მა მგ მე მთ მი მლ მო მრ მტ მუ მც მძ მწ მჭ
მცხ

მცხეთა

  1. დედაქალაქი, ქალაქი, დიდი ქალაქი, შიდა-ქალაქი, სამეუფე ქალაქი.

    იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „ცხოვრება მეფეთა“ (ქც 1: 3,19; 9,13; 10,4; 11,3-6; 13,10; 15,10;11,15; 17,21; 18,4; 19,3,4-6,8; 20,17,23; 23,10,26; 25,6,17; 27,12,14; 28,16; 29,6; 30,19; 33,4; 34,20; 35,12;16,17; 37,3,14,23; 38,24; 43,20; 44,5, სქ. 1,2; 47,8; 48,8,12, 51,12; 52,11; 55,6,11; 58,4; 62,12; 63,16,20; 64,5,22; 71,5; 79,4; 86,3,7,12; 88,4,6; 93,8; 95,12,19; 97,11; 98,4; 99,15; 100,4; 101,1; 106,19; 111,8; 114,22; 116,5,13; 121,17; 122,8; 123,7; 125,7; 128,1; 129,1; 132,14; 136,13), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ (139,11; 140,20; 142,5; 145,4; 151,11; 157,20; 178,6; 180,3,5,6; 198,10; 200,19; 202,20; 204,11; 205,9; 208,19; 218,7; 223,11; 227,5; 229,8; 232,4; 233,7; 241,8,11; 243,7), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 265,15; 279,2; 282,18,19; 290,22; 296,8), „ცხოვრება დემეტრე მეფისა“ (367,4), სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა“ (ქც 1: 373,22; 374,1,11,12,16,19,21; 375,17), ბასილი ეზოსმოძღვრის „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“ (ქც 2: 146,10; 224,3; 237,4), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 254,21; 257,3; 267,20; 278,8; 292,7; 323,10), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 328,29; 346,24; 350,3; 351,20,21; 357,13; 366,26,29; 373,11; 390,26; 424,8; 452,4,20; 473,14; 474,20; 475,4,5; 488,8; 490,2; 493,5,9; 496,29; 508,28; 510,13,17; 527,24; 537,4), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 7,13,15; 14,27; 25,29; 34,5; 50,19,27,28; 51,8,25; 53,3,5,6,17; 53,3; 55,9,13; 56,2,15; 57,1; 58,19; 59,4,12; 62,17; 63,1,10,20; 64,3,20; 65,3,20; 65,2,24,28; 66,22; 67,25; 68,2,6,9,11; 70,19; 71,2; 72,6; 74,19; 77,4,5,6,10; 78,14,15; 80,16,22,25; 81,10,27,30; 82,5; 83,12; 119,8; 124,3; 134,7; 137,4; 140,19; 170,20; 223,29; 230,27; 267,3; 279,22; 281,26; 282,4; 288,29; 294,22; 295,20; 297,21,27; 299,17; 303,17; 303,9,13; 333,17; 334,6,10; 338,23; 339,11; 340,1; 347,24; 348,7,8; 349,2,სქ.1; 350,2,16,18; 351,6; 357,23; 399,28; 402,11; 406,15,18; 412,29; 419,6; 420,15,19; 424,3; 431,სქ.1; 434,15,16; 446,21; 468,26; 470,5,14; 482,13; 495,16; 501,9; 502,10,12,14,16,19; 535,17; 536,14,სქ.2; 556,10; 564,19,25; 565,7; 566,11,19; 584,4; 606,5; 611,7,9; 612,21; 620,14; 620,14; 621,6; 522,9; 654,4,16; 657,21,22, სქ. 2; 691,6; 794,7,15), „მარტვილობაი ევსტათი მცხეთელისაი“ (მარტვილობაი ევსტათი მცხეთელისაი 1946: 45, 47, 53, 54), „ნინოს ცხოვრება“ (ნინოს ცხოვრება 1946: 218, 220, 221, 225, 227-229), გიორგი მერჩულეს „ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისაი“ (ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისაი 1946: 114, 120, 154), „მოქცევაი ქართლისაი“ (მქ 1979: 320, 326, 334, 339-341, 345, 347, 349), არსენ II კათოლიკოსის (?) „ცხოვრება იოანე ზედაზნელისა“ (ცხოვრება იოანე ზედაზნელისა 1955: 12, 22-25, 39, 66), „წამებაი აბიბოს ნეკრესელისა“ (წამებაი აბიბოს ნეკრესელისა 1955: 191, 210), „ცხოვრება გიორგი ათონელისა“ (ცხოვრება გიორგი ათონელისა 1946: 203), „მარტვილობაი რაჟდენ პირველმოწამისაი“ (მარტვილობაი რაჟდენისი 1946: 243), „ცხოვრება შიოსი და ევაგრესი“ (ცხოვრება შიოსი და ევაგრესი 1955: 92, 112), „ცხოვრებაი პეტრე იბერიელისაი“ (ცხოვრებაი პეტრე იბერიელისაი 1946: 257); IX-XIX სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1892: 6, 11-13, 15-19, 28-30, 36, 37, 39, 43, 45, 48-51, 57, 58, 61, 66-68, 74, 77-78, 93, 168, 175, 182, 186; 1897: 34, 58, 127, 164, 184, 185, 187, 188, 192, 185, 197, 198, 202, 204-207, 212-214, 217-221, 224, 226-228, 231, 232, 235, 239-245, 247-250, 253-255, 259-261, 270-273, 277, 282, 285-290, 300, 306, 310, 316, 317, 319, 320, 323, 325, 330, 332, 335, 345, 346, 368-371, 373-376, 386, 390-395, 401, 408, 413, 416, 418, 423, 424, 430, 439, 441, 444, 453, 456, 457, 460-462, 464, 466, 469, 473, 481, 484, 486, 487, 489-491, 493, 496, 497, 504-506, 514, 515, 520; 1967: 21, 22, 25, 61-63, 73, 98, 115, 158, 168, 173, 174, 176, 183, 222, 243, 266, 398, 444, 457, 599, 606, 634; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 73, 77, 99, 140; 1953: 1-3, 14, 49, 146, 159, 200; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 20-31, 21, 37, 46, 57, 81, 11, 119, 125, 130, 132, 171, 177, 184; ქართ. სამართ. ძეგ. 1963: 478; 1965: 47, 126, 128, 136, 199-201, 304; 1970:24, 110, 170, 176, 177, 179, 182-184, 189-195, 212, 215, 219, 237, 238, 251, 580, 567, 588, 590, 756, 786; 1972: 77, 252, 255, 441; 1977: 371; 1981: 274, 561, 636, 7748 1985: 94, 581, 582, 686, 756; საქ. სიძ. 1899: 8, 9, 239, 240, 241, 244, 246, 248, 280, 345; 1909: 145, 204, 274, 402, 441; 1910: 327, 481; სამხ. საქ. ისტ. 1961: 7, 11, 23, 25-27, 29, 31-32, 86, 89; ქართლ-კახეთის ... 1903: 188, 195, 197, 200, 209; მასალები საქ. ისტ. 1905: 34, 44, 58; მცირე ქრონიკები ... 1968: 32, 34; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 54-55, 59, 61, 65, 75, 80, 93, 99, 108, 118, 124, 136, 167, 173, 193, 209, 210, 214, 343, 351, 355-356; ქართ. ეპისტ. 1989: 85), XV ს-ის სომხური ხელნაწერები (სომხურ ხელნაწერთა ... 1978: 130, 142, 151), „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 18, 20-23, 38, 41, 63, 75, 83, 91, 97), ფარსადან გორგიჯანიძის „ისტორია“ (საქართველოს ცხოვრება 1913: 302), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1970ა: 701), XVIII ს-ის საისტორიო საბუთები (ქართ. ხელნაწ. აღწ. 1949: 21, 22, 29), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 34, 35, 52, 53, 59, 60, 78-80, 84, 86, 88, 102, 107, 111, 164, 235, 243, 244), სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა“ (ჩხეიძე 1913: 30, 35, 38, 46), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 30), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 67), დავით ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი დავით 1941: 26, 47, 62, 70, 76, 111), კლავდიოს პტოლემაიოსის „გეოგრაფიული სახელმძღვანელო“ (პტოლემაიოსი 1955: 46, 60), მოვსეს ხორენაცის „სომხეთის ისტორია“ (ხორენაცი 1984: 170), აგათია სქოლასტიქოსის თხზულება (აგათია სქოლესტიქოსი 1936: 41-42), ეპისტოლეთა წიგნი (ეპისტოლეთა წიგნი 1968: 66, 79, 87, 97, 122, 152, 155, 160, 161, 168, 170, 174, 175, 185, 187, 191, 226, 231, 234, 249-251), ჟან შარდენის „მოგზაურობა“ (შარდენი 1975: 389, 393), დე გრაი დე ფუას „ცნობები საქართველოს შესახებ“ (დე გრაი დე ფუა 1985: 86), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 5, 59, 61, 67, 93, 95, 111, 141, 147, 187, 207, 273; 1964: 129, 131, 145, 175).

    ვახუშტი ბაგრატიონი მცხეთის შესახებ გადმოგვცემს: „ხოლო მცხეთა არს ორს მდინარეს შორის: სამხრით უდის მტკუარი, აღმოსავლით არაგვი, და მუნ შეკრბებიან“ (ქც 4: 348,7,8).

    მდებარეობს მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, მტკვრის ორივე და არაგვის მარჯვენა ნაპირზე ახლანდელი ქ. მცხეთის ტერიტორიაზე (გამყრელიძე 2010: 69).

    ძვ. წ. VI-V სს-ში მცხეთა ქალაქური ტიპის სამოსახლო იყო. ქართული წყაროების მიხედვით, მცხეთა დაკავშირებულია ლეგანდარული ეთნარქის – მცხეთოსის სახელთან (ქც 1: 9,13). ქალაქს თავდაპირველად ეწოდებოდა „ქართლი“, ხოლო ფარნავაზის დროს, არმაზის კერპის აღმართვის შემდეგ – „არმაზი“. მცხეთა-ქალაქის მშენებლობას იწყებს ფარნავაზიანთა მერვე მეფე ბარტომი. ადერკის მეფობის დროს, ჩნდება დედაქალაქის ორი ნაწილი: „არმაზით კერძი ქალაქი“ და „მუხნარით კერძი ქალაქი“ (ქც 1: 43,20; მქ 1979: 321; გრიგოლია 1954: 70, 74; აფაქიძე 1959: 51; ბერძენიშვილი 1990: 221, 222). მცხეთა რამდენიმე დამოუკიდებელი უბნისაგან შედგებოდა: საკუთრივ მცხეთა, არმაზი, მოგვთაკარი, სარკინე, წიწამური და სხვა (აფაქიძე 1959: 7). ძვ. წ. 65 წ. პომპეუსის იბერიაში ლაშქრობისას იბერთა მეფე არტოკი (არტაგი) არმაზის დაცემის შემდეგ მტკვრის მეორე მხარეს (მცხეთას) გადავიდა და ხიდი დაწვა. ახ. წ. I ს-ის 70-80-იან წლებში ქართამის მეფობის დროს სომეხთა ლაშქარი 5 თვე იდგა მცხეთის გალავანთან (ქც 1: 48,12). ახ. წ. II ს-ში ფარსმან I-ის (II-ის?) მეფობის დროს სპარსელები მცხეთას მოადგნენ, მაგრამ მცხეთელებმა ისინი განდევნეს (ქც 1: 52,11). ახ. წ. I-II სს-ში რომაელებმა იბერიის სამეფოსადმი კეთილგანწყობის ნიშნად მცხეთის გალავანი გაამაგრეს, რის აღსანიშნავადაც კედელში ჩასვეს წარწერა (ჯავახიშვილი 1960: 172). ახ. წ. IV ს-ის 30-იან წლებში წმინდა ნინო იბერიაში ჯავახეთიდან ურბნისის გამოვლით მცხეთაში შემოვიდა (მქ 1979: 322; ქც 1: 88,4,6; ხორენაცი 1980: 170). 460 წ. ირანელების ქართლის სამეფოში შემოჭრის დროს ვახტანგ გორგასალი და ჯუანშერ სპასპეტი მცხეთაში გამაგრდნენ. ოთხთვიანი ბრძოლა მცხეთის მისადგომებთან ზავით დამთავრდა (ქც 1: 180,3,5,6; გოილაძე 1991: 152-154). 487 წ. ვახტანგ გორგასალმა სვეტიცხოველი აღადგინა და საეკლესიო რეფორმების შედეგად მცხეთის ეპისკოპოსად სამოელი დანიშნა (გოილაძე 1991: 195, 196). 554 წ. მცხეთაში გარდაიცვალა ბიზანტიის წინააღმდეგ მებრძოლი სპარსეთის ჯარის სარდალი მერმეროე (აგათია სქოლასტიკოსი 1936: 41, 42; ჯავახიშვილი 1960: 255). VI ს-ის დამდეგს აღმოსავლეთ საქართველოს მართვა-გამგეობა მცხეთიდან თბილისში გადავიდა და თბილისი ქართლის სამეფოს დედაქალაქი გახდა (ქც 1: 223,11; 373,22; გოილაძე 1991: 196-201). 628 წ. ჰერაკლე კეისარმა სპარსელებზე გამარჯვების შემდეგ თბილისსა და მცხეთაში ცეცხლთაყვანისმცემლების მოსანათლად ქრისტიანი მოქადაგეები გაგზავნა. 735-736 წწ., მურვან-ყრუს ქართლში ლაშქრობისას, ქართლის მმართველი მირი ბრძოლაში დაიჭრა და გარდაიცვალა. იგი მცხეთაში „ზემო ეკლესიაში“ დაკრძალეს (ქც 1: 241,11,12; გოილაძე 1991: 47). მურვან-ყრუს ლაშქრობის შემდეგ მცხეთა ქალაქად აღარ იხსენიება.

