მა მგ მე მთ მი მლ მო მრ მტ მუ მც მძ მწ მჭ
მინ მის მიტ

მისაქციელი

სოფელი (ქც 4: 351,15; 353,9).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 351,15, 353,9), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი ტექსტი (ქც 2: 391,4), XIV-XVIII სს-ის ისტორიული დოკუმენტები (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 179, 257, 549; 1974: 627; 1985: 518; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 143), დავით ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი დავით 1941: 15), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 34).

ვახუშტი ბაგრატიონი მისაქციელის შესახებ გადმოგვცემს: „ნარეკუავის ჩდილოთ, არაგვის პირს, არს საფურცლე და საფურცლის ჩრდილოთ მისაქციელი, მთის ძირს“ (ქც 4: 351,13-15).

მდებარეობს მცხეთის მუნიც-ში, მდ. არაგვის მარჯვენა მხარეს, თანამედროვე სოფ. მისაქციელის ადგილას.

XIV ს-ში ის სვეტიცხოვლის კუთვნილებაა (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 179; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 143). 1612 წ., ირანში გადახვეწის წინ, გიორგი სააკაძე ნუგზარ არაგვის ერისთავს მისაქციელში შეხვდა (ქც 2: 391,4). 1778 წ. ლევან ბატონიშვილმა მისაქციელში დაამარცხა ლეკები (ბაგრატიონი დავით 1941: 15). XVIII ს-ის მეორე ნახევარში სოფ. მისაქციელი მუხრან-ბატონებს ეკუთვნოდა (ბაგრატიონი 1986: 34). მისაქციელზე გადიოდა შიდა ქართლის (ძალისა-წილკნის) მთავარი გზა, რომელიც არაგვისპირისაკენ ან ნატახტარ-მცხეთისაკენ უხვევდა. სოფლის სახელწოდებაც გზის მიმართულებას მიუთითებდა (ბერძენიშვილი1960: 163; 1964: 421).

მისაქციელი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

1982-1983, 1988 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური ცენტრის მცხეთის ექსპედიციამ სოფლის დასავლეთით, მუხრანის ველზე შეისწავლა გვიანანტიკური და ადრე შუა საუკუნეების ნამოსახლარი; რიყის ქვით ნაგები და თიხით მოლესილი მარნის კედლის ნაშთი. ნამოსახლარის სამხრეთ-დასავლეთით, 400მ დაშორებით გამოვლინდა ქვაყრილიანი ყორღანი (დმ 30 მ) (აფაქიძე...1997:68).

სოფლის დასავლეთით, ახალუბანში გვიანი შუა საუკუნეების ნასოფლარზე გაითხარა ფურნის კომპლექსი, ნაგები რიყისა და ფლეთილი ქვებით კირხსნარზე. შენობა ოთხკუთხაა (44 კვ მ). მასში გამართული იყო რვა ცილინდრული ფორმის ღუმელი და კერა. ნასოფლარზე აღმოჩნდა დარბაზული ტიპის ეკლესია ნახევარწრიული აფსიდით (4X2,6 მ) და ორი დანგრეული სამარხი. ერთ მათგანში გამოვლინდა ბრინჯაოს ბეჭედი არაბული წარწერით (აფაქიძე ... 1986: 31).

მისაქციელის სამხრეთ-დასავლეთით აგურითა და რიყის ქვით ნაგები ღვთისმშობლის XIX ს-ის დარბაზული (12,4X7,5 მ) ეკლესიაა. სწორკუთხა საკურთხეველი დარბაზისაგან ორი პილასტრითაა გამოყოფილი. შესასვლელი დასავლეთით მიშენებული კარიბჭიდანაა. აღმოსავლეთი კედლის ღერძზე ერთი სარკმელია. სამ-სამი სარკმელია გრძივ კედლებში. ინტერიერი შელესილია. ეკლესიას დასავლეთით მიშენებული აქვს სამრეკლო, რომელიც სამ მხარეს ნახევარწრიული თაღებითაა გახსნილი. ეკლესიას შემოვლებული აქვს აგურის საფეხურიანი ლავგარდანი (სძა 1990: 295).
 
ბიბლიოგრაფია: აფაქიძე ... 1986: 31-37; აფაქიძე ... 1997: 65-70; ბაგრატიონი დავით 1941: 15; ბაგრატიონი 1986: 34; ბერძენიშვილი 1960: 140, 162, 163; 1966: 16, 60; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 143; სძა 1990: 294, 295; ქც 2: 391,4; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 179, 257, 549; 1974: 627; 1985: 518; ქც 4: 351,15; 353,9.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9