მა მგ მე მთ მი მლ მო მრ მტ მუ მც მძ მწ მჭ
მტკ მტუ

მტკურის ციხე


(ქც 4: 352,1; 394,8). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 352,1; 394,10), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი და მეორე ტექსტი (ქც 2: 350,28,31; 351,16; 488,26,27,29), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 132).

ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „ციხისძირის სამხრით არის ციხე მტკურისა, სარკინეთის მთასავე ზედა, რომელი აღაშენა მეფის კონსტანტინეს ძემან ბაგრატ“ (ქც 4: 352,1-3). ვახუშტი ბაგრატიონი მტკვრის ციხეს მოიხსენიებს მდ.მტკვრისა და ქციის შესართავშიც (ქც 4: 324,10-14).

მდებარეობს მცხეთის მუნიც-ში, სარკინეთის მთაზე, სავანეთის ქედის ბოლო მწვერვალზე, მდ. ქსნის მარცხენა მხარეს, მტკვართან შეერთების ადგილზე, სოფ. ციხისძირის პირდაპირ.

წყაროებში ციხე გვხვდება XVI ს-იდან. ბერი ეგნატაშვილი მას მოიხსენიებდა როგორც მტუერის ციხეს (ქც 2: 350,28,31; 351,16; 488,26,27,29). მოსახლეობა მას ქსნის ციხეს უწოდებს. 1513 წ. კახეთის მეფე ავგიორგიმ (1511-1513) ალყა შემოარტყა მტკვრის ციხეს, მაგრამ ვერ აიღო და უკან გაბრუნდა. ავგიორგი მალევე მობრუნებულა. როცა ის მცირე ამალით ნადირობდა, ქართლის მეფე დავით X-ის (1505-1525) ძმამ, ბაგრატმა დაატყვევა და მტკვრის ციხეში დაამწყვდია. ავგიორგი იქვე მოკლეს 1513 წელს (ზაქარაია 1973: 107). მტკვრის ციხის სიმტკიცესა და გამძლეობაზე არსებობს თქმულება: სამთვიანი ალყის დროს ავგიორგის ბაგრატისათვის ღვინო გაუგზავნია და შეუთვლია, რამდენი ხანია, ღვინო არ დაგილევია და გასინჯეო. ბაგრატს ჭაში ცოცხალი ორაგული ჰყოლია, გაუგზავნია და შეუთვლია: სამ თვეს ქსანზე დგახარ და ორაგული არ გიგემია, აჰა, და იგემეო. ავ-გიორგი დარწმუნებულა, რომ ციხე უზრუნველყოფილი იყო სურსათ-სანოვაგით, ალყა მოუხსნია და გაბრუნებულა (ზაქარაია 1965: 143). XVIII ს-ში ციხე იმდენად ყოფილა დაზიანებული, რომ მის მაგიერ ნანგრევებზე 1746 წ. მუხრან-ბატონს, სახლთუხუცეს კონსტანტინეს ხელახლა აუგია ის, რის შესახებაც სამშენებლო წარწერა გვამცნობს. მას ციხისათვის „კონსტანტილაბათი“ უწოდებია.

მტკვრის ციხე დგას მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილზე, გზაჯვარედინზე. ის აკონტროლებდა ქსნისა და მტკვრის ხეობებს. მისი კედლები რელიეფს მიუყვება. შიდა ტერიტორია სწორი ზედაპირია. ციხის გეგმა არაწესიერი მრავალგვერდაა. გალავანი სხვადასხვა ზომისა და ფორმის ბურჯებით ყოფილა გამაგრებული. ციხეს ჰქონია ორი კოშკი – წრიული გეგმისა ჩრდილო-აღმოსავლეთით, სწორკუთხა – ჩრდილო-დასავლეთით. შესასვლელი დასავლეთიდან უნდა ჰქონოდა. კედლები შემორჩენილი იყო 7-8 მ სიმაღლეზე. მეორედ აგებისას კედლები დაუმატებიათ აღმოსავლეთითა და სამხრეთით. აგრეთვე ოთხი სხვადასხვა ზომისა და ფორმის კოშკი. მათგან ყველაზე დიდი მოთავსებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში. სწორკუთხა კოშკი დასავლეთის კედლის ცენტრშია აღმართული. მესამე, ცილინდრული ჩრდილო-დასავლეთ კუთხეშია. მეოთხე, ცილინდრული აღმოსავლეთი კუთხის ძველ კოშკზეა მიშენებული. კოშკების პირველი სართულები ყრუა, ზედა გამოყენებულია საცხოვრებლად. დატანებული აქვს ბუხრები, სარკმლები, სალოდეები და სათოფურები. პირველი ფენის ციხის კედლები ნაგებია რიყის ქვით კირის სქელ დუღაბზე. წყობაში დაცულია ჰორიზონტალური რიგები. მეორე ფენის კედლები ნაგებია რიყის ქვისა და აგურის წყობის მონაცვლეობით. აგურისაა წირთხლები და ქონგურები. ციხეში მოწყობილია წყალსაცავი, მარანი და სხვა (ზაქარაია 1950: 174-180).

ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1966: 21; გვრიტიშვილი 1955: 106, 359, 360, 363; დადიანი 1962: 132; ზაქარაია 1950: 165-202; 1965: 140-146; 1973: 106-111; მაკალათია 1968: 41, 42; ქც 2: 350,28,31; 351,16; 488,26,27,29; ქც 4: 324,12; 352,1; 394,10; ციციშვილი 1955: 80-86.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9