    მცხეთა მდებარეობდა სხვადასხვა მხრიდან მომავალი გზების გადაკვეთაზე. აქედან მუხრანზე გადიოდა სავაჭრო გზა. მცხეთაში მდებარეობდა „საბაჟო“. მუხრანიდან ღართისკარის გავლით გზა ასევე გადიოდა მცხეთაში და მცხეთის ხიდის გავლით მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე ხვდებოდა. მცხეთის ხიდი, რომელიც მტკვრის ორივე მხარეს აერთებდა, ელინისტიური ხანიდანაა (ძვ. წ. IV-III სს) ცნობილი. ის წყაროებში იხსენიება „პომპეუსის ხიდისა“ და „მოგვთა ხიდის“ სახელით. შემდგომში მისი მშენებლობა ვახტანგ გორგასლის სახელს დაუკავშირდა (ბერძენიშვილი 1966: 22). მცხეთიდან ღართისკენ მიმავალ გზას ბელტის (ბებრის) ციხე დარაჯობდა. მცხეთის გავლით დვალეთისკენ გზა გადიოდა შემდეგი მარშრუტით: მუხრანი, რუხი (ნაჭარმაგევი), ნიქოზი, ცხინვალი, კეხვი, გუმთა; ასევე მცხეთაზე გადიოდა თრიალეთიდან კახეთისკენ მიმავალი გზა; თბილისი-მცხეთის გზა ჟინვალთანაც იყო დაკავშირებული. მცხეთის საშუალებით ქართლი უკავშირდებოდა დასავლეთ საქართველოს, ჩრდილო კავკასიას, აზერბაიჯანსა და სომხეთს. აქ გადიოდა საერთაშორისო სავაჭრო გზებიც: სამხრეთიდან (არტაშატიდან) ჩრდილოეთ კავკასიაზე მიმავალი; აბრეშუმის დიდი გზა, რომელიც ძვ. წ. II ს-დან მოქმედებდა, იწყებოდა ჩინეთიდან და საქართველოს (კერძოდ, მცხეთის) გავლით შავი და ხმელთაშუა ზღვების ნაპირებისკენ მიემართებოდა (ბერძენიშვილი 1966: 20-23, 27, 51).

    მცხეთაში პირველი არქეოლოგიური სამუშაოები XIX ს-ის 70-იან წლებში დაიწყო. 1871 წ. საქართველოს სამხედრო გზის გაფართოებისას, მდ. არაგვის მარჯვენა ნაპირზე, მცხეთაში, სამთავროს მონასტრის სამხრეთით აღმოჩნდა სამარხები (შემდგომში „სამთავროს სამაროვანი“). მის შესასწავლად „კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოებამ“ გაგზავნა თავისი წევრი ფ. ბაიერნი, რომელიც გათხრებს აწარმოებდა 1871-1877 წლებში (ლომთათიძე 1945: 7, 8). 1902 წ. მცხეთაში, სვეტიცხოვლის გალავანში აღმოჩნდა ანტიკური ხანის თიხის 2 ფილასამარხი, მინის 2 ჭურჭლის ნატეხებითა და ვერცხლის ჭურჭლის ყურებით (აფაქიძე 1955: 3). 1920 წ. სამთავროს მონასტერთან შემთხვევით აღმოჩნდა ქვის სამარხი, რომელშიც გამოვლინდა ანტინოეს (117-138) ბრინჯაოს მედალიონი ბერძნული წარწერით, ოქროს თხელი ფოთლები, ღილი, მინის ჭურჭელი, ოქროს გვირგვინი, სარდიონის მძივები, ვერცხლის 2 რგოლი, სამტუჩა დოქი, ხელადა და სხვ. სამარხი ახ. წ. II ს-ით დათარიღდა (მაკალათია 1928: 161-188). 1924 წ. რამდენიმე სამარხი გაითხარა ავჭალაში; ამავე წელს სამახრები გაითხარა საგურამოსა და წიწამურის ველზე. 1937 წ. ნ. მარის სახ. ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტმა (ენიმკი) დაზვერვები ჩაატარა მცხეთის მუნიც-ში (ხელმძღ. ალ. კალანდაძე), რის შედეგადაც მცხეთის დასავლეთით, არმაზისხევის შესართავთან გამოვლინდა აბანოს ნანგრევები, სამთაროს ველზე – ქვის სამარხები. 1938 წ. სამთავროს ველზე, ბებრისციხის მახლობლად გამოვლენილი ქვის სამარხების ორ ფილაზე აღმოჩნდა ბერძნული და ებრაული წარწერები (ლომთათიძე 1945: 14); ბერძნული წარწერა 15-სტრიქონიანია და იკითხება: „აქ განისვენებს მხატვართ-უხუცესი და ხუროთმოძღვარი ავრელი აქოლოსი – ჩემი მეუღლითურთ, ბევრაზურიათურთ. ვთხოვ მეგობრებსა და გამვლელებს ყური უგდონ (...), რათა არავინ დააზიანოს?...“. წარწერა ახ. წ. IV ს-ით დათარიღდა. ებრაული წარწერა ხუთსტრიქონიანია. წარმოადგენს საფლავის სახელობით სტელას. წარწერა IV-V სს-საა (აფაქიძე 1963: 137, 138).

