ციხე, ეკლესია (ქც 4: 347,3).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 347,3), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 33).
ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, „არს გუჯარეთის ჩდილოთ, მაღალს მთის თხემსა ზედა, ციხე თოთხამი მჭვრეტი ქართლ-იმერეთისა. ამას ქუეით არს ციხე მომწვარას, და ეკლესია მცირე, და შენობანი დიდნი“ (ქც 4: 347,1-3).
მდებარეობს ისტორიული თორის ტერიტორიაზე, ბორჯომის მუნიც-ში, მდ. გუჯარეთისწყლის შუა წელზე, გუჯარეთის ჩრდილოეთით (ბერძენიშვილი 1985: 31).
მომწვარას ციხეზე გადიოდა ქართლიდან თრიალეთსა და ჯავახეთში მიმავალი გზები (ბერძენიშვილი 1966: 45). მომწვარას ციხე საციხისთავო ერთეულის ცენტრი უნდა ყოფილიყო (ბერძენიშვილი, გიორგაძე ... 1987: 31, 64).
მომწვარას ადრე შუა საუკუნეების ციხეზე შემორჩენილია გალავნის ნაწილი და შენობის ნანგრევები. მათ შორის გვხვდება წრიული ფორმის წყალსაცავი. ციხის ფართობია 50X30 მ. კედლების სისქე დაახ. 2 მ-ია. გალავნის აღმოსავლეთ ნაწილში ოთხ-კუთხა კოშკია (2X3 მ). ეკლესია, რომელიც ვახუშტი ბაგრატიონთანაა მოხსენიებული, აღარ არსებობს (ბერძენიშვილი 1985: 31-33; ბერძენიშვილი, გიორგაძე ... 1987: 31).
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 33; ბერძენიშვილი 1985: 10, 46; ბერძენიშვილი, გიორგაძე ... 1987: 31; ბერძენიშვილი 1966: 45; მაკალათია 1957: 18; ქც 4: 347,3.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.