აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
ასკ ასპ

ასკანა

ციხე (ქც 4: 791,3).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 791,3), „შემოქმედის გულანი“ (ქრონიკები 1967: 282, 607), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (ისტ. დოკ. ... 1958: 147; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 260), კასტელის „ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ“ (კასტელი 1976: 38, 182), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 313).

მდებარეობს ოზურგეთის მუნიც-ში, მდ. ბახვისწყლის მარცხენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. ასკანის ტერიტორიაზე.

სოფელი ასკანა წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება XVIII ს-ის პირველ ნახევარში (კასტელი 1976: 138, 182). 1764 წ. ოსმალეთის ჯარმა ასკანის ციხე აიღო. იმავე წელს მამია I-მა გურიელმა და სოლომონ I-მა (1752-1784) ასკანის ციხე გაათავისუფლეს (ქრონიკები 1967: 282, 607). XVIII ს-ის მიწურულს ასკანის ციხე აზნაურმა დავით ასათიანმა დაისაკუთრა, მაგრამ მცირეწლოვან მამია V გურიელის მეურვემ, ქაიხოსრომ მიტაცებული ციხე უკან დაიბრუნა. 1804 წ. ასკანის მეციხოვნედ უკვე სვიმონ თაყაიშვილია. ასკანის ციხე „თამარის ციხის“ სახელითაც არის ცნობილი (სოსელია 1967: 71).

1961 წ. ასკანასა და მის მიდამოებში არქეოლოგიური დაზვერვები ჩაატარა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტისა და ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გაერთიანებულმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ნ. ბერძენიშვილი), რომელმაც იქ გამოავლინა რკინის სადნობი სახელოსნოები. 1974-1975 წწ. იმავე ინსტიტუტების ერთობლივმა ექსპედიციამ (ხელმძღ. დ. ხახუტაიშვილი) გათხარა ასკანასა და მის მიდამოებში აღმოჩენილი სახელოსნოები (ხახუტაიშვილი 1977: 19). 1991 წ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის გურიის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ვ. სადრაძე) დაზვერვითი სამუშაოები ჩაატარა ასკანის ციხეზე (სადრაძე ... 1994: 7).

ასაკანასა და მის მიდამოებში რკინის სადნობი სახელოსნოები განლაგებულია ხევების პირას, შემაღლებულ, წითელმიწიან (ცეცხლგამძლე) ადგილებზე. სახელოსნო ასაკანა I აღმოჩნდა სოფლის ტერიტორიაზე. იქ გამოვლინდა: რკინის სადნობის ქურა, წიდები, ქურის შელესილობის ნატეხები, სანაყი ქვები, საბერველის, საქშენი მილებისა და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. ასკანა I თარიღდება ძვ. წ. X-XI სს-ით (ხახუტაიშვილი 1977: 22-24). ასკანა II-1 და ასკანა II-2 სახელოსნოები აღმოჩნდა მდ. წყალწითელა პირველის სათავესთან მდებარე ბორცვზე. სახელოსნოებში დადასტურდა წაკვეთილი პირამიდის ფორმის ქურები, რომლებიც შევსებული იყო რიყის ქვებითა და ალიზის ნატეხებით. გადანაყარში (80 კვმ) აღმოჩნდა: რკინის წიდები, საქშენი მილებისა და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. ასკანა II-1 თარიღდება ძვ. წ. XII ს-ის დასასრულით, ასკანა II-2 – ძვ. წ. XIII ს-ის დასასრულით.