    1938 წ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილიალსა და კულტურის დაცვის განყოფილებასთან ჩამოყალიბდა მცხეთა-სამთავროს არქეოლოგიური ექსპედიცია (საერთო ხელმძღ. ივ.ჯავახიშვილი; მისი გარდაცვალების შემდეგ ს. ჯანაშია). 1939 წ. ექსპედიცია გადავიდა ენიმკი-ს დაქვემდებარებაში. ის მუშაობდა 1938-1940 წლებში. 1939 წ. ექსპედიცია კვლევას აწარმოებდა სოფ. დამპალოსა და ნარეკვავთან. მან მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შეწყვიტა მოქმედება. სამუშაოები განახლდა 1946 წ. (ხელმძღ. ალ. კალანდაძე). ექსპედიციის დაზვერვითმა ჯგუფმა (ხელმძღ. ნ. ღამბაშიძე) მცხეთის კალოუბნის დასავლეთით, სავანეთის ქედსა და გრძელ მინდორზე მდებარე „ქალაქ სარკინეთში“ მიაკვლია რკინის წარმოებისა და ნაგებობათა ნაშთებს. რაზმმა სამუშაოები ჩაატარა კალოუბნის ფრესკებიან საყდარსა და კოშკის ნანგრევებთან; დაიზვერა კოდმანის სამი საყდარი, ნასახლარები, ნამარნევი და სამარხები (აფაქიძე 1955: 4); 1948 წ. სამთავროს სამაროვნიდან 300-400 მ-ზე, წყალთა მეურნეობის შენობის საძირკვლის ამოღებისას, გაითხარა 5 კრამიტსამარხი, 2 აგურითა და კრამიტით ნაგები სამარხი და 1 ორფერდასახურავიანი ქვის სამარხი. სამარხები ინდივიდუალურია; მიცვალებულები დაუკრძალავთ გულაღმა გაშოტილნი, თავით აღმოსავლეთისაკენ. სამარხებში აღმოჩნდა: თიხის სამტუჩა წითლად შეღებილი ხელადები, მინის სანელსაცხებლეები, ოქროს ფურცლები, კამეებით შემკული საყურეები, ვერცხლის ბეჭდები, ბრინჯაოს საკინძი და ზარაკები, რკინის ცალპირლესული დანა, გიშრის ფიგურული მძივი (შეკაზმული ცხენის გამოსახულება); მძივები: ქარვის, მინისებური პასტის, სარდიონის, გიშრისა და სხვ. სამარხები ახ. წ. I-II სს-ით დათარიღდა (კალანდაძე 1949: 259-287). პარალელურად, მცხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ალ. კალანდაძე) 7 წლის მუშაობის შედეგად (1938-1941; 1946-1948 წწ.) სამთავროს ველზე შეისწავლა ბრინჯაო-რკინის ხანის 550-მდე ორმოსამარხი (კალანდაძე 1980: 22). 1950 წ., სვეტიცხოვლის ეკლესიის შესწავლისას, ერთ-ერთი სვეტის ძირში აღმოჩნდა სვეტიცხოვლის თავდაპირველი ნაგებობის არქაული ორნამენტული არქიტექტურული დეტალი. ამავე წელს სვეტიცხოვლის მახლობლად აღმოჩნდა შუა საუკუნეების ხანის ქვის სამარხი მინის სამაჯურითა და სპილენძის მრგვალი ღილებით (აფაქიძე 1955: 3); 1953 წ. მცხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მცირე სამუშაოები ჩაატარა კოდმანის ნასახლარსა და სამაროვანზე (აფაქიძე 1955: 4). ამავე წელს მცხეთის მახლობლად, მდ. არაგვის მარცხენა ნაპირზე, წიწამურის თავზე, ექსპედიციამ (ხელმძღ. ა. აფაქიძე) მიაკვლია ძველი ციხე-ქალაქის „სევსამორას“ ნაშთებს. ექსპედიციის სადაზვერვო რაზმმა მცხეთა-შიომღვიმის გზის მარცხენა მხარეზე აღმართულ ბორცვზე, ე. წ. ტუიაქოჩორაზე, IV-VIII სს-ის სამაროვანზე გათხარა 14 ქვის სამარხი (ნიკოლაიშვილი 1978ბ: 157-167). 1958 წ. ექსპედიციამ (ხელმძღ. ალ. კალანდაძე) არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა: 1. სამთავროს სამაროვანზე, სადაც წრიულქვაყრილიანი სამარხის ზედა ფენაში აიკრიფა ადრებრინჯაოს ხანის ხელით ნაძერწი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. გაითხარა ორი – ბრინჯაოდან რკინაზე გარდამავალი ხანის სამარხი და გვიანელინისტური ხანის 1 ქვევრსამარხი; 2. ქალაქში, უნივერმაღის მშენებლობის ადგილზე გაითხარა კრამიტით, აგურით, კერამიკული ფილებითა და ქვით ნაგები სამარხები, აგრეთვე 1 სარკოფაგი, რომელშიც აღმოჩნდა: თიხისა და მინის ჭურჭელი; ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოსა და რკინის გემიანი ბეჭდები; საყურეები, საშუბლე გვირგვინები (ქოირები), ვერცხლის კალამი და ძვლის სტილოსი; გოტარზეს დრაქმები და ავგუსტეს დენარები. სამარხი ახ. წ. I-III სს-ით დათარიღდა; 3. არაგვის ქუჩის დასაწყისში აღმოჩნდა ახ. წ. I ს-ის მეთუნეთა უბანი; ახ. წ. I-II სს-ის სამაროვანი; ახ. წ. IV ს-ის მარანი (კალანდაძე 1959ბ: 14-17). 1962-1963 წწ. მონასტრისა და უსახელო ხევებს შორის, „გალობლიანთ ეკლესიის“ მახლობლად გაითხარა კოდმანის შუა საუკუნეების ნასახლარის ნაშთები: ფლეთილი ქვით ნაგები სახლები (ერთი დარბაზული ტიპის), მარანი და საწნახელი; სვეტიცხოვლის სამხრეთით, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვლინდა სასახლის ტიპის შენობის ნანგრევები (V-VI სს.), მასზე მიშენებული სათავსი (XI ს.), სასახლის ფრაგმენტები (XVIII ს.) და დარბაზული ტიპის რამდენიმე სახლი (XVII-XVIII სს.) (კალანდაძე 1963: 37-43; კალანდაძე, ბოხოჩაძე 1964: 13-17). 1965 წ. მცხეთის კინოთეატრის მშენებლობის ადგილას, ქალაქის ჩრდ. ნაწილში, მშრალ მონასტრად წოდებულ ხევის ნაპირზე, გაითხარა ალიზით ნაგები გალავნის კარიბჭე (სიმაღლე 2,5 მ, სისქე 6,5 მ). ის წარმოადგენს ალიზის კედელში დატანილი ქვიშაქვის ქვათლილებით მოპირკეთებულ შესასვლელს, რომლის ორივე მხარეს მიშენებულია ალიზის ბურჯები (დმ 7 მ). კარიბჭის წინ გამოვლინდა სათავსოს კედლის ფრაგმენტები (საყარაულო). ამ ნაგებობის ქვეშ იდო გვიანანტიკური ხანის (I-III სს.) ფენა (კალანდაძე ... 1966: 29-31). 1968 წ. მცხეთის ბანკის ტერიტორიაზე გაითხარა ფლეთილი და რიყის ქვით ნაგები მრავალსენაკიანი შენობა, რომელიც VIII ს-ის 30-იან წლებში განადგურებულა (ბოხოჩაძე 1969ა: 26, 27). 1975 წ არქეოლოგიური კვლევის ცენტრთან შეიქმნა მცხეთის მუდმივმოქმედი ექსპედიცია (ხელმძღ. ა. აფაქიძე), ხოლო 1994 წ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცხეთის არქეოლოგიის ინსტიტუტი (ხელმძღ. ა. აფაქიძე). ამ ორგანიზაციებთანაა დაკავშირებული არქეოლოგიური სამუშაოები მცხეთასა და მის მიდამოებში 1975 წლიდან 2007 წლამდე. 1975 წ. მუშაობა განახლდა სამთავროს სამაროვანზე (ხელმძღ. ალ. კალანდაძე), სადაც 1871 წლიდან დღემდე დადასტურებულია 4400 სამარხი. მათგან 660-მდე ბრინჯაო-ადრერკინის ხანისაა (სადრაძე 1997: 4). გარდა ამისა, გათხრები წარმოებდა ექსპედიციის სხვადასხვა რაზმის მიერ ე. წ. დიდი მცხეთის ტერიტორიაზეც; 1975-1976 წწ. გათხრები მიმდინარეობდა: კარსნისხევში, ბაგინეთზე, მუხათგვერდთან, ახალ არმაზში, ქ. მცხეთაში, მცხეთის გორაზე, ნარეკვავში, ფიქრის გორასა და სამადლოზე (აფაქიძე ... 1978: 8-77). 1977-1978 წწ. სამთავროს ველზე გრძელდებოდა გვიანანტიკური და ადრე შუა საუკუნეების ხანის სამარხების შესწავლა, ხოლო სამთავროს ბორცვზე ითხრებოდა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ნამოსახლარი. გათხრები წარმოებდა წეროვანის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამაროვნებზე (წეროვანი I, II) და ნარეკვავზე – კალანდაძის გორაზე. მცხეთაში, სვეტიცხოველთან (სვეტიცხოველი II) მიწის სამუშაოებისას გამოვლინდა IV-VIII სს-ის რიყის ქვით თიხაზე ნაგები შენობების კონტურები, კრამიტები, გვიანანტიკური ხანის (II-III სს.) 2 აგურფილასამარხი; იქვე ახლოს გამოიკვეთა ორი ფენა: ელინისტური ხანის ქვევრსამარხები და გვიანანტიკური ხანის კრამიტსამარხი (აფაქიძე ... 1981: 119-152, 157, 158). 1979 წ. გათხრები მიმდინარეობდა: სამთავროს სამაროვანზე (დადასტურდა სხვადასხვა ხანის ნამოსახლართა ნაშთები); სოფ. წილკანთან, სადაც აღმოჩნდა სამონასტრო კომპლექსი – ეკლესია, ქვათლილებით ნაგები აკლდამა, სამაროვანი და ნამოსახლარი; წეროვანში, ნარეკვავსა და სათოვლე-ნაბაღრებში (ამ პუნქტებში ითხრებოდა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ძეგლები), კოდმანზე (გამოვლინდა ალიზით ნაგები სასიმაგრო ზღუდე, გვიანანტიკური ხანის კრამიტსამარხები); მცხეთის გორაზე აღმოჩნდა გვიანანტიკურ-ადრე შუა საუკუნეების ხანის სამაროვანი (აფაქიძე ... 1982: 191-218). 1980 წ. სამთავროს ველსა და საკუთრივ მცხეთა-ქალაქის ტერიტორიაზე გამოვლინდა სხვადასხვა ხანის ნამოსახლართა ნაშთები, გვიანანტიკური და ელინისტური ხანის ფენები. მცხეთისგორაზე აღმოჩნდა ახ. წ. IV ს-ისა და შემდგომი ხანის ქვის სამარხები. წეროვან-ნარეკვავზე გაითხარა მტკვარ-არაქსის კულტურის ადრეული ეტაპისათვის დამახასიათებელი სამეურნეო ორმოები და გვინბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამარხები; ნარეკვავზე გაითხარა რიყის ქვით თიხაზე ნაგები ერთოთახიანი სახლი (აფაქიძე ... 1989: 35-39). 1981 წ. ექსპედიცია გათხრებს ატარებდა მ.მამულაშვილის ქუჩაზე (ყოფილი არაგვის ქუჩა), სადაც ადრე შუა საუკუნეების ნამოსახლარის ნაშთებთან ერთად აღმოჩნდა გვიანანტიკური ხანის სამაროვნის ნაწილი. ქალაქის ტერიტორიაზე (სვეტიცხოვლის უბანზე) ნამოსახლარის ნაშთებთან ერთად აღმოჩნდა გვიანანტიკური ხანის სამარხები: 11 ქვის სამარხი, 5 თიხის ფილასამარხი, სამი კრამიტსამარხი და ორი ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხი. ინვენტარის სიუხვითა და მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა ქვიშაქვის ფილებით ნაგები ორფერდასახურავიანი სამარხი-აკლდამა (№25), რომელშიც 18-20 წლის ქალი დაუკრძალავთ. სამარხში აღმოჩნდა: ყელსაბამის ნაწილები, საკიდები, მძივები, ბეჭდები, ღილაკები და სხვ. მათ შორის: ბრინჯაოს სარკე, ოქროს მონეტა არდაშირ I-ისა (226-242), გიშრის მასიური სამაჯური, შემკობილი ოქროს ფურცლისაგან დამზადებული ხუთი დატიხრული სარტყლით. სამარხი ახ. წ. III ს-ის მეორე ნახევრით ან III ს-ის ბოლოთი დათარიღდა; ექსპედიციამ აღმოაჩინა გვიანანტიკური ხანის 16 სამარხი, რომლებიც ადრე შუა საუკუნეების ნამოსახლარის ქვეშ გამოვლინდა (აფაქიძე ... 1989: 41-45). 1981 წ. ქალაქის ტერიტორიაზე ერთ-ერთი სახლის ქვაბულში აღმოჩნდა შუა საუკუნეების ხანის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც სახლის, დერეფნისა და მარნისაგან შედგებოდა (აფაქიძე ... 1989: 49-52). სამთავროს ველზე გრძელდებოდა ნამოსახლარებისა და სამაროვნის შესწავლა; წეროვან-ნარეკვავის რაზმი „წეროვან IV“ სამაროვანზე გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ქვის სამარხების შესწავლას განაგრძობდა; მუშაობა დაიწყო ნატახტრის შუა და გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამ სამაროვანზე და გვიანანტიკურ-ადრე შუა საუკუნეების ხანის სამაროვანსა და ნამოსახლარზე (აფაქიძე ... 1989: 59-65). 1982 წ. ექსპედიცია გათხრებს აგრძელებდა მცხეთასა და მის შემოგარენში: სამთავროს ველზე, ნარეკვავზე, ნატახტარში, მცხეთაში, მიწის სამუშაოებისას დადასტურდა გვიანანტიკური და ადრე შუასაუკუნეების შემცველი ფენები, რომელთაგან აღსანიშნავია შუა საუკუნეების ხანის ფაიანსის ჯამის ფრაგმენტი. ქალაქის ტერიტორიაზე და მის დასავლეთ შემოგარენში – კოდმანში აღმოჩენილ კრამიტსამარხებში I-II სს-ის მასალა დადასტურდა: თიხის ჭურჭელი, მინის სანელსაცხებლეები, რომაული მონეტები, მძივები, რკინის ბეჭდები სარდიონის გემა-ინტალიოებით. სამთავროს სამაროვანზე შეისწავლეს გვიანანტიკური სამარხები (ორმოსამარხები, ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები, ქვის სამარხები, კრამიტსამარხები და თიხის ფილასამარხი; მათ შორის, ქვათლილებით ნაგები 597-ე სამარხი ელინისტური ხანისათვის დამახასიათებელი ოქროსა და ბრინჯაოს სამკაულით, საპირფარეშო საგნებით და სხვ. და ადრე შუა საუკუნეების სამარხები (ქვის სამარხები და ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები). ნარეკვავში გრძელდებოდა ადრერკინის ხანის ნამოსახლარისა და სამაროვნის შესწავლა. სოფ. ნატახტართან, თბილისი-დუშეთის გზის 34-ე კმ-ზე, გამოვლინდა ე. წ. მტკვარ-არაქსის პერიოდის ნამოსახლართა ნაშთები (აფაქიძე ... 1995: 6-67). 1992 წ. სვეტიცხოვლის მახლობლად ექსპედიციის მიერ გათხრილი ნასახლარის ერთ-ერთი მერხებიანი სახლის ოთახის კუთხეში აღმოჩნდა ხელადა, რომელშიც ოქროს დაგრაგნილი ფირფიტა (სიგრძე 5,8 სმ, სიგანე 2,8 სმ) იდო. მასზე 29-სტრიქონიანი მაგიური ხასიათის V-VI სს-ის ებრაული წარწერაა (წერეთელი 1996: 95-132). 1998-1999 წწ. მცხეთის არქეოლოგიურმა ინსტიტუტმა (ხელმძღ. ა. აფაქიძე) ბაქო-სუფსის მილსადენის ტრასის გაყვანისას არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა ნარეკვავის ველზე, სადაც გაითხარა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამაროვანი (აფაქიძე ... 1993: 3; აფაქიძე ... 2000: 3). 2000 წ. კი გათხრები განახლდა სამთავროს ველზე (აფაქიძე... 2001: 24-29).

    მცხეთასა და მის შემოგარენში სხვადასხვა ხანის ძეგლებია აღმოჩენილი. ადრებრინჯაოს ხანის ძეგლები: 1. გასული საუკუნის 40-იან წლებში, სამთავროს სამაროვნის გათხრისას, რამდენიმე ადგილას დაფიქსირდა მტკვარ-არაქსული ხანის ძეგლები (სადრაძე 1997: 9-11). 2. მრევლიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩაზე IV-VIII სს-ის სამაროვანზე გაითხარა 2 ქვაყრილიანი სამარხი, რომელშიც მიცვალებული დაუკრძალავთ კიდურებმოკეცილი, მარცხენა გვერდზე, თავით ჩრდილოეთით. სამარხში აღმოჩნდა: ბადია, ტოლჩა, ძვლის ისრისწვერი; მეორე – წრიულქვაყრილიან ორმოსამარხში აღმოჩნდა ბადია. სამარხები ადრებრინჯაოს ხანით დათარიღდა (ნიკოლაიშვილი ... 1985: 149, 150). 3. სხალტბის ქედის ჩრდილო კალთის ქვედა ტერასაზე მდებარე წეროვან II სამაროვანზე, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამაროვნის გათხრისას აღმოჩნდა ამ სამაროვნის მიერ დაზიანებული ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარი, რომელიც წარმოდგენილი იყო 24 სამეურნეო ორმოთი და 3 ორმოსამარხით. სამარხებში მიცვალებული დაუკრძალავთ მარჯვენა გვერდზე, ხელებმოკეცილი. მათში აღმოჩნდა: ბადია, პითოსისა და ქოთნების ფრაგმენტები, თიხის შვერილიანი სადგარი, ტაფისებური ჭურჭელი (სადრაძე 1989: 78-90). 4. სოფ. ნატახტართან, თბილისი-დუშეთის გზის 34-ე კმ-ზე გამოვლინდა მტკვარ-არაქსის პერიოდის ნამოსახლართა ნაშთები (სამეურნეო ორმოები), სადაც დადასტურდა ვარდისფერსარჩულიანი თიხის ჭურჭელი (აფაქიძე ... 1995: 9). 5. მდ. არაგვის მარცხენა ნაპირას, ადგილ ნაბაღრებთან გამოვლინდა მტკვარ-არაქსის ეპოქის მასალები (აფაქიძე ... 1995: 10). 6. წიწამურის მიდამოებში, არაგვის მარცხენა სანაპიროზე, საგურამოს ქედის დასავლეთი კალთის დასასრულს, გაითხარა მრავალფენიანი ძეგლი, სადაც პირველი ფენა ადრებრინჯაოს ხანის ორმოებს (დმ 0,2-0,3 მ) წარმოადგენდა. ორმოებში და მის გარშემო აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის ნატეხები, რომლებიც მტკვარ-არაქისის ადრეული ეტაპის ძეგლებისთვისაა დამახასიათებელი (ნიკოლაიშვილი, ნარიმანიშვილი 1995: 58, 59).

