მა მგ მე მთ მი მლ მო მრ მტ მუ მც მძ მწ მჭ
მთა

მთაწმინდა


(ქც 4: 338,14). იხსენიება ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 338,14).

ლოკალიზდება თბილისში. წარმოადგენს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ განშტოებას.

გადმოცემის თანახმად მთაწმინდის აღმოსავლეთ კალთაზე VI ს-ში სენაკი გამოუქვაბავს ერთ-ერთ ასურელ მამას – დავითს, რის გამოც ამ მიდამოებს მამა დავითის სახელი შეერქვა. დავითის სამლოცველოს ადგილას IX ს-ში მდგარა ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია. 1542 წ. აქ ბერად შემდგარმა ძმებმა დავით და ნიკოლოზ გაბაშვილებმა ააგეს წმინდა დავითის ახალი ეკლესია. XVI ს-ის ბოლოს ის ხელახლა აუშენებიათ ათონის წმინდა მთის სახელით (აქედან – სახელწოდება მთაწმინდა). შემდომში ეს ეკლესია დიდხანს მდგარა დანგრეული. 1810 წ. ანტონ II-მ აქ ააგო ფერისცვალების ეკლესია. მეორე უფრო მოზრდილი ეკლესია აშენებულია 1871 წ. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონია (კვირკველია 1985: 56, 57). მთაწმინდა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

მთაწმინდის მიდამოებიდან ცნობილია შემთხვევით აღმოჩენილი მინის სანელსაცხებლე (არქ. მას. კატ. 1955: ტაბ. 44,2). მთაწმინდის მუნიც-ის მიდამოებში, გრიბოედოვის ქ. №20-თან გამოვლენილია გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამაროვანი (თბილისი 1978: 202). 1930 წ. ბესიკის ქუჩაზე, სახლის მშენებლობისას აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი. მათგან ერთი დოქის თარიღი განისაზღვრა ანტიკური ხანით. მასალის უმრავლესობა შუა საუკუნეებისაა (ქორიძე 1958: 77). ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი). შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები მიკვლეულია მთაწმინდის აღმოსავლეთ ფერდობზე (თბილისი 1978: 202).
 
ბიბლიოგრაფია: არქ. მას. კატ. 1955: ტაბ. 44,2; ბაქრაძე 1875: 104; თბილისი 1978: 202; იოსელიანი 1866; კვირკველია 1985: 56, 57; ქც 4: 338,14; ქორიძე 1958: 77; ჩორგოლაშვილი 1979; 105.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9