ადგილ კვირისთავში, ფერდობზე, აღმოჩნდა ასკანა III-1 სახელოსნო, სადაც გამოვლინდა: საწარმოო ნარჩენები, სამფეხა ტიგელის ნატეხი, საქშენი მილებისა და თიხის ზოომორფულყურიანი ჭურჭლის ნატეხები. ასკანა III-1 დათარიღდა ძვ. წ. I ათასწლეულით. მისგან 50 მ დაშორებით გაითხარა ასკანა III-2 სახელოსნო, რომლის გადანაყარში აღმოჩნდა წიდები, შელესილობის ნატეხები, საქშენი მილებისა და თიხის ჭურჭლის ნატეხები, ასკანა III-2 სახელოსნო ზოგადად დათარიღდა ადრეანტიკური ხანით. ასკანა III-2 მახლობლად აღმოჩნდა ასკანა III-3 სახელოსნოს რკინის სადნობი ქურა (1,40X0,30-0,40მ), რომელსაც წაგრძელებული ფორმა ჰქონდა. ქურის სამი კედელი ამოჭრილ ორმოში ამოუყვანიათ, მეოთხე – ქურის იატაკზეა დაშენებული. ერთ-ერთი კედლის ძირთან, ნახევარსფერულ ჩაღრმავებაში გამდნარი მასა გროვდებოდა. ძირი და კედლები ქვის ფილებით იყო მოპირკეთებული, ზემოდან თიხის ხსნარით გადაელესათ. ქურა ამოვსებული იყო ქვებით, დამწვარი თიხითა და წიდებით; საბერველის საქშენი მილები და თიხის ჭურჭლის ნატეხები აღმოჩნდა ორმოში. ასკანა III-3 სახელოსნო ადრეანტიკური ხანით დათარიღდა.

სახელოსნო ასკანა IV აღმოჩნდა ადგილ მოსკანეთში. იქ გამოვლინდა: რკინის სადნობი ქურა; ქვებით მოპირკეთებული ორმო; რიყის ქვებისაგან შედგენილი წრიული მაგიდა (დმ 100 სმ). ქურაში აღმოჩნდა საქშენი მილის ნატეხები. გადანაყარში აიკრიფა: წიდები, ქურის შელესილობის, საქშენი მილებისა და თიხის ჭურჭლის ნატეხები. სახელოსნო დათარიღდა ძვ. წ. X ს-ის დასასრულით (ხახუტაიშვილი 1977: 19-23; 1981: 3-37, მიქელაძე ...1979:104)

სოფ. ასკანაში ყოფილა გუმბათიანი ხის ეკლესია, სადაც აღმოჩნდა ხატი წარწერით: „... წმიდა ესტატე მოგიჭედე ხატი ესე ... ბეჟან ასათიძემან“ (ბაქრაძე 1987: 173). ეკლესია ამჟამად აღარ არსებობს.

ასკანის ციხე შუა საუკუნეების საფორტიფიკაციო ნაგებობაა. ნაშენია ფლეთილი ქვით კირხსნარზე. ციხის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში შესასვლელია. შიდა ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია ქვევრები და წრიული ფორმის ქვის აუზები. ციხის შესასვლელის მარცხნივ ორმოა, რომელიც, გადმოცემით, ბახვისწყალზე ჩასასვლელი გვირაბია. ციხის ტერიტორიაზე სასახლისა და ეკლესიის ნანგრევებია შემორჩენილი. ეკლესია წარმოადგენდა თლილი ქვით ნაშენი ბაზილიკის ტიპის ნაგებობას (კიღურაძე 1889: 2; სოსელია 1967: 69-71; სადრაძე 1994: 7).
 
ბიბლიოგრაფია: ბაქრაძე 1987: 173; ბერძენიშვილი 1966: 88; გიულდენშტედტი 1962: 313; გძელიშვილი 1964ბ: 32; ინაიშვილი ... 1978: 101-103; ისტ. დოკ. ... 1958: 147; კასტელი 1976: 38, 182; კიღურაძე 1889: №35; მიქელაძე ... 1979: 103-108; სადრაძე ... 1994: 7; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 260; სოსელია 1967: 69-71; ქც 4: 791,3; ქრონიკები 1967: 282, 607; ჭანიშვილი 1997: 243-248; ხახუტაიშვილი 1977: 19-23; 1981: 3-37; ჯავახიშვილი 1934: 456, 458, 460.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9