მა მგ მე მთ მი მლ მო მრ მტ მუ მც მძ მწ მჭ
მუგ მუკ მურ მუს მუხ

მუხათგუერდი 

მუხათგვერდი, სოფელი (ქც 4: 145,12).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4:145,12 ; 339,11, 407,9), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 296,28), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი და მესამე ტექსტი (ქც 2: 367,12,13; 511,8,10), XIV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 183; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 176, 191, 264, 532; 1974: 544; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 147), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 532), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1981: 30), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 61).

ვახუშტი ბაგრატიონი მუხათგვერდის შესახებ გადმოგვცემს: „ნაქულბაქევის ზეით არს დევის-ნამუხლი-კლდე, გაჭრილი გზად. მას ზეით მუხათგუერდი“ (ქც 4: 339,11).

მდებარეობს მცხეთის მუნიც-ში, მდ. მტკვრის მარჯვენა მხარეს, მცხეთიდან 6 კმ დაშორებით, სოფ. მუხათგვერდის მიდამოებში. არსებობს მოსაზრება, რომ „ქართლის ცხოვრებაში“ მოხსენიებული „მუხათგვერდი“, შესაძლოა, თბილისის სამხრით, კოდას მახლობლად მდებარე „მუხათს“ წარმოადგენდეს (ჯავახიშვილი 1965: 36).

1032 წ. კლდეკარის ერისთავმა ლიპარტ ლიპარიტის ძემ და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზასძემ მუხათგვერდში შეიპყრეს თბილისის ამირა ჯაფარი, რომელიც შემდგომ ბაგრატ IV-მ შეიწყალა და გაათავისუფლა (ქც 1: 296,28; ქც 4: 145,12). XIV-XVI სს-ში მუხათგვერდი მცხეთის საკათალიკოსო მამულებში შედიოდა (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 176, 191, 264), 1561 წ. თბილისში მდგარ ყიზილბაშებთან ბრძოლის წინ, სვიმონ I-ისა (1556-1660) და ლევან კახთა მეფის (1520-1574) შვილის, გიორგი ბატონიშვილის გაერთიანებული ლაშქარი ციხედიდში (ძეგვის მახლობლად) დაბანაკდა. ყიზილბაშების მოულოდნელი თავდასხმის ასაცილებლად ქართველებმა მუხათგვერდი-დევის ნამუხლართან მოდარაჯეთა რაზმი დააყენეს. ყარაულის უფროსი – გერმანოზიშვილი თავისი რაზმით მუხათგვერდში სააღდგომო წირვის მოსასმენად ავიდა. მტერმა ამით ისარგებლა, შეუმჩნევლად გადალახა საყარაულო და მოულოდნელად თავს დაესხა ქართველთა ბანაკს (ქც 2: 367,12,13; ქც 4: 407,9; 511,8,10). XVIII ს-ში მუხათგვერდში ცხოვრობდნენ კათოლიკოსის ყმები (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 183). თბილისიდან მცხეთაში გზა გადიოდა მთებზე, ნაქულბაქევის გავლით და ეშვებოდა მუხათგვერდთან (იოსელიანი 1971ა: 88). დიღმის ველიდან მუხათგვერდის გავლით გზა მიდიოდა შიდა ქართლში (ბერძენიშვილი 1990: 213).

1937 წ. მუხათგვერდის მიდამოებში არქეოლოგიური დაზვერვები ჩაატარა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის ექსპედიციამ (აფაქიძე ... 1955: 5). 1975-1976 წწ. იმავე ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მცხეთის ექსპედიციამ (ხელმძღ. ა. აფაქიძე) მუხათგვერდის მიდამოებში შეისწავლა ადრე შუა საუკუნეების სამაროვანი – მუხათგვერდი I (აფაