მა მგ მე მთ მი მლ მო მრ მტ მუ მც მძ მწ მჭ
მოგ მოდ მოვ მომ მოს მოქ მოხ

მოდინახე (მოდამნახე )

ციხე (ქც 4: 760,14).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4:7 60,14), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 176), ქართული ისტორიული საბუთები (სიგელები 1891: 1, 2; კაკაბაძე 1914: 92; ქრონიკები 1967: 367; ისტ. დოკ. 1958: 44), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 301).

ვახუშტი ბაგრატიონი მოდინახეს (მოდამნახეს) შესახებ გადმოგვცემს: „საჩხერის პირისპირს, ყვრილის ჩდილოთ არს, მაღალს კლდესა ზედა, ციხე მოდამნახე, მოზღუდვილი კლდითა, მაგარი და უბრძოლველი მტრისაგან“ (ქც 4: 760,13-15).

მდებარეობს საჩხერის მუნიც-ში, საჩხერიდან ჩრდილოეთით, 1 კმ-ის დაშორებით, საჩხერესა და სოფ. დუნთას შორის, რაჭის ქედის დაბალ ქიმზე.

ციხე იყო ფალავანდიშვილებისა და შემდეგ საჩხერელი წერეთლების რეზიდენცია. 1735 წ. მოდინახეს ციხეში თავს აფარებდა მეფე ალექსანდრე V-ის (1720-1740, 1741-1752) წინააღმდეგ აჯანყებული პაპუნა წერეთელი. ალექსანდრემ ციხე რამდენჯერმე უშედეგოდ დალაშქრა. 1766 წ. იმერეთში ოსმალთა ლაშქრობისას მეფე სოლომონ I (1752-1784) თავის ოჯახით მოდინახეს გაიხიზნა. 1767 წ. წერეთლების საგვარეულომ „საძმო ციხე“ მოდინახე მეფეს გადასცა (კაკაბაძე 1914: 92). 1776 წ. წერეთლების გაყრისას მოდინახეს ციხე პაპუნა წერეთელს დარჩა (სოსელია 1966: 120). 1779 წ. რუხის ბრძოლაში მოპოვებული ნადავლი – ორი ზარბაზანი, სოლომონ I-მა მოდინახეს ციხეს უძღვნა (ქრონიკები 1967: 367). 1810 წ. იმერეთის აჯანყების დროს მოდინახეს ციხე ამბოხებულებს ეკავათ. აჯანყების დამარცხების შემდეგ ციხეში რუსის ჯარი ჩადგა.

მოდინახეს შესახებ არსებობს ლეგენდა. თავად პაპუნა წერეთელს მოსწონებია თავად აბაშიძის ასული და მისთვის დამოყვრების სურვილი შეუთვლია. დავით აბაშიძეს შუამავლისათვის დაცინვით უთქვამს უციხო წვივშავიძეს ქალს როგორ მივცემო. გაბრაზებულ თავადაზნაურობას დავითზე გალაშქრება შეუთავაზებია პაპუნასათვის, მაგრამ პაპუნამ ძმათა სისხლის ღვრას ოფლის ღვრა ამჯობინა და დაუწყია ციხის შენება. როცა დაუმთავრებია, დავითისათვის შეუთვლია „მოდი, ნახეო“ და დარქმევია ციხეს მოდინახე (სოსელია 1981: 84,სქ.21).