    შუაბრინჯაოს ხანის ძეგლები: 1. სამთვაროს სამაროვანზე უძველესი სამარხები შუა ბრინჯაოს ხანას ეკუთვნის (მათ შორის, კრემაციული გორასამარხი №243 და სამარხი-კენოტაფი №43). სამარხებში მიცვალებული დაუკრძალავთ უმთავრესად მარჯვენა გვერდზე, კიდურებმოკეცილი, თავით ჩრდილოეთისკენ. სამარხებში აღმოჩნდა: ქილები, ქოთნები, დერგები, ტოლჩები და სხვ. ბრინჯაოს ორხწახნაგა მახვილი (სამარხი №243), სამკუთხა ფორმის სატევრები, დანები, სადგისი; ძვლის ბიკონოსური ისრისპირი; მძივები: ბრინჯაოსი, სერდოლიკის; ოქროს ფირფიტოვანი მძივსაკიდი, ობსიდიანის ნატეხები და სხვ. სამარხები თარიღდება ძვ. წ. XVII-XVI სს-ით (კალანდაძე 1980: 33-38); ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებით (ლომთათიძე 1944: 24-25); ძვ. წ. XVI-XV სს-ით (სადრაძე 1993: 4-23). სამთავროს ველის სამხრეთ უბანზე გაითხარა შუა ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარის ნაშთები, რომლებშიც აღმოჩნდა: შავპრიალა თიხის ჭურჭლის ნატეხები, ობსიდიანის ქუსლამოღარული ისრისპირი, ქვის ჯამები (აფაქიძე ... 2001: 25, 26). 2. 1938-1941 წწ. მცხეთის ჩრდილოეთით, 5 კმ-ზე, ნარეკვავში, რომელსაც ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით ესაზღვრება მდ. ნარეკვავი, დასავლეთით ჭინჭრიანის ხევი და მამულაშვილების გორები, სამხრეთით – წისქვილის ხევი, გაითხარა 6 ორმოსამარხი (შესაძლოა ძელებით გადახურული). სამარხებში მიცვალებული დაუკრძალავთ მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, ხელფეხმოკეცილი, ძირითადად თავით აღმოსავლეთით. სამარხებში აღმოჩნდა: მორგვზე დამზადებული (იშვიათად ხელით ნაძერწი) თიხის ჭურჭელი; იარაღი: ბრინჯაოს სატევრისპირები; რკინის მახვილი, აკინაკი, კოლხური ცული, ბრინჯაოს სატეხი, ნემსები; ბრინჯაოს სამაჯურები; მძივები (სარდიონის, მთის ბროლი, პასტის), ბრინჯაოს წყვილი ლაგამი; კვერთხისთავი, ეჟვნები და სხვ. სამარხების ინვენტარი თავსდება შუაბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანის ქრონოლოგიურ ჩარჩოში (ოქროპირიძე 1963: 183-220). 3. სოფ. ნატახტრის მახლობლად თბილისი-დუშეთის ტრასის 34-ე კმ-ზე, ნატახტარ I-ის სამაროვანზე გაითხარა კატაკომბური სამარხი – ოვალური ფორმის ორმო. ჩრდილოეთ თუ სამხრეთ შესასვლელიდან მოწყობილი იყო ოვალური დასაკრძალავი კამერა, ასეთივე კონფიგურაციის თაროთი. გაითხარა ოთხი სამარხი, რომელთაგან მხოლოდ ერთში გამოვლინდა მარცხენა გვერდზე, თავით აღმოსავლეთისაკენ დაკრძალული მიცვალებული. სამარხში აღმოჩნდა: ცუდად გამომწვარი თიხისაგან დამზადებული ჯამები, თასები, დერგები, ხელადა, ტოლჩა, სარქველი. სამარხები თარიღდება შუა ბრინჯაოს ხანის შუა საფეხურით – ძვ. წ. 1800-1600 წლებით (სადრაძე 1993: 24-38). 4. სოფ. ნატახტართან, გაითხარა 2 გორასამარხი, 2 კატაკომბური და 2 ქვაყრილიანი ორმოსამარხი (ნატახტარი III). გორასამარხებს (№№7, 28) ჰქონდათ მრგვალი ან ოვალური ფორმის ქვაყრილი, ხოლო დასაკრძალავ ორმოებს ჰქონდათ მომრგვალებული კუთხეები. დაკრძალვა ინჰუმაციური იყო, თუმცა პოზა და ორიენტაცია ვერ დაფიქსირდა. კატაკომბური სამარხები მსგავსია ნატახტარი I-ის თაროიანი სამარხებისა. მიცვალებული ერთ სამარხში დაუკრძალავთ მარჯვენა გვერდზე ხელფეხმოკეცილი, თავით ჩრდილოეთისკენ; მეორეში აღმოჩნდა რამდენიმე მიცვალებულის ძვლები, დამწვრობის ნიშნით. სამარხები შუა ბრინჯაოს შუა ხანებით დათარიღდა (სადრაძე 1993: 38-55, 61). 5. წეროვნის მინდორზე, სოფ. ძველი ქანდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გაითხარა ორი ყორღანი, სადაც აღმოჩნდა: თიხის ჭურჭლის ფრაგმენტი, რომელიც შუა ბრინჯაოს ხანით – ძვ. წ. XVII-XIV სს-ით დათარიღდა (ოქროპირიძე 1965: 28).

    გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამარხები აღმოჩნდა: 1. მცხეთის ჩრდილო ნაწილში, სამთავროს ველზე, რომელსაც აღმოსავლეთით ესაზღვრება მდ. არაგვი, დასავლეთით – კოდმანის მაღლობი, სამხრეთით – მონასტრის ხევი, ჩრდილოეთით – ბაიათხევი (ლომთათიძე 1944: 7). სამაროვანს დაახლ. 18 ჰა უჭირავს; 1938-1941 და 1946-1948 წწ. აქ გაითხარა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის 550-მდე სამარხი, რომლებიც სხვადასხვა ქრონოლოგიურ პერიოდებად დაიყო. გვიანბრინჯაოს ხანის ადრეულ სამარხთა უმეტესობა სამთავროს ჩრდილოეთ უბანზე იყო შეჯგუფული, ნაწილი – სამხრეთ უბანზე. ისინი ძირითადად მიწაყრილიანი ორმოსამარხებია, ან სამარხის თავზე ქვაყრილი წრიულად, ოვალურად და სწორკუთხოვნად იყო შემოწყობილი. ზოგჯერ სამარხს ქვაყრილის მაგივრად ფლეთილი ქვები ეხურა. ისინი უმთავრესად ინდივიდუალურია; იშვიათად გვხვდება კოლექტიური (№8 სამარხში 33 მიცვალებული დაუკრძალავთ). სამარხები ინჰუმაციურია. გვხვდება კენოტაფებიც. მიცვალებული დაუკრძალავთ მარჯვენა (მამაკაცები) ან მარცხენა (ქალები) გვერდზე, ხელფეხმოკეცილი. თავით ძირითადად აღმოსავლეთით ან დასავლეთით დამხრობილი (კალანდაძე 1980: 22-32; ჩუბინიშვილი 1957: 20-51; ლომთათიძე 1945: 26-27). სამარხებში აღმოჩნდა: თიხის ჭურჭელი (სადღვებელი, საწურავი, დერგი, ქილა, ქოთანი, ქვაბ-ქოთანი, ხელადა, ბადია, ჯამი, კოჭობი, სასმისები და სხვ.); სპილენძ-ბრინჯაოსა და ძვლის იარაღები: ბრინჯაოს ფოთლისებური სატევრისპირები, მასრაგახსნილი შუბისპირები, ქუსლამოღარული ისრისპირები, ლახტისთავები, უმბონები და სხვ. სამკაულები და ტანსაცმელთან დაკავშირებული ნაკეთობანი: ბრინჯაოს სადგისები, ნემსები, საკინძები (თავხვია, ლურსმნისებური, ბრტყელთავიანი, დაწახნაგებული და სხვ.), რგოლები, სამაჯურები, ბეჭდები, საკიდები და სხვ. მძივები: სარდიონის, მინისებური პასტის, ანთიმონის და სხვ. (კალანდაძე 1980: 38-136; ჩუბინიშვილი 1957: 53-97). სამთავროს სამაროვნის უფრო გვიანდელ (ძვ. წ. X-VI სს-ის) სამარხებში ჩნდება: ბრინჯაოს ფართოქედიანი სატევრები, რკინის ბრინჯაოსტარიანი მახვილები, ბრინჯაოს მასრაშეკრული შუბისპირები, ცულები (აღმოსავლური, კოლხური), ნადირობისა და მითოლოგიური სცენებით შემკული სარტყლები, სატევრები, ე. წ. სკვითური ისრისპირები, ბრინჯაოს ქანდაკებები და სხვ. სამთავროს გვიანბრინჯაოს ადრეული ეტაპის სამარხები დათარიღდა: ძვ. წ. XV-XIII სს-ით (კალანდაძე 1980: 38-136); ძვ. წ. XV-XIV სს-ით (ჩუბინიშვილი 1957: 53-97); ძვ. წ. XIV-XIV სს-ით (აბრამიშვილი 1957: 138); ძვ. წ. XIV-XIII სს-ით (რამიშვილი 2000: 37); ძვ. წ. XIV-XIII სს-ით (სადრაძე 1997: ტაბ. XLII). სამთავროს გვიანბრინჯაო-ადრერკნის ხანის შემდგომი ეტაპის სამარხები დათარიღდა: ძვ. წ. XII-XI სს-ით; ძვ. წ. XIII-X სს-ით (კალანდაძე 1980: 137-172; კალანდაძე 1981: 7-118); ძვ. წ. X-VIII სს-ით (გობეჯიშვილი 1952: 78); ძვ. წ. XIII-VI სს-ით (აბრამიშვილი 1957: 139). 2. სამთავროს ველის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე გორაზე, რომელიც კოდმანის პლატოსაგან ხევებითაა გამოყოფილი, გაითხარა გვიანბრინჯაო-ადრერკნის ხანის ნამოსახლარი. სახლები ტერასულადაა გორაზე გამართული. ისინი წარმოადგენენ ერთოთახიან ნაგებობებს, რომელთა ერთი მხარე მიწაშია. გადახურვა ბანურია. კედლების ნაწილი ფლეთილი ქვითა და ტალახითაა ნაშენი. კედლის შიდაპირი თიხალესილია. იატაკი – თიხატკეპნილი. სახლებში აღმოჩნდა დედაბოძისა და ბანური სახურავის მზიდი სვეტებისათვის ამოთხრილი ფოსოები. სახლის მარჯვნივ, კუთხეში ზურგიანი სამსხვერპლო-საკურთხეველია თიხის ანთროპომორფული კერპითურთ. მარცხენა კუთხეში – პურის საცხობი ღუმელი. ჩრდილოეთი კედლის გასწვრივ, სახლის წინა ნაწილში, საქონლის სადგომი. სახლის დასავლეთ ნაწილში, კონგლომერატში გამოკვეთილი თაროა. სახლებში აღმოჩნდა: თიხის ჭურჭელი (ქოთნები, ჯამები, კოჭობი და სხვ.), თიხის დისკო, მრგვალ-ბრტყელი ბორბლები, საბეჭდავები, ციცხვი, ხელსაფქვავისა და სალესი ქვები, რკინის დანა, შუბისპირი, ობსიდიანის ნამგლისპირი და სხვ. სახლები დათარიღდა ძვ. წ. VIII-VII სს-ით (აფაქიძე ... 1978: 109-119; აფაქიძე ... 1981: 133-137).

