(ქც 4: 780,22; 781,4, სქ. 1; 845,23). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 780,22; 781,4, სქ. 1; 845,23), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 270,6), მოქვის სახარება (ქრონიკები 1897: 172, 173), მარტვილის მეტაფრასი (ქრონიკები 1897: 435), გელათის წმინდა გიორგის სახ. მონასტრის ხელნაწერი (ქრონიკები 1897: 436), ლიხთ-იმერეთის 1737 წ. რუკა (ბურჯანაძე 1959: 194), თეოდოსი განგრელის „მოგონებები“ (გეორგიკა 1941: 50), ჟან შარდენის „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“ (შარდენი 1975: 147), არქანჯელო ლამბერტის „სამეგრელოს აღწერა“ (ლამბერტი 1938: 120), დონ ქრისტოფორო დე კასტელის „ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ“ (კასტელი 1975: 176), პავლე ალეპოელის „საქართველოს აღწერილობა“ (მასალები XVII საუკუნის ... 1973: 71), ელჩინის „მუხლობრივი აღწერილობა“ (ლიხაჩოვი 1954: 214), პატრიარქი მაკარიოსი (ჟუზე 1905: 32, 46), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 171, 325; 1964: 49, 53, 201, 215).
ვახუშტი ბაგრატიონი მოქვის შესახებ გადმოგვცემს: „ეგრისის მდინარის დასავლით დის მოქვის მდინარე ... ამ მდინარის ზედა, მთაში, არს მოქუს ეკლესია“ (ქც 4: 780,20-22).
მდებარეობს ოჩამჩირის მუნიც-ში, ქ. ოჩამჩირის დასავლეთით, მისგან 17 კმ-ის დაშორებით, მდ. მოქვის ნაპირზე.
აფხაზთა მეფის ლეონ III-ის დროს (957-967) მოქვი საეპისკოპოსო ცენტრი გახდა. XIII-XVIII სს-ში ის დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეკლესიო და კულტურული ცენტრი იყო.
მოქვის არქეოლოგიური ძეგლები 1934 წ. მოიხილა ვ. სოლოვიოვმა (სოლოვიოვი 1950: 273, 274). 1978 წ. სადაზვერვო ხასიათის სამუშაოები ჩაატარა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის აფხაზეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. მ. ბარამიძე).
სოფ. მოქვში დადასტურებულია მუსტიეური ხანის „ღია“ სადგომი (საქ. არქ. 1991: 86). მდ. მოქვის შესართავში, მის მარჯვენა ნაპირზე, ზღვიდან 200 მ დაცილებით, ბუნებრივი ბორცვის თხემზე მდებარეობს ძვ. წ. VIII-VII სს-ის ნამოსახლარი (ფართობი 1 ჰა). ფენებში აღმოჩნდა ხის დანახშირებული ფრაგმენტების, ზოგჯერ მთლიანი მორების ნაშთები და ბათქაშების ფრაგმენტები, რიყის ქვის ფენილები, ნახევარმიწურები (4X1,5 მ); ქვევრებისა და ქოთნების პირები, ხუფები, ზოომორფული ყურები, ჯამები, ბრინჯაოს სეგმენტური იარაღი, ქვის სახეხები და ქვის უროს ნამზადი (კვირკველია 1981: 8-10; ფხაკაძე ... 1981: 85-87).
ზღვის პირას, მდ. მოქვის მარცხენა ნაპირზე, დაფიქსირებულია ქსოვილის ანაბეჭდიანი კერამიკის შემცველი დიუნური ტიპის სადგომი (ბარამიძე ... 1982: 85, 86). ბორცვის აღმოსავლეთ მონაკვეთზე აღმოჩნდა ამფორის ძირები, საყურეები, სამაჯურები, რომლებიც ელინისტურ პერიოდს განეკუთვნება (ბარამიძე ... 1982: 96).
მოქვის მიდამოებში გამოვლინდა ქვის ფილაზე ამოკვეთილი XII ს-ის სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა (სილოგავა 1980: 147, 148). ზუგდიდში ინახება მოქვის ხატი მხედრული წარწერით: „მოქვისა ღვთისმშობელო, ჩვენ აფხაზეთისა კათოლიკოსმა ეფთიმი საყვარელიძემ მოვაჭედინე ხატი და დავასვენე ტაძრისა შენსა მოქვს“ (ქრონიკები 1897: 435, 436).
მოქვის ტაძარი მდებარეობს ამაღლებულ, მოვაკებულ ადგილზე, რომელსაც სამხრეთ-დასავლეთით ჩამოუდის მდ. მოქვი, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდ. დვაბი. ტაძარი წაგრძელებული ფორმის გუმბათოვანი ნაგებობაა. ნაგებია თლილი ქვებით. აშენებულია აფხაზთა მეფის, ლეონ II-ის მიერ (957-967) (ციციშვილი 1955: 64). ფრესკები და წარწერები აღარაა შემორჩენილი. სამეცნიერო ლიტერატურაში დაცული ცნობების მიხედვით ტაძარში ასეთი ბერძნული წარწერა ყოფილა: „მოიხატა მეფე ალექსი კომნენისა და დავით...“. ის შესრულებული უნდა ყოფილიყო 1089-1118 წწ. (პომიალოვსკი 1881: 42; ბაქრაძე 1875: 103; ყაუხჩიშვილი 1951: 30, 31).
- ბიბლიოგრაფია: ბარამიძე ... 1982: 64-68; ბაქრაძე 1875: 103; ბურჯანაძე 1959: 194; გეორგიკა 1941: 50; გიულდენშტედტი 1962: 171, 325; 1964: 49, 53, 201, 215; დიუბუა დე მონპერე 1937: 149, 160; კასტელი 1976: 176; კვირკველია 1981; ლამბერტი 1938: 120; ლიხაჩოვი 1954: 214; მასალები XVII საუკუნის ... 1973: 71; პომიალოვსკი 1881: 42; ჟუზე 1905: 32, 46; საქ. არქ. 1991: 86; სილოგავა 1980: 147, 148; სოლოვიოვი 1950: 273, 274; ფხაკაძე ... 1981: 85-87; ქრონიკები 1897: 172, 173, 435, 436; ქც 1: 270,6; ქც 4: 780,22; 781,4,სქ.1; 845,23; ყაუხჩიშვილი 1951: 30, 31; შარდენი 1975: 147; ციციშვილი 1955: 64.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.