1961 წ. მოდინახეს ციხის სამხრეთ ფერდზე გზის გაყვანის დროს დაზიანდა სხვადასხვა ეპოქის ფენები. იქ აკრეფილი მასალის ნაწილი დაიკარგა, ნაწილი ინახება საჩხერისა და სოფ. ქორეთის საშუალო სკოლების მუზეუმებში. მანამდე, ხვნის დროს სოფ. დუნთის მცხოვრებლები პოულობდნენ კერამიკის ფრაგმენტებს, ლითონის იარაღსა და სამკაულებს. 1966-1970 წწ. საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ჯ. ნადირაძე) მოდინახეს ციხის სამხრეთი ფერდის გათხრებისას გამოავლინა სამი ფენა: პირველ ფენაში მოპოვებლია ძირითადად ხელით ნაძერწი, სქელკედლიანი, ორ-სამფენიანი კეცის მქონე, მონაცრისფრო ან ვარდისფერსარჩულიანი ზედაპირანგობირებული და გაპრიალებული დიდი ზომის ჭურჭლის ნატეხები და მასიური ყურები. ფრაგმენტების ნაწილი შემკულია ტალღისებური სარტყლებით ან ჩაღრმავებული ხაზებისაგან შედგენილი სპირალებით. კერამიკა თარიღდება ადრებრინჯაოს ხანით (ნადირაძე 1975: 13, 14). მეორე შეიცავდა ნახშირ-ნაცროვან შრეებს. მათ შორის თიხატკეპნილი იატაკების ნაშთია. ფენაში უხვადაა კერამიკული ფრაგმენტები, ლითონის ნაწარმი, სამკაული და ცხოველთა ძვლები. აღსანიშნავია სიუხვე სხვადასხვა ზომის ზოომორფულყურიანი კერამიკისა, რომლებიც დამზადებულია ჩარხზე მსხვილმინარევიანი თიხისაგან და გამომწვარია მოშავოდან მუქ წითლად. ზოგიერთის ზედაპირი ნაპიალებია. აღნიშნული კერამიკა დამახასიათებელია საჩხერის რეგიონის გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ძეგლებისათვის და ატარებს როგორც კოლხური, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს თანადროული ძეგლების კერამიკისათვის დამახასიათებელ ნიშნებს. მასალა თარიღდება ძვ. წ. I ათაწლეულის პირველი ნახევრით. უფრო ადრეულია (ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარი) ლითონის ნივთები – ბრინჯაოს ორფრთიანი ისრისწვერები და მასიური მავთულისაგან დამზადებული თავხვია საკინძები (ნადირაძე 1975: 21). მესამე ფენა მეორისაგან გამოყოფილია თიხნარი შრით. ფენაში უხვადაა კერამიკის ფრაგმენტები, ლითონის ნაწარმი და ოსტეოლოგიური მასალა. თიხის ჭურჭელი დამზადებულია ჩარხზე, მსხვილმარცვლოვანი თიხისაგან. ჭურჭლის პირის გარეთა სიბრტყე შემკულია გეომეტრიული და მცენარეული მოტივებით (რომბები, წიწვოვანი, თევზიფხური). გვხვდება კარგად განლექილი თიხისაგან დამზადებული მოყავისფროდ ან მოშავოდ გამომწვარი პირშეზნექილი ან პირგადაშლილი უქუსლო ღრმა ჯამები; პირბაკოიანი და ფართოყელიანი დიდი ზომის ჭურჭლის ნატეხები; ყურმილიანი დოქის ფრაგმენტები; წითლად მოხატული ჭურჭლის ნატეხები და ბერძნული შავლაკიანი ჭურჭლის ფრაგმენტები; ძვ. წ. VII-VI სს-ით დათარიღებული სკვითური ისრისპირები და სხვ. (ნადირაძე 1975: 24).

მოდინახეს სამხრეთ ფერდზე გამოვლენილი და შესწვალილია ადრეანტიკური, ელინისტური, გვიანანტიკური ხანის სამარხები.

ადრეანტიკური და ელინისტური სამარხებისათვის დამახასიათებელია ოვალური ორმოსამარხი, ზოგჯერ გვერდზე შემოწყობილი ქვებითა და დაფარული ქვაყრილით. მიცვალებული დაკრძალულია ძლიერ მოხრილ პოზაში მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით დასავლეთით ან სამხრეთით. ადრეანტიკურ სამარხებში გამოვლენილია პირმოყრილი და პირგადაშლილი ბრტყელძირიანი ფიალები, ცალყურა ხელადები, ფართოკორპუსიანი ხელადები, ყურმილიანი დოქები, ყურიანი ქოთნები, სარძევეები, ხელადები, დიდი ზომის ჩაფები, ვერცხლის საკისრე რკალი, თავგახსნილი სამაჯური, ოქროს სხივანა საყურეები, ოქროს მძივები და ვერცხლის კოლხური მონეტები.

სამარხი №4 მდებარეობდა მიწის ზედაპირიდან 1,6 მ სიღრმეზე. ოვალური ფორმის ორმოს იატაკი მოკირწყლული იყო კირქვის მცირე ნატეხებით. მიცვალებული ესვენა მარცხენა გვერდზე ძლიერ მოხრილ პოზაში, თავით დასავლეთით. მარჯვენა ხელის მტევანი იდო მუცლის არეში, მარცხენა გაშლილი ჰქონდა ბარძაყის გასწვრივ. სამარხში აღმოჩნდა: თიხის შავად და რუხად გამომწვარი ჯამები, ლეგა-მოწითალო ფერის ყურიანი ქოთანი და ყურმილიანი ხელადა, მოყვითალო კეციანი დოქი, რკინის ბურთულებიანი სამაჯური, ოქროს სხივანა საყურეები, ოქროს 36 მძივი. ვერცხლის 4 კოლხური მონეტა მიცვალებულს პირში ჰქონდა ჩადებული.

ელინისტური ხანის სამარხებში გამოვლენილია: წითელპრიალა დოქები მსხლისებური ტანით; ბრინჯაოს ზურგშეზნექილი სამაჯურები, რკინის ბურთულებიანი სამაჯურები; ბრინჯაოს ორწილადი მშვილდსაკინძი; ვერცხლის თხელფურცლოვანი ფიალა; ოქროს რგოლები. ბრინჯაოს თხელი ფირფიტისაგან დამზადებული საბეჭდავი ბეჭედი, ფარაკზე ამოკაწრული ფრინველის გამოსახულებით.