    3. სხალტბის ქედის ჩრდილოეთი კალთის ქვედა ტერასაზე, თბილისი-გორის სამხედრო გზის 31-ე კმ-ზე, კალანდაძის გორების თავზე მდებარეობს სამაროვანი – წეროვანი II. ის ადრებრინჯაოს ხანიდან იყო ათვისებული (იხ. ზემოთ). სამაროვანზე გაითხარა გვიანბრინჯაოს ხანის 64 სამარხი, აქედან 8 – ადრერკინისა და რკინის ფართო ათვისების ხანის. გვიანბრინჯაოს ხანის სამაროვანზე გაითხარა ქვაყრილიანი, მიწაყრილიანი ორმოსამარხები და კატაკომბური ტიპის სამარხები. დაეკრძალათ როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად (ორი ან მეტი მიცვალებული). გვხვდება კენოტაფებიც. მიცვალებული დაუკრძალავთ მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, ხელფეხმოკეცილი, თავით ჩრდილოეთით (ოდნავი გადახრით) დამხრობილი. სამაროვანზე არსებობდა ცხოველების შეწირვის ტრადიცია (აღაპი). სამარხებში აღმოჩნდა: იარაღი – ბრინჯაოს შედგენილტარიანი სატევარი (უქუდო, დაფანჯრული ტარით, რომელიც წელში გამოყვანილია და თეთრი პასტითაა ინკრუსტირებული); ბრინჯაოს დანისმაგვარი იარაღი, რკინის დანა; სამკაული – ბრინჯაოს სადა და გრეხილღეროიანი კისრის რკალები, სამაჯურები, საკიდები, თავხვია საკინძი, სასაფეთქლე რგოლები და სხვ. მძივები (ბრინჯაოს, სარდიონის, პასტისა და სხვ.); თიხის ჭურჭელი – დერგები, ქილები, სადღვებლები, სასმისები, ჯამები, ლანგრები. სამარხები ძვ. წ. XIV-XIII სს-ით დათარიღდა (სადრაძე 1989: 77-144). წეროვანი II სამაროვნის ადრერკინისა და რკინის ფართო ათვისების ხანის სამარხებში აღმოჩნდა: თიხის ჭურჭელი (ქოთნები, დერგები, კოჭობები, კათხები, სასმისები, ლანგრები), რკინის მახვილი, ბრინჯაოს მასრაშეკრული შუბისპირი, ბრინჯაოს სამკუთხა ისრისპირები, ბრინჯაოს სფერულთავიანი საკინძები; მძივები (სარდიონის, პასტის და სხვ.) (სადრაძე 1989: 144-154).

    4. მუხრანის ველზე, სოფ. ჩარდახში შემთხვევით აღმოჩნდა სამი სამარხი, რომლებიც ხის ძელებით ყოფილა გადახურული. სამარხებში აღმოჩნდა: ბრინჯაოს ე. წ. კახური ტიპის მთლიანადსხმული სატევარი, მასრაგახსნილი შუბისპირი, თიხის ჭურჭელი (სარქველიანი დერგი, დერგი, ქოთანი, კოჭობი, ტოლჩა). სამარხები ძვ. წ. XIII-XII სს-ით დათარიღდა (ოქროპირიძე 1965: 16-28).

    5. მცხეთიდან ჩრდილო-დასავლეთით, 5 კმ-ის დაშორებით, მდ. ნარეკვავის მარჯვენა ნაპირზე, მუხრანის ველის დასასრულს, გაითხარა ნამოსახლარი და სამაროვანი. ნარეკვავის ნამოსახლარი 7 ბუნებრივი ბორცვისაგან შედგება. ყველა ბორცვი წაგრძელებული ოვალის ფორმისაა და მიმართულია ჩრდილოეთისაკენ. გორებს შორის გაითხარა მე-3, რომელიც სამოსახლოდ აუთვისებიათ გვიანბრინჯაოს ხანაში. ტერასებზე გაუმართავთ წაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმის, ბანურსახურავიანი ნახევრადმიწური – ერთსენაკიანი სახლები, რომელთა საფასადო მხარე, ძირითადად, მიმართული იყო ჩრდილო-აღმოსავლეთით. სახლები რიყის ქვით, ხის ძელებითა და ალიზით იყო ნაგები. გადახურვა ეყრდნობოდა დედაბოძსა და პილასტრებს. სახლებში დადასტურდა ალიზითა და რიყის ქვით ნაგები პურის საცხობი ღუმელი (სიგრძე 1,30-1,45 მ, სიგანე 2,20-2,35 მ), რომელიც შედგება: საცხობი, სანაცრე და საცეცხლე განყოფილებისაგან და სხვადასხვა ფორმის 11 საკურთხეველი. ნარეკვავის გორანამოსახლარზე გამოიყო სამი სამშენებლო ჰორიზონტი, რომელიც რკინის ფართო ათვისების ხანას ეკუთვნის. I სამშენებლო ჰორიზონტი წარმოდგენილია 12 სახლით, სადაც დადასტურდა: რკინის დანა, ცულ-წერაქვები, ე. წ. სკვითური ისრისპირები, ბრინჯაოს გველისთავებიანი სამაჯური, თიხის ჭურჭელი (დოქი, ხელადა, კოჭობი, ჯამები). I სამშენებლო ჰორიზონტი ძვ. წ. VI ს-ის მიწურულითა და V ს-ის დასაწყისით დათარიღდა; II სამშენებლო ჰორიზონტი – ძვ. წ. VII ს-ის მეორე ნახევრითა და VI ს-ის პირველი ნახევრით; III ქვედა ჰორიზონტის არქეოლოგიური მასალა ძვ. წ. VIII ს-ის მიწურულითა და VII ს-ის პირველი ნახევრით. ამრიგად, ნარეკვავის გორანამოსახლარი ძვ. წ. VIII ს-ის ბოლოდან – ძვ. წ. V ს-ის დასაწყისშიც ფუნქციონირებდა (დავლიანიძე, სადრაძე 1993: 8-65). გორანამოსახლარის ჩრდილო-აღმოსავლეთით გაითხარა 43 ორმოსამარხი. მოგრძო, კუთხეებმომრგვალებულ ორმოში დაუკრძალავთ თითო მიცვალებული მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, ხელფეხმოკეცილი, თავით ჩრდილო-აღმოსავლეთით. სამარხებში აღმოჩნდა: მორგვზე დამზადებული თიხის ჭურჭელი (ჩაფები, დოქები, ხელადები, დერგები, ჯამები და სხვ.);

    რკინის ნივთები – მასრაგახსნილი შუბისპირები, ვიწროქედიანი მახვილები, სამკუთხაპირიანი სატევარი, კოლხური ცული, ორფრთიანი ისრისპირები და სხვ. სამკაული – ბრინჯაოს ზურგდაკეჭნილი და სადაზედაპირიანი სამაჯურები, სასაფეთქლე რგოლები, მახათები, საკინძები, ბალთა და სხვ. ბრინჯაოს 2 სარტყელი; ირმის რქისაგან დამზადებული ლახტისთავი და სხვ. მძივები – სარდიონის, პასტის, ანთიმონის, ნიჟარები. სამაროვანი ძვ. წ. VIII-VI სს-ით დათარიღდა (დავლიანიძე, სადრაძე 1993: 6-42).

    6. მდ. ნარეკვავის მარჯვენა ნაპირზე, მდ. არაგვის შესართავთან ახლოს, ნარეკვავის გვიანბრინჯაო-ადრერკნის ხანის ნამოსახლარებისა და სამაროვნის სიახლოვეს, იქ, სადაც მილსადენი ტრასა გადის, გაითხარა 42 ქვაყრილიანი ორმოსამარხი. ისინი ინდივიდუალურია (გარდა №№3, 32 სამარხებისა). მიცვალებულები დაუკრძალავთ, უმთავრესად ხის სარეცელზე, ხელფეხმოკეცილნი, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით ჩრდილოეთით ან ჩრდილო-აღმოსავლეთით დამხრობილნი. სამარხებში აღმოჩნდა: თიხის ჭურჭელი (მათ შორის, მოჭიქულიც); ბრინჯაოსა და რკინის იარაღი (მახვილები, სატევრები, ცულები, შუბისპირები, ისრისპირები), სამკაული (მათ შორის, ოქროსიც), სარიტუალო ნივთები და ინსიგნიები (შტანდარტის თავები, სარტყლები), ცხენის აღკაზმულობის საგნები. ნარეკვავის ამ სამაროვნის თარიღი ძვ. წ. XI-IX სს-ითა და VI-V სს-ს შორის პერიოდით განისაზღვრა (აფაქიძე ... 1993: 3-4; აფაქიძე ... 2000: 3-5).

  2. გვიანელინისტური და გვიანანტიკური ხანის სამარხები მცხეთაში გვხვდება: 1. სამთავროს სამაროვანზე, სადაც გაითხარა 150-მდე ქვევრსამარხი. სამარხები ცალკეულ ბუდეებად იყო განლაგებული. ქვევრსამარხთა უმრავლესობა დამხრობილი იყო სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ. ისინი ძირითადად მიწაში ჰორიზონტალურად იყო ჩაფლული. გვხვდება ვერტიკალურად ჩადგმული ქვევრებიც. ქვევრში თითო მიცვალებულს ასვენებდნენ. არის წყვილის დაკრძალვის შემთხვევებიც. მიცვალებული ქვევრში ჩაუსვენებიათ ხელფეხმოკეცილი, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე. სამარხეულ ინვენტარს წარმოადგენს: მცირე ზომის თიხის ჭურჭელი (ღია მოწითალოდ ან ლეგად გამომწვარი, წითელი საღებავით დაფარული, იშვიათად წითელი საღებავით მოხატული დოქები, ქოთნები, ჯამები, ლანგრები, კოჭობები, კანთაროსისებური ორყურა სასმისები); სამკაული (რკინისა და ბრინჯაოს ზურგშედრეკილი სამაჯურები; ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს მავთულისგან დამზადებული საყურე-რგოლები; ზარაკები); მონეტები – ძვ. წ. I ს-ის არშაკიდული დრაქმები; რკინის დანები (5ც), მძივები და მძივსაკიდები და სხვ. სამთავროს ქვევრსამარხების ინვენტარი ძვ. წ. II-I სს-თა და ახ. წ. I ს-ით დათარიღდა (თოლორდავა 1980: 47-56).

    2. სამთავროს ველის სამხრეთ უბანზე, მცხეთის ყოფილი რესტორნისა და მარნის ტერიტორიაზე გაითხარა 7 ქვევრსამარხი, რომლებშიც აღმოჩნდა: წითლად გამომწვარი და ანგობირებული ქუსლიანი ჯამები, მოწითალოდ გამომწვარი, მსხლისებურტანიანი ხელადები და ბრინჯაოს ზურგჩაზნექილი, ძვლისთავიანი სამაჯურები, ერთი ყელწიბოიანი ხელადა. სამარხები ძვ. წ. I და ახ. წ. I სს-ით დათარიღდა (აფაქიძე ... 2001: 26), ქვევრსამარხები კი ძვ. წ. I ს-ით (აფაქიძე ... 1978: 75-77).

    3. აქვე, გვიანანტიკური ხანის 3 კრამიტსამარხი გაითხარა. სამარხები ნაგებია ღარისებური და ბრტყელი კრამიტებისაგან. სახურავი ორფერდაა. დამხრობილია აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეებს შორის. სამარხები გაძარცული იყო. მათში აღმოჩნდა: მინის სანელსაცხებლე, ვერცხლის პართიული მონეტა; ვერცხლის ჭურჭლის ყური (ფაფრიანი დრაკონის მორკალული ტანით); მინის ოთხკუთხა კორპუსიანი სირიული ბოთლი; სირიული წარმოშობის მინის ორყურა სანელსაცხებლე; ალექსანდრე მაკედონელის ოქროს სტატერის მინაბაძი; ბრინჯაოს ზარაკი, მძივები (სარდიონის, ოპალის, გიშრის); თიხის სამტუჩა, ყელწიბოიანი ხელადები, ჭრაქი; საწერი მოწყობილობის კომპლექსი (სამარხი №6), რომელიც შედგება: ბრინჯაოს სამელნისაგან სახურავით, ბრინჯაოს ოთხი წკირისაგან (სიგრძე 4-5-5,2 სმ) და ძვლის მრგვალგანივკვეთიანი სტილოსისაგან (სიგრძე 16,5 სმ). ასეთივე სამელნე აღმოჩნდა მცხეთაში ქალაქის ტერიტორიაზე (უნივერმაღის მშენებლობის ადგილას 1958 წ. გათხრების შედეგად). სამარხები ახ. წ. I-II სს-ით დათარიღდა (აფაქიძე ... 1978: 68-75).

    4. სამთავროს სამაროვანზე, ჩრდილო და სამხრეთ უბანზე გაითხარა 131 ქვის სამარხი, კრამიტსამარხები, თიხის ფილასამარხები და ორმოსამარხები. ისინი, ძირითადად ინდივიდუალური იყო. მიცვალებულის დაკრძალვის პოზასა და ორიენტაციაში ცვლილებები შეინიშნება. უფრო ადრეულია – ხელფეხმოკეცილი, გვერდითი პოზა. შემდეგ ჩნდება ზურგზე გაშოტილი. დამხრობა უმეტესად თავით დასავლეთით ან ჩრდილოეთით იყო მიმართული. ახ. წ. II ს-ში ჩნდება ქვის სამარხები და თიხის ფილასამარხები, ასევე – ქვის სამარხის სტელები ბერძნული და არამეული ეპიტაფიებით. სამარხებში აღმოჩნდა: თიხის ჭურჭელი – ქოთნები, ხელადები შემკული ამობურცული კოპებით, ყელწიბოიანები, სამტუჩები და სხვ. ჭრაქები); მონეტები – რომაული და პართიული, ძირითადად გოტარზეს (41-51) დრაქმები და ავგუსტუსის დენარები (ძვ. წ. 30-ახ. წ. 14); სამკაული – ბრინჯაოს ბეჭდები, გემები, ბრინჯაოს, ვერცხლის ან ოქროს საყურეები; ლითონის ჭურჭელი – ბრინჯაოს ჭურჭელი და ვერცხლის ფიგურული თეფში, კოვზები; ტუალეტისა და ტანსაცმელთან დაკავშირებული ნივთები – ბრინჯაოს სარკე, ზარაკები, ბრინჯაოსა და რკინის საკინძები; მძივები – ალმადინის, სარდიონის, კვარცის, ქარვის, მინისა და სხვ.). სამარხები ახ. წ. I-II სს-ით დათარიღდა (ივაშჩენკო 1980).

    5. მცხეთაში, მონასტრისხევის მარჯვენა ნაპირზე, გაითხარა კრამიტსამარხები, რომლებშიც დადასტურდა: მოწითალო-მოვარდისფროდ და ჩალისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭელი, მინის სანელსაცხებლეები, რომაული მონეტები, სხვადასხვა ფორმისა და მასალის მძივები, რკინის ბეჭდები სარდიონის გემა-ინტალიოებით, რომლებზეც გამოსახულია ფორტუნა, აფროდიტე, შინაური ცხოველები და ფრინველები. სამარხები I-II სს-ით დათარიღდა (აფაქიძე ... 1995: 7, 13, 15, 16).

    6. სამთავროს ველის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ახალციხის ხევთან, გაითხარა ქვის სამარხები და ორმოსამარხი, რომლებიც ჩაშვებული იყო ძვ. წ. I ათასწლეულის ფენაში (ქვის სამარხები, ორმოსამარხები, ქვის ფილებით გადახურული სამარხები, თიხის ფილასამარხები, კრამიტსამარხები, კომბინირებული სამარხები. სულ – 201). ნივთები აღმოჩნდა 97 სამარხში, დანარჩენი 104 უინვენტარო იყო. მათ შორის გამოიყო II-III და III-IV სს-ის სამარხები. II-III სს-ის სამარხებში მიცვალებულები დაუკრძალავთ გულაღმა, გაშოტილნი. სამარხებში აღმოჩნდა: მინის სანელსაცხებლეები, ჩალისფრად გამომწვარი ამობურცულკოპებიანი ხელადები, ვერცხლის ბეჭდები, ოქროს საშუბლე ფურცლები, მინის მძივები; მონეტები ვერცხლისა, ავგუსტუსის დენარები, არტმან II-ის დრაქმა (ძვ. წ. 10-38) და სხვ. (აფაქიძე ... 1978: 122-131); III-IV სს-ის სამარხები ძირითადად ინდივიდუალურია, მაგრამ III ს-იდან ჩნდება კოლექტიური (საგვარეულო) სამარხებიც. მიცვალებულები დაუკრძალავთ გაშოტილნი, გულაღმა, თავით დასავლეთის ან აღმოსავლეთისკენ. სამარხებში აღმოჩნდა: მინის სანელსაცხებლეები (მაღალყელიანი, მინის ძაფების სპირალით შემკული; კოლბისებრი, შეზნექილძირიანი და სხვ.); ჭვინტიანი მშვილდსაკინძები; ოქროს საშუბლე ფურცლები, საყურეები; ბრინჯაოს ზარაკები, სარკე; მძივები: (მწვანე პასტის, სარდიონის, გიშრის, ლურჯი მინის, ინკრუსტირებული და სხვ. (მანჯგალაძე 1985: 43-108).

    7. სამთავროს დედათა მონასტრის წინ, გზის პირას, მიწის თანამედროვე ზედაპირიდან 1,60 მ-ის სიღრმეზე აღმოჩნდა წაგრძელებული ოთხკუთხა მოყვანილობის ორფერასახურავიანი ქვის სამარხი – აკლდამა (№905), რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ იყო დამხრობილი. სამარხში ორი მიცვალებული (ქალი) დაუკრძალავთ, ხელფეხმოკეცილი, ერთმანეთისკენ პირისპირ, თავით აღმოსავლეთისკენ. სამარხში აღმოჩნდა 32 დასახელების ნივთი: ბრინჯაოს 2 პატერა და ენოხოია (საღვინე ჭურჭელი); ვერცხლის ლანგარი (ზედ იდო ცხვრის კოჭი), კოლოფი, 2 სინი, 3 პინაკი, 2 ჯამი, 2 სურა, სარკე, პართიული წერტილოვანი წარწერით შემკული ლანგარი, კილიკი, 2 კოვზი, 5 აბზინდა; რკინის ლამპარი და ლურსმანი; ბრინჯაოს 3 ზარაკი, 2 მძივი; ოქროს 5 მასიური ბეჭედი, 2 წყვილადი საყურე, ყელსაბამი ძეწკვით, ოქროს შუბლსამკაული (ქოირი) – 40 ფურცელი, აქატის ორი ამფორისკი – სანელსაცხებლე, ქალცედონის და ქვის საბეჭდავები; მძივები – მინის, ქარვის, გიშრის, მარგალიტის და სხვ. ოქროს 3 და ვერცხლის 31 მონეტა და სხვ. აკლდამა ახ. წ. II ს-ის მეორე ნახევრითა და III ს-ის პირველი ნახევრით ან შუა ხანებით დათარიღდა (აფაქიძე, ნიკოლაიშვილი 1996: 7-79).

    8. სვეტიცხოვლის უბანზე, ნამოსახლარის ნაშთებთან ერთად აღმოჩნდა გვიანანტიკური ხანის სამარხები: 11 ქვის სამარხი, 5 თიხის ფილასამარხი, 3 კრამიტსამარხი და 2 ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხი. მათ შორის ინვენტარის სიუხვით გამოირჩევა ორფერდასახურავიანი ფილებით ნაგები სამარხი აკლდამა №25, რომელშიც წარჩინებული ფენის წარმომადგენელი 18-20 წლის ქალი დაუკრძალავთ, გაშოტილი, გულაღმა. სამარხში აღმოჩნდა: მინის, ვერცხლისა და ოქროს ნივთები – ყელსაბამის ნაწილები, საკიდები, მძივები, ღილები, ბრინჯაოს მრგვალი სარკე, ოქროს მონეტა არდაშირ I-ისა (226-242); გიშრის მასიური სამაჯური 42 პიროპის თვლით. სამარხი დათარიღდა ახ. წ. III ს-ის მეორე ნახევრით ან III ს-ის ბოლოთი (აფაქიძე ... 1989: 41). 9. სამთავროს ველის ჩრდილოეთით მდებარე ბაიათხევის მარცხენა ნაპირზე, საცხოვრებელი სახლისათვის გაჭრილ ქვაბულში გაითხარა გვიანანტიკური ხანის სამარხები და ნამოსახლარი, სადაც აღმოჩნდა ჭრაქის ნატეხი და ახ. წ. I-II სს-ის მიჯნით დათარიღებული მცირერიცხოვანი მასალა. ნასახლარი დანგრეული იყო გვიანანტიკური ხანის კრამიტსამარხებით, კრამიტითა და ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხებით, ქვის სამარხებითა და თიხის ფილასამარხით. მათში მიცვალებულები დაუკრძალავთ გულაღმა, გაშოტილი (გარდა ერთი სამარხისა), ძირითადად თავით აღმოსავლეთისაკენ დამხობილნი. სამარხებში აღმოჩნდა: მინის სანელსაცხებლები (კონუსურტანიანი, ცილინდრული ყელით), თიხის ორსართულიანი ჭურჭელი, რკინის ბეჭდები, ოქროს შუბლსამკაული (ქოირი), ბრინჯაოს ჭვინტიანი მშვილდსაკინძი, მძივები – ქვის, მინის, გიშრის, სარდიონის; მონეტები – ავგუსტუსის ვერცხლის დენარები; გემიანი რკინის ბეჭდები; ოქროს საკიდები, კილიტები, ვარდული; ლურჯი მინის მრავალწახნაგა საბეჭდავი, თიხის სამტუჩა ხელადები და სხვ. სამარხები დათარიღდა ახ. წ. III ს-ითა და IV ს-ის პირველი ნახევრით (ნიკოლაიშვილი, ნარიმანიშვილი 1995: 97-134). 10. სამთავროს ველზე გაითხარა სამარხი-აკლდამა (№970) და გვიანანტიკური ხანის ფენის ნაშთები. აკლდამაში აღმოჩნდა კერამიკა, ოქროსა და ბრინჯაოს საკიდები, ვერცხლის მხარწიბოიანი გემიანი ბეჭედი, თევზის გამოსახულებიანი რკინის გემიანი ბეჭედი, პართიული და ავგუსტუსის მონეტები. სამარხი ახ. წ. III ან IV ს-ის პირველი ნახევრით დათარიღდა (აფაქიძე ... 2001: 25-26). 11. მცხეთაში, მრევლიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე გამოვლინდა 58 ქვის სამარხი და ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები (მათ შორის 2 ორმოსამარხი ადრებრინჯაოს ხანის. იხ. ზემოთ). სამარხები ორ იარუსად იყო გამართული: ქვედა IV-V სს-ით თარიღდება, ზედა VI-VII სს-ით. სამარხებში მიცვალებულნი დაუკრძალავთ გულაღმა გაშოტილნი, თავით დასავლეთისკენ დამხრობილნი. სამარხები საოჯახოა. დაკრძალულია ერთიდან ექვსამდე მიცვალებული. სამარხებში აღმოჩნდა ტანსაცმელსა და სამკაულთან დაკავშირებული ნივთები: ღილები, მშვილდსაკინძები, საკინძები, ბეჭდები, საყურეები, მძივები და მინის სხვადასხვა ფორმის ჭურჭელი (ნიკოლაიშვილი ... 1985: 132-135).

