... მიერთვის მტკუარს სამხრიდამ. აქ მტკურის კიდეს არს მონასტერი ყოვლადწმიდისა, გუმბათიანი, დიდი მეტეხი კეთილშენი გორგასლისაგან, საარქიმანდრიტო“ (ქც 4: 341,8-13).

    მდებარეობს კასპის მუნიც-ში. მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, დღევანდელი სოფ. მეტეხის ტერიტორიაზე. წყაროებში „მეტეხნის“ სახელითაც იხსენიება (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 191, 264).

    წყაროებში პირველად გვხვდება XI ს-ში (ქრონიკები 1892: 209). შედიოდა ქსნის საეროსთავოში (გვრიტიშვილი 1955: 77). 1742 წ. აჯანყებულ გივი ამილახვრის წინააღმდეგ საბრძოლველად მეტეხში დაბანაკებულა ფათალი ხანი (ორბელიანი 1981: 61).

    მეტეხში „გუგულაანთ უბანში“ მიწის სამუშაოების დროს შემთხვევით აღმოჩნდა სამარხის ინვენტარი: სამი ცალი თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს ორი ცული, ბრინჯაოს ფოთლისებური სატევარი, მასრაგახსნილი შუბისპირი და ბრინჯაოს სატეხის მასრა. თარიღდება ძვ. წ. XIII-XII სს-ით. მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი). (ბარამიძე 1965: 57; სძა 1990: 179). 1958-1959 წწ. აგურის ქარხნის ტერიტორიაზე მიწის სამუშაოების დროს დაზიანდა ყორღანი, სადაც აღმოჩნდა თიხის ხუთი ჯამი და ხუთი ქილა. თარიღდება შუა ბრინჯაოს ხანით. მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში (ბარამიძე 1965: 57).

    1951 წ. ცხინვალის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპედიციამ (ხელმძღ. ე. პჩელინა) ჩაატარა არქეოლოგიური დაზვერვა მეტეხში, სადაც ზედაპირულად შეგროვდა აშელური პერიოდის იარაღები (ლიუბინი 1960: 20). 1958-1959 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ერთ-ერთმა რაზმმა (ხელმძღ. ა. კალანდაძე) შეისწავლა ყორღანი. 1963 წ. იმავე ინსტიტუტის მთა ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის კასპის რაზმმა შეისწავლა ნამოსახლარი. 1965, 1966, 1968 წწ. თეთრი წყაროს არქეოლოგიური ექსპედიციის კასპის რაზმმა (რაზმის ხელმძღ. ზ. შატბერაშვილი) ჩაატარა სამუშაოები სამაროვანზე.

    მეტეხის ნამოსახლარი მდებარეობს აგურის ქარხნიდან დაახ. 70-80 მ მანძილზე. ფენის სისქე 0,2-0,5 მ-ია. აღმოჩნდა მრგვალი ფორმის თიხატკეპნილი იატაკი, რომლის ცენტრში ჩადგმული იყო თიხის მრგვალი, უშვერილო კერა, ძირში დატანებული ნახვრეტით (დმ 7 სმ, სიმაღლე 25 სმ). ნაგებობის კედლები მოწნული და შელესილი უნდა ყოფილიყო. ნამოსახლარზე აღმოჩნდა ხელით ნაძერწი, არათანაბრად გამომწვარი სქელკეციანი მოვარდისფრო და მონაცრისფრო უორნამენტო ჭურჭლის (ქოთნის, დერგის, ქილის, სამყურა ჭურჭლის და სხვ.) ფრაგმენტები. თარიღდება ადრეული ბრინჯაოს ხანით. მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი). (ფხაკაძე 1967: 318-326; საქ. არქ. 1992: 189, 190). მეტეხის სამაროვანი მდებარეობს მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, აშურიანის ველზე.

    მეტეხში რამდენიმე ეკლესიაა. XIII ს-ის ღვთისმშობლის ჯვარგუმბათოვანი ეკლესია (15X20 მ) მდებარეობს სოფლის ცენტრში. ნაგებია ბაზალტის კვადრებით. გუმბათი თორმეტწახნაგაა. ეკლესიას აქვს ფლეთილი ქვით ნაგები გალავანი. წყობაში გამოყენებულია აგურიც. გალავანს ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს აქვს კოშკები. ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით აგურით ნაგები სამრეკლოა. კოშკები და სამრეკლო XIX ს-ით თარიღდება. ეკლესია რამდენჯერმეა გადაკეთებული (სძა 1990: 179).

    ამაღლების დარბაზული ტიპის (5X4 მ) გვიანი შუა საუკუნეების ეკლესია დგას სოფლის აღმოსავლეთით. ნაგებია რიყისა და შირიმის ქვით. აფსიდა ნახევარწრიულია. აქვს შესასვლელი სამხრეთიდან და სარკმელი დასავლეთი მხრიდან (სძა 1990: 177).

    კვირაცხოვლის გვიანი შუა საუკუნეების დარბაზული ტიპის (9,7X6 მ) ეკლესია დგას სოფლის დასავლეთით. ნაგებია რიყისა და შირიმის ქვით. აფსიდა ნახევარწრიულია. აქვს შესასვლელი სამხრეთიდან და სარკმლები აღმოსავლეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის კედლებზე. აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლებზე ჯვრებია გამოსახული (სძა 1990: 177).
     
    ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1957: 115-140; ბაგრატიონი 1948: 24; 1986: 30; ბაგრატიონი 1983: 65; ბარამიძე 1964: 14-15; 1965: 57; ბაქრაძე 1875: 102; ბერძენიშვილი 1975: 25; გვრიტიშვილი 1955: 77, 149, 419; გიულდენშტედტი 1962: 61, 273; დადიანი 1962: 96, 132; თაყაიშვილი 1907: 205; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 162, 163, 184, 192, 204, 205, 280; მაკალათია 1959: 11, 12; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 106, 139, 447; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 141; ორბელიანი 1981: 61, 141, 197; სძა 1990: 177, 179; საქ. არქ. 1992: 189, 190; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 88, 91, 214; საქ. სიძ. 1910: 50, 165; ფხაკაძე 1967: 318-326; ქართ. ეპისტ. 1983: 106; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 148; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 176, 177, 191, 212, 215, 264, 591, 707, 781, 889, 931, 966, 985, 992, 1018, 1026, 1110; 1972: 295, 577; 1974: 65, 197, 223; 1980: 930; 1981: 243, 245, 386; 1985: 871, 226, 343, 503, 617, 689, 729; ქრონიკები 1892: 209, 226, 309, 320, 324; 1897: 134, 196, 200, 389, 401, 472, 473, 490; 1967: 14, 194; ქც 4: 182,16; 183,26; 341,12,სქ.1; 342,7; 376,4; შატბერაშვილი 1967: 36-38; 1969: 6, 7; ხარაძე 1992: 51.
    Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9