მოდინახეს სამხრეთ ფერდზე გაითხარა 40-მდე გვიანანტიკური ხანის სამარხი, ჩაშვებული გვიანბრინჯაოს ხანის ფენაში. სამარხები მართკუთხა ფორმის ორმოებია ან ორმოსამარხები, ცალპირა ქვის მშრალი წყობით შემოზღუდული. მიცვალებულთა დაკრძალვის პოზა სხვადასხვაა: ძლიერ მოხრილ-მოკრუნჩხული პოზა მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით დასავლეთით; გულაღმა გაშოტილი და ფეხებმოხრილი; გაშოტილი, თავით დასავლეთით. ერთი შემთხვევაა წყვილადი დაკრძალვისა, სადაც ერთი მიცვალებული დამარხული იყო გაშოტილი, მეორე მოკრუნჩხული, მარცხენა გვერდზე თავით დასავლეთით.

ორმოსამარხი №36 აღმოჩნდა მიწის ზედაპირიდან 0,9 მ სიღრმეზე. სამარხი დიდი ფლეთილი ქვებით იყო შემოზღუდული. მიცვალებული დაკრძალული იყო გულაღმა გაშოტილი, თავით დასავლეთით. თავი იდო ვერცხლის თასზე. ორმოს სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში იდგა ვერცხლის სურა. ცენტრში, მიცვალებულის მარჯვენა მკლავსა და ნეკნებს შორის 2 ოქროს მონეტა იდო. ორმოს სამხრეთ კედელთან, მიცვალებულის მარჯვენა ბარძაყის ძვალთან, ოქროთი გაწყობილი სატევარი და რკინის დანა იდო. მარცხენა ხელის თითზე ჰქონდა სარდიონის თვლიანი ოქროს ბეჭედი. წელის არეში ოქროს 2 ბალთა აღმოჩნდა. მიცვალებულს ფეხებთან ეწყო ვერცხლის 3 კოჭსაფარი და რკინის სამწახნაგა ისრისპირი. სამარხში გამოვლინდა თიხის ჭურჭელიც (ნადირაძე 1975: 56).

სამაროვანზე გამოვლენილი სამარხეული ინვენტარი მრავალფეროვანია. კერამიკა წარმოდგენილია: კარგად განლექილი თიხისაგან დამზადებული ზედაპირნაპრიალები, მრგვალპირიანი და სამტუჩა დოქებით, აგრეთვე მსხლისებურტანიანი დოქებით; დიდი ზომის მრგვალმუცლიანი, დაბალყელიანი ორყურა ჩაფებითა და სხვ. საომარი იარაღიდან გვხვდება: ორპირლესული სატევრები; მასრაგახსნილი შუბისპირები; ოდნავ მოხრილი დანები და ისრისპირები. ლითონის ჭურჭლიდან აღსანიშნავია: ვერცხლის სურა და სხვადასხვა ორნამენტით შემკული თასები. სამკაულები რკინის, ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროსია. საყურეებში 7 ტიპი გამოიყოფა, ბეჭდებში 4 ტიპი. გემებზე გამოსახულია: არწივი, თხა, გორგონას თავი და მონადირე. გვხვდება ბრინჯაოს მშვილდსაკინძები, ქინძისთავები, ოქროს ღილები, კილიტები. მძივები მინის, პასტის, გიშრისა და სარდიონისაა. ოქროს მონეტები ეკუთვნის კონსტანტინე დიდს (306-337) და კონსტანციუს II-ს (337-361).

ციხის შიდა ტერიტორიაზე გაჭრილ სადაზვერვო თხრილებში 3 მ სიღრმეზე აღმოჩნდა ადრეანტიკური ხანისათვის დამახასიათებელი პირმოყრილი ჯამები და კოლხური სასმისების ფრაგმენტები. აგრეთვე კარგად გათლილი ქვის კვადრები. ჩანს, ადრეანტიკურ ხანაში ამ ადგილზე იდგა ქვათლილებით აგებული შენობა – სავარაუდოდ, საფორტიფიკაციო ნაგებობა, რომლის ადგილზე მოგვიანებით აიგო მოდინახეს ციხე (ნადირაძე 1975: 43-79). არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). ციხის შემორჩენილი კედლები საფუძვლამდე დაინგრა 1991 წ. 29 აპრილის მიწისძვრის შედეგად (გიორგაძე 1991: 86, 87).
 
ბიბლიოგრაფია: ბოჭორიძე 1995: 250; ბურჯანაძე 1961: 132; გიორგაძე 1991: 86, 87, ტაბ. XIII, XIV; გიულდენშტედტი 1962: 301; დადიანი 1962: 176; ისტ. დოკ. 1958: 44; კაკაბაძე 1914: 92; ნადირაძე 1975: 72-75; 1971ა: 185-187; 1972: 38-40; 1972ა; 1975: 11-79; ნადირაძე 1990: 110-127; ნიკოლეიშვილი 1978: 102, 103; სიგელები ... 1891: 1, 2; სოსელია 1966: 126, 191; 1981: 84; ქც 4: 760,14; ქრონიკები 1967: 367.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9