    ადრე შუა საუკუნეების ძეგლები მცხეთასა და მის შემოგარენში გვხვდება: 1. მცხეთა-შიომღვიმის გზის მარცხენა მხარეზე აღმართულ ბორცვზე (ე. წ. ტუიაქოჩორაზე) გაითხარა 14 ბანურსახურავიანი ქვის სამარხი. ისინი საოჯახოა. სამარხებიდან №4 გამოირჩევა ინვენტარის სიმდიდრით. მასში აღმოჩნდა: ოქროს საყურე, ბეჭდები, საკინძი (?), ბრინჯაოს მარჯნისთავიანი საკინძი, გემიანი ბეჭედი; რკინის ბეჭდები, მაღალმშვილდიანი ჭვინტიანი მშვილდსაკინძები; ლურჯი მინის მრავალწახნაგა საბეჭდავი. ტუიაქოჩორას სამაროვანი IV-VIII სს-ით დათარიღდა (ნიკოლაიშვილი 1978ბ: 157-167). 2. სვეტიცხოვლის ტაძრის დასავლეთით, 30-40 მ-ის მანძილზე გამოვლინდა შუა საუკუნეების ნამოსახლართა 3 ფენა (რომლის ქვეშ იყო მოქცეული ელინისტური და გვიანანტიკური ფენები იხ. ზემოთ). შუა საუკუნეების ნამოსახლარში შემდეგი სტრატიგრაფიული სურათი დადასტურდა: ზედა პირველი – გვიანი შუა საუკუნეების ფენა; შუა – XI-XIV სს-ის ფენა, რომელშიც აღმოჩნდა რიყის ქვით ნაგები სწორკუთხა ფორმის სათავსი, პურის საცხობი თიხის ღუმელი, ქვევრები, კერები, თიხის წყალსადენი მილები, მიწაში ვერტიკალურად ჩადგმული მოგრძო, ბრტყელი ქვა, რომელზეც წამოცმული იყო ქვევრის ყელ-პირის ფრაგმენტი; ქვედა მესამე – ადრე შუა საუკუნეების – VI-X სს-ის ფენა, რომელშიც აღმოჩნდა: ფლეთილი ქვისგან ნაგები კედლის ფრაგმენტი, თხელკედლიანი მინისა და წითლად თუ ჩალისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები (ქოთანი, ჭრაქი და სხვ.); ბრინჯაოს ზარაკი, ოქროს ბეჭედი სარდიონის თვლით, რომელზეც ამოკვეთილია ინტალიო – მორბენალი ქურციკის პროფილი (აფაქიძე ... 1978: 64-67, 79). 3. სოფ. წილკნის აღმოსავლეთით გაითხარა გვიანანტიკური-ადრე შუა საუკუნეების ხანის ძეგლები: სამაროვნის, ნამოსახლარისა და ეკლესიის ნაშთები. მცხეთისა და მისი შემოგარენის არქეოლოგიური ნივთები ინახება მცხეთის არქეოლოგიურ ბაზაზე, დიდი მცხეთის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) ფონდებში და გამოფენაზე.

    მცხეთის ცენტრში დგას სვეტიცხოვლის კომპლექსი, რომელშიც შედის: ეკლესია, გალავანი, კარიბჭე, სამრეკლო, სასახლეები, საეკლესიო პირთა საცხოვრებლები. სვეტიცხოვილის პირველი ეკლესია აშენდა IV ს-ის 30-იან წლებში მირიან მეფის დროს, ქართლის სამეფოში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით. პირველი ეკლესია ხის ნაგებობა იყო. ის აშენდა იმ ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მცხეთელი სიდონია ქრისტეს კვართთან ერთად. V ს-ში, ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს ხის შენობის ნაცვლად აშენდა ქვის ბაზილიკური ტიპის ეკლესია. 1010-1029 წწ. ქართლის კათოლიკოსის, მელქისედექ I-ის თაოსნობით, ხუროთმოძღვარმა არსუკიძემ ააგო ახალი დიდი ეკლესია და სხვა ნაგებობები ეკლესიის გარშემო. 1283 წ. სვეტიცხოველი მიწისძვრისგან დაზიანდა. XIV ს-ში გიორგი ბრწყინვალემ (1314-1346) აღადგინა ტაძრის გუმბათი. XIV ს-ში სვეტიცხოველი თემურ-ლენგმა გაანადგურა. XV ს-ში ტაძარი კაპიტალურად შეაკეთა ალექსანდრე I-მა (1412-1442). 1556 წ. სვეტიცხოვლის გუმბათის ყელი აღადგინეს როსტომ მეფემ (1632-1658) და მარიამ დედოფალმა. ნიკოლოზ ამილახორის (ნიკოლოზ VIII) კათოლიკოსობის დროს (1678-1688; 1691-1696) ეკლესიაში, სიდონიას საფლავზე, რომელზეც იდგა „სვეტიცხოველი“ აღმართეს მართკუთხა კოშკისებური ნაგებობა, რომელიც მოხატა მხატვარმა გრიგოლ გულჯავარასშვილმა. 1787 წ. ერეკლე II-მ (1744-1798) სვეტიცხოვლის ტაძრის გალავანი განაახლა. V ს-იდან სვეტიცხოველი კათოლიკოს-პატრიარქთა საკათედრო ტაძარი და მეფეთა განსასვენებელია. აქ დაკრძალულია: ვახტანგ გორგასალი, დავით-ულუ (1247-1270), ლუარსაბ I (1527-1556); სვიმონ I (1556-1600), ალექსანდრე I, ერეკლე II და სხვ.

    სვეტიცხოვლის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (გარე ზომები: 57,7X27 მ, სიმაღლე 49 მ). გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ წაგრძელებული სწორკუთხედია. ეკლესია სამნავიანია. ჯვრის გამოსახულება შექმნილია გუმბათის ოთხივე მხარეს გაწვდილი ოთხი მკლავით. თექვსმეტსარკმლიანი გუმბათი ოთხ მძლავრ ბოძს ეყრდნობა. აფსიდა ნახევარწრიულია. ეკლესიას სამი კარიბჭე ჰქონდა. ამჟამად შესასვლელი დასავლეთიდანაა. ეკლესია ნაგებია კარგად თლილი ნაცრისფერ-მოყვითალო და მომწვანო ქვიშაქვისა და ტუფის კვადრებით. ძველის შემორჩენილი წყობა სწორი, ჰორიზონტალური რიგებისაგან შედგება. გარე და შიდა თლილ საპირე ქვებს შორის ჩასმულია კირხსნარისა და ნაყარი ქვების მასა. ეკლესიის საკურთხევლის ორივე მხარეს აფსიდიანი ეგვტერებია: ჩრდილოეთით წმინდა ნიკოლოზისა, სამხრეთით – წმინდა ელია წინასწარმეტყველისა. დასავლეთ ნაწილში დგას XVII ს-ში აგებული პირამიდული ფორმის სახურავიანი კოშკისებური ნაგებობა – „სვეტიცხოველი“, სადაც სასწაულმოქმედი სვეტი ინახებოდა. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კედელთან დგას მცირე ზომის გუმბათიანი ეკლესიის მოდელი – სამლოცველო. სამხრეთის გუმბათქვეშა ბურჯთან ოთხ სვეტზე მდგარი ნაგებობა სფერული გადახურვით – საკათოლიკოსო კათედრა. ადრე დასავლეთ მხარეს მეორე სართულის დონეზე გალერეა – პატრონიკე უვლიდა, რომლის მცირე ნაწილი გადარჩა. აფსიდის ქვედა ნაწილში სასულიერო პირთათვის განკუთვნილი სამსაფეხურიანი ჩამოსაჯდომია. საკურთხეველს და ეგვტერებს თითო სარკმელი აქვთ. აღმოსავლეთ და დასავლეთ მკლავებში ასევე თითო სარკმელია, ხოლო გვერდით მკლავებში – სამ-სამი. XI ს-ის ეკლესია მთლიანად მოხატული იყო. ამ ხანის მოხატულობის ფრაგმენტები შემორჩენილია: დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედელზე, შუა ნავის სამხრეთ-დასავლეთ თაღზე და სამხრეთი ნავის კამარაში. დანარჩენი მოხატულობა გვიანდელია. XVI, XVII და XVIII სს-ის მოხატულობა ძირითადად რელიგიური ხასიათისაა. შემორჩენილია ისტორიული პირების გვიანდელი (XVII ს.) გამოსახულება: სამხრეთ-დასვლეთ გუმბათქვეშა ბოძზე – როსტომ მეფის – მეუღლე, ოდიშის მთავრის, ლევან დადიანის და მარიამ დედოფალი და მისი შვილი ოტია. „სვეტის“ ქვედა ნაწილში გამოსახულნი არიან: წმინდა ნინო არმაზის მთასთან; ნანა დედოფალი და მირიან მეფე ამალით. სვეტიცხოვლის ფასადი მორთულია დეკორატიული თაღებით, ქვაზე ნაკეთები ჩუქურთმებით, რომლებიც შემოუყვება სარკმელებს; დასავლეთის ფასადზე სარკმლის გარშემო ვაზის რტოების რელიეფური გამოსახულებაა, ფასადის წვეროში – რელიეფური ქანდაკება – განკითხვის დღე და სხვ. ტაძარში შემორჩენილია ქართული და ბერძნული წარწერები. ქართული წარწერები გვხვდება: 1. აღმოსავლეთის ფასადზე, დეკორატიული თაღის ქვემოთ, თორმეტ დისკოზე სამშენებლო წარწერაა: „ადიდენ ღმერთმან ქრისტეს მიერ მელქისედეკ ქართლისა კათალიკოზი ამენ. აღუშენა ესე წმიდაი ეკლესიაი ხელითა გლახაკთა მონისა მათისა არსუკიძისაითა და ღმერთმან განუსვენენ სულსა მისსა“; და ჩრდილოეთის ფასადზე, მთავარი სარკმლის ზემოთ, ორ ქვაზე: „ხელი მონისა არსუკიძისაი შეუნდვეთ“. მათ შორის ჩასმულია მესამე ქვა ხელისა და გონიოს რელიეფით. ასომთავრული და მხედრული რელიგიური ხასიათის წარწერებია: ეკლესიის დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედელზე, სარკმლის სამხრეთით, საკურთხევლის კონქის თაღის საფეხურის სიბრტყეზე; სამხრეთი მკლავის კედლზე, გუმბათქვეშა ჩრდილო-დასავლეთ ბოძის აღმოსავლეთ მხარეზე, ჩრდილო კედელზე თაღის აღმოსავლეთით და სხვ. ბერძნული წარწერებია: ჩრდილოეთის ცენტრალური სვეტის სამხრეთ წახნაგზე, ჩრდილო-აღმოსავლეთის სვეტზე, სამხრეთ წახნაგზე. ამ სვეტების შემაერთებელ თაღზე გამოსახული წმინდანების მედალიონებზე, გუმბათში შემორჩენილ ფრესკაზე, საკურთხევლის ცენტრალური სარკმლის მარცხნივ, სამხრეთის კედელზე; ეკლესიის შუაში – სამხრეთის ორ სვეტს შორის, „სვეტიცხოვლის“ სვეტის გარეთა მხარეზე და სხვ. წარწერები ძირითადად XVI ს-საა (ბერიძე 1948ა: 135-164; შმერლინგი 1960: 16-19; სძა 1990: 261-269; ყაუხჩიშვილი 1951: 209-221).

    მცხეთაში მდებარეობს სამთავროს კომპლექსი: დიდი ეკლესია, წმინდა ნინოს ეკლესია, სამრეკლო, გალავნის ნაწილი, კოშკი და საცხოვრებელი და სამსახურო შენობები. ამ ადგილას ყოფილა ერისმთავრის სამყოფელი და სასახლის ბაღი, საიდანაც წარმოდგა მისი სახელი. აქ უცხოვრია წმინდა ნინოს. სამთავროს ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (27X23 მ). ეკლესიას სამხრეთ, ჩრდილოეთ და დასავლეთ მხარეს აქვს მინაშენები. ნაგებია მოყვითალო-მოყავისფრო თლილი კვადრებით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. გუმბათი ეყრდნობა ბურჯს. საკურთხევლის ორივე მხარეს სადიაკვნე და სამკვეთლოა.

    მონასტრის სამხრეთ-დასავლეთით, გუმბათქვეშა ბოძთან დგას მიტროპოლიტის კათედრა. ცამეტწახნაგა გუმბათის ყელში გაჭრილია 13 სარკმელი, რომლებითაც ხდება ეკლესიის განათება. ეკლესიაში შემორჩენილია რელიგიური ხასიათის მოხატულობა და ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები. სამთავროს დიდი ეკლესია XI ს-ის 30-იან წლებს განეკუთვნება. წმინდა ნინოს ეკლესია დგას დიდი ეკლესიის აღმოსავლეთით. ამ ადგილას IV ს-ში მირიან მეფეს აუგია ეკლესია. ის გუმბათოვანი ნაგებობაა (6,2X3,9 მ). ნაგებია რიყის ქვით. შეკეთების დროს გამოუყენებიათ თლილი ქვა და აგური. აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდა აქვს. აფსიდაში 3 თაღოვანი სარკმელია. ქვეშ სატრაპეზო ქვა დგას. ჩრდილოეთით აფსიდის კედელში კონქით გადახურული ნახევარწრიული ნიშია. გუმბათის რვაწახნაგა ყელი სწორკუთხედზეა აღმართული. გუმბათის ყელში ოთხი სარკმელია. ეკლესია მოხატულია წმინდა ნინოს ცხოვრების კომპოზიციებით. მოხატულობა გვიანდელია.

    XV-XVI სს-ის სამრეკლო დგას დიდი ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით, 20 მ-ის დაშორებით. ნაგებია თლილი მოყვითალო-მონაცრისფრო კვადრებით (სძა 1990: 253-257).

    „ანტიოქია“ მდებარეობს ქ. მცხეთის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, მტკვრისა და არაგვის შესართავში შეჭრილ კლდოვან მასივზე. ნაგებობა სამნავიანი ბაზილიკა ყოფილა. შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთის ნავი. ბაზილიკა შვერილ-აფსიდიანი ყოფილა. საკურთხევლის აფსიდა ნალისებურია. ძეგლი VII-VIII სს-აა (ყიფიანი 1999: 18-25). მცხეთის ანტიოქიის ეკლესიის ზღუდეზე აღმოჩნდა ქვიშაქვის სტელა ბერძნული სამშენებლო წარწერით: „მე ვარ ანი და ოჰი – გააკეთა აქილევსმა ხუროთა (უფროსი) რომ არის. ავრელიოს აქოლოსი მხატვართუხუცესი და ხუროთმოძღვარი ... ზღუდით გამაგრება ... საბოლოო (ან საუკუნო) ხსოვნა. არსპაკორესი“. პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით, წარწერა II-VI სს-ით თარიღდება (ყაუხჩიშვილი 2000: 230).

    ჯვრის ეკლესია მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან აღმართულ მაღალ მთაზე. აგებულია 584-604 წლებში. ამ ადგილას წმინდა ნინოს მიერ აღმართული ჯვარი მდგარა. VI ს-ში ამ ჯვრის გვერდით მცირე ეკლესია აუგიათ. ჯვრის ეკლესია ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. ცენტრალური ნაწილი, რომელზეც გუმბათია აღმართული, ორივე მხარეს ნახევარწრიული აფსიდებით იხსნება. კუთხეებში კვადრატული სათავსოებია. გუმბათის ყელი რვაწახნაგაა. აღმოსავლეთის ფასადზე სარკმლების ზევით ეკლესიის ქტიტორთა გამოსახულებაა: შუაში ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ პატრიკიოსი, ხოლო გვერდებზე დემეტრე და ადარნერსე ვიპატოსები. რელიეფს ახლავს ასომთავრული წარწერები. სამხრეთის ფასადზე ერისმთავართა კიდევ ერთი ჯგუფია გამოსახული. რელიეფით არის შემკული სამხრეთის ორივე შესასვლელი. გუმბათის ყელზე გამოსახულია მუხლმოყრილი ფიგურა (სანიკიძე 1981; შმერლინგი ... 1960: 12-16).

     
    ბიბლიოგრაფია: აგათია სქოლასტიკოსი 1936: 41, 42; აბრამიშვილი 1957: 115-139, 138; აფაქიძე 1959: 7, 51; აფაქიძე 1963: 137, 138; აფაქიძე ... 1978: 81-156; აფაქიძე ... 1978ა: 8-80; აფაქიძე ... 1981: 119-152; აფაქიძე ... 1981ა: 153-169; აფაქიძე ... 1982: 191-218; აფაქიძე ... 1989: 35-39; აფაქიძე ... 1989ა: 41-45; 49-52, 59-65; აფაქიძე ... 1995ა: 6-57; აფაქიძე ... 1999: 3, 4; აფაქიძე ... 2000: 3; აფაქიძე ... 2001: 25, 26; აფაქიძე, ნიკოლაიშვილი 1996: 7-79; ბაგრატიონი 1989: 67; ბაგრატიონი 1986: 30; ბაგრატიონი დავით 1941: 26, 47, 62, 70, 76, 111; ბერიძე 1948ა: 134-164; ბერძენიშვილი 1966: 20-23, 27, 51; 1990: 221, 222; ბოხოჩაძე 1969ა: 26, 27; გამყრელიძე 2010: 69, 162-165; გობეჯიშვილი 1952: 78; გიულდენშტედტი 1962: 5, 59, 61, 67, 93, 95, 111, 141, 147, 187, 207, 273; 1964: 129, 131, 145, 175; გოილაძე 1991: 47, 152-154, 195-201; გრიგოლია 1954: 70, 74; დავლიანიძე, სადრაძე 1993: 66-92; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 73, 77, 99, 140; დე გრაი დე ფუა 1985: 86; ეპისტოლეთა წიგნი 1968: 66, 79, 87, 97, 122, 152, 155, 160, 161, 168, 170, 174, 175, 185, 187, 191, 226, 231, 234, 249-251; თოლორდავა 1980: 47-56; ივაშჩენკო 1980; კალანდაძე 1949: 259-287; 1959ბ: 14-17; 1963: 37-43; 1980: 22-38, 38-136; კალანდაძე, ბოხოჩაძე 1964: 13-17; კალანდაძე ... 1966: 29-31; ლომთათიძე 1945: 7, 8, 15, 16, 24-27; მაკალათია 1928: 161-188; მანჯგალაძე 1985: 43-108; მასალები საქ. ისტ. 1905: 34, 44, 58; მარტვილობაი ევსტათი მცხეთელისაი 1946: 45, 47, 53, 54; მარტვილობაი რაჟდენისი 1946: 243; მქ 1979: 320, 326, 334, 339-341, 345, 347, 349; მცირე ქრონიკები 1968: 32, 34; ნიკოლაიშვილი 1978ბ: 157-169; ნიკოლაიშვილი ... 1985: 132-135; ნიკოლაიშვილი, ნარიმანიშვილი 1995: 58, 59; ორბელიანი 1981: 34, 35, 53, 55, 59, 60, 78-80, 84, 86, 88, 102, 107, 111, 164, 235, 243, 244; ოქროპირიძე 1963: 183-220; 1965: 15-30; პტოლემაიოსი 1955: 46, 60; რამიშვილი 2000: 28-37; სადრაძე 1989: 78-80, 144, 154; 1993: 4-38, 38-55, 61; 1997: 4, 9-11; სამხ. საქ. ისტ. 1961: 7, 11, 23, 25-27, 29, 31-32, 86, 89; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 54, 55, 59, 61, 65, 75, 80, 99, 108, 118, 124, 136, 167, 173, 193, 209, 210, 214, 343, 351, 355-356; საქ. სიძ. 1909: 145, 204, 274, 402, 441; 1910: 324, 481; 1920: 8, 9, 239, 240, 241, 244, 246, 248, 280, 345; სომხურ ხელნაწერთა ... 1978: 130, 142, 151; სძა 1990: 131, 253-257, 261-269; ქართლ-კახეთის ... 1903: 188, 195, 197, 200, 209; ქართ. ხელნაწ. აღწ. 1949: 21, 22, 29; ქართ. ეპისტ. 1989: 85; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 20-31, 37, 46, 57, 81, 116, 119, 125, 130, 132, 171, 177, 184; ქართ. სამართ. ძეგ. 1963: 478; 1965: 47, 126, 128, 136, 199-201, 304; 1970: 24, 110, 170, 176, 177, 179, 182-184, 189-195, 212, 219, 237, 238, 251, 580, 587, 588, 590, 756, 786; 1970ა: 47, 50, 72, 23, 701; 1972: 77, 252, 255, 441; 1976: 371; 1981: 277, 561, 636, 774; 1985: 94, 581, 582, 686, 756; ქრონიკები 1892: 6, 11-13, 15-19, 28-30, 36, 37, 39, 43, 45, 48-51, 57, 58, 61, 66-68, 74, 77-78, 93, 168, 175, 182, 186; 1897: 34, 58, 127, 164, 184, 185, 187, 188, 192, 185, 197, 198, 202, 204-207, 212-214, 217-221, 224, 226-228, 231, 232, 235, 239-245, 247-250, 253-255, 259-261, 270-273, 277, 282, 285-290, 300, 306, 310, 316, 317, 319, 320, 323, 325, 330, 332, 335, 345, 346, 368-371, 373-376, 386, 390-395, 401, 408, 413, 416, 418, 423, 424, 430, 439, 441, 444, 453, 456, 457, 460-462, 464, 466, 469, 473, 481, 484, 486, 487, 489-491, 493, 496, 497, 504-506, 514, 515, 520; 1967: 21, 22, 25, 61-63, 73, 98, 115, 158, 168, 173, 174, 176, 183, 222, 243, 266, 398, 444, 457, 599, 606, 634; ქც 1: 3,19 ; 9,13 ; 10,4 ; 11,3-6 ; 13,10 ; 15,10,11,15; 17,21 ; 18,4 ; 19,3,4-6,8 ; 20,17,23 ; 23,10,26 ; 25,6,17 ; 27,12,14 ; 28,16 ; 29,6 ; 30,19 ; 33,4 ; 34,20 ; 35,12,16,17; 37,3,14,23; 38,24; 43,20; 44,5,სქ.1,2; 47,8; 48,8,12; 51,12; 52,11; 55,6,11; 58,4; 62,12; 63,16,20; 64,5,22; 71,5; 79,4; 86,3,7,12; 88,4,6; 93,8; 95,12,19; 97,11; 98,4; 99,15; 100,4; 101,1; 106,19; 111,8; 114,22; 116,5,13; 121,17; 122,8; 123,7; 125,7; 128,1; 129,1; 132,14; 136,13; 139,11; 140,20; 142,5; 145,4; 151,11; 157,20; 178,6; 180,3,5,6; 198,10; 200,19; 202,20; 204,11; 205,9; 208,19; 218,7; 223,11; 227,5; 229,8; 232,4; 233,7; 241,8,11; 243,7; 265,15; 279,2; 282,18,19 ; 290,22; 296,8; 367,4; 373,22; 374,1,11,12,16,19,21; 375,17; ქც 2: 146,10; 224,3; 237,4 ; 254,21; 257,3; 267,20; 278,8 292,7; 323,10; 328,29; 346,24; 350,3; 351,20,21; 357,13; 366,26,29; 373,11; 390,26; 424,8; 452,4,20; 473,14; 474,20; 475,4,5; 488,8; 490,2; 493,5,9; 496,29; 508,28; 510,13,17; 527,24; 537,4; ქც 4: 7,13,15; 14,27; 25,29; 34,5; 50,19,27,28; 51,8,25; 53,3,5,6,17; 53,3; 55,9,13; 56,2,15; 57,1; 58,19; 59,4,12; 62,17; 63,1,10,20; 64,3,20; 65,3,20; 65,2,24,28; 66,22; 67,25; 68,2,6,9,11; 70,19 71,2; 72,6; 74,19; 77,4,5,6,10; 78,14,15; 80,16,22,25; 81,10,27,30; 82,5; 83,12; 119,8; 124,3; 134,7; 137,4; 140,19; 170,20; 223,2; 230,27; 267,3; 279,22; 281,26; 282,4; 288,29; 294,22; 295,20; 297,21,27; 299,17; 303,17 303,9,13; 333,17; 334,6,10; 338,23; 339,11; 340,1; 347,24; 348,7,8; 349,2, სქ. 1; 350,2,16,18; 351,6; 357,23; 399,28; 402,11; 406,15,18; 412,29; 419,6; 420,15,19; 424,3; 431, სქ. 1; 434,15,16; 446,21; 468,26; 470,5,14; 482,13; 495,16; 501,9; 502,10,12,14,16,19; 535,17; 536,14, სქ. 2; 556,10; 564,19,25; 565,7; 566,11,19; 584,4; 606,5; 611,7,9; 612,21; 620,14; 620,14; 621,6; 522,9 654,4,16; 657,21,22, სქ. 2; 691,6; 794,7,15; ყაუხჩიშვილი 1951: 209-221; 2000: 230; ყიფიანი 1999ა: 18-25; შმერლინგი ... 1960: 12-16; შარდენი 1975: 389, 393; ჩუბინიშვილი 1957: 20-51, 53-97; ჩხეიძე 1913: 30, 35, 38, 46; ცხოვრება გიორგი ათონელისა 1946: 203; ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა 1946: 114, 120, 154; ცხოვრება იოანე ზედაზნელისა 1955: 12, 22-25, 39, 66; ცხოვრებაი ნინოსი 1946: 218, 220, 221, 225, 227-229; ცხოვრება პეტრე იბერიელისა 1946: 257; ცხოვრება შიოსი და ევაგრესი 1955: 92, 112; ცხოვრება ... 1980: 18, 20-23, 38, 41, 63, 75, 83, 91, 97; ძერბინი, გამყრელიძე, თოდუა 2012: 111-120; წამებაი აბიბოს ნეკრესელისა 1955: 191, 210; წერეთელი 1995: 95-132; ხორენაცი 1984: 170; ჯავახიშვილი 1960: 172, 255.

    იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

    Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9