დაბა (ქც 4: 361,10; 368,3; 412,7).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 361,10; 368,3; 412,7), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 39), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 133,11), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 434; 1967: 317; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 142; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 62, 342; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 208; 1953: 20, 105, 138, 183; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 140; 1972: 304, 433, 521, 571; 1981: 159, 391; 1985: 127, 179, 190, 576; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1974: 103, 107, 108; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1938: 192, 358; 1953: 170; 1955: 63, 106, 137), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 97, 177, 223, 275, 277, 279).
ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით: „არის მეჯვდაზედ იკორთისა და კირბალის მთის ძირს, დაბა მეჯვდა ...“ (ქც 4: 368,2,3).
მდებარეობს გორის მუნიც-ში, მდ. მეჯუდას მარცხენა ნაპირზე, სოფლების მეჯვრისხევისა და პატარა მეჯვრისხევის ტერიტორიაზე (თაყაიშვილი 1951ა: 67; ხარაძე 1992: 109; სძა 1990: 61).
მეჯუდა მდებარეობდა მნიშვნელოვან სავაჭრო გზაზე (სძა 1990: 61). შედიოდა მეორე სასპასპეტოში (დადიანი 1962: 133,11). XVI ს-ში სამეფო დომენის შემადგენლობაშია (ნინიძე 1993: 65). 1605 წ. იქ გარდაიცვალა ქართლის მეფე გიორგი X (1600-1605). წყაროებში მოიხსენიება მეჯუდის ხევის, მეჯვრისხევის, მეჯუდის სახელებითაც (დადიანი 1962: 133,11; ბაგრატიონი 1986: 39, ქრონიკები 1967: 317).
მეჯუდა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
მისი ტერიტორიიდან ცნობილია შემთხვევითი არქეოლოგიური აღმოჩენები: ორი ორწახნაგა ცული დაქანებული ყუით, მრგვალი სატარე ხვრელით, თხელი ტანითა და მომრგვალებული ფხით; სპილენძის ოვალური ფორმის თასი ზედაპირზე ფრინველის გამოსახულებით. ნივთები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი). (ქორიძე 1965: 50, 51; კუფტინი 1941: 16, 17; 1950: 221).
1947 წ. მეჯვრისხევში შემთხვევით აღმოჩნდა სამარხი, რომელშიც მიცვალებულის ჩონჩხთან ერთად იყო შემდეგი ნივთები: თიხის ჭურჭელი, ოქროს ბეჭედი, სამი ვერცხლისა და ერთი ოქროს მონეტა. ვერცხლის მონეტები დაკარგულია. ოქროსი კი ალექსანდრე მაკედონელის სტატერის მინაბაძია. თარიღდება I-III სს-ით (პახომოვი 1949: 11; 1957: 9; დონდუა 1987: 81, 85). მასალის ნაწილი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი), ნაწილი – ს.მაკალათიას სახ. გორის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში. მეჯვრისხევის ტერიტორიაზე შემორჩენილია რამდენიმე ეკლესია და ერისთავების სასახლე. ღვთისმშობლის ადრე შუა საუკუნეების ჯვარ-გუმბათოვანი (8,2X8 მ) ეკლესია დგას ჩალისუბანში. ნაგებია რიყის ქვით. ღვთისმშობლის IX-X სს-ის დარბაზული (9,35X5,35 მ) ეკლესია დგას სოფლის აღმოსავლეთით. ნაგებია ქვიშაქვითა და შირიმის ქვით. აქვს შესასვლელი სამხრეთიდან და ფანჯრები აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლებზე. ღვთისმშობლის გვიანი შუა საუკუნეების დარბაზული (7,9X5,13 მ) ეკლესია დგას სოფლის ჩრდილოეთით. ნაგებია ქვიშაქვით, რიყის ქვითა და შირიმის ქვით. აფსიდა ნახევარწრიულია. აქვს შესასვლელი დასავლეთიდან და სარკმელები აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლებში. დაზიანებულია. კვირაცხოვლის გვიანი შუა საუკუნეების დარბაზული (5X3,2 მ) ეკლესია დგას სოფლის აღმოსავლეთით. ნაგებია რიყისა და შირიმის ქვით. აფსიდა ნახევარწრიულია. შესასვლელი აქვს სამხრეთიდან. წმინდა გიორგის გვიანი შუა საუკუნეების დარბაზული (5,9X3,95 მ) ეკლესია დგას სოფ. პატარა მეჯვრისხევის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ნაგებია ქვიშაქვითა და შირიმის ქვით. აფსიდა ნახევარწრიულია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. წმინდა გიორგის გვიანი შუა საუკუნეების დარბაზული (7X4,7 მ) ეკლესია დგას სოფ. პატარა მეჯვრისხევის ჩრდილო-დასავლეთით. ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. აქვს შესასვლელი სამხრეთიდან და სარკმელები აღმოსავლეთის, დასავლეთით და სამხრეთის მხრიდან. ღვთისმშობლის 1819 წ. აგებული დარბაზული (8,8X5,3 მ) ეკლესია დგას სოფ. პატარა მეჯვრისხევის ცენტრში. ნაგებია რიყის ქვით. აფსიდა ნახევარწრიულია. აქვს შესასვლელი სამხრეთიდან და თითო სარკმელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან. სამხრეთის კედელზე გაკეთებულია მხედრული სამშენებლო წარწერა. „უსანეთის“ 1851 წ. აგებული დარბაზული (12X7 მ) ეკლესია დგას სოფ. დიდი მეჯვრისხევის ცენტრში. ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. აფსიდა ნახევარწრიულია. აქვს შესასვლელები სამხრეთიდან და დასავლეთიდან და სარკმლები ოთხივე მხრიდან. მინაშენი დასავლეთიდანაა (სძა 1990: 63, 64, 81, 82).
ერისთავების XVII-XVIII სს-ის სახლი ორსართულიანია (17,5X15 მ). შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. პირველი სართულის დასავლეთ ნაწილში მარანია. გადაკეთებულია XIX ს-ში. მირმანოზ ერისთავის XVII-XVIII სს-ის ციხე-სასახლე დგას სოფ. დიდი მეჯვრისხევის ცენტრში. შემორჩენილია გალავნის ნაწილი, ცილინდრული კოშკის ორი სართული და კარიბჭე. გადაკეთებულია XVIII ს-ის შუა წლებში და XIX ს-ის დასაწყისში (სძა 1990: 62, 63).
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 39; გიულდენშტედტი 1962: 97, 177, 223, 275, 277, 279; გვასალია 1967: 50; 1983:25, 26, 60, 76, 95, 165, 169, 170; გვრიტიშვილი 1955: 171, 172, 272; დადიანი 1962: 133,11; დონდუა 1987: 85; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 208; 1953: 20, 105, 138, 183; თაყაიშვილი 1951ა: 67; კუფტინი 1941: 16, 17; 1949: 35; 1950: 221; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1938: 192, 358; 1953: 170; 1955: 63, 106, 137; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 142; ნინიძე 1993: 62-81; პახომოვი 1949: 11; 1957: 9; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1974: 103, 107, 108, 182; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 62, 342; სძა 1990: 62, 63; უვაროვა 1894: 189; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 140; 1972: 304, 433, 521, 571; 1981: 159, 391; 1985: 127, 179, 190, 576; ქრონიკები1897: 434; 1967: 317; ქც 4: 361,10; 368,3; 412,7; ქორიძე 1965: 50, 51; ყაუხჩიშვილი 1951: 281; ხარაძე 1992: 106, 109; ჯაფარიძე 1991: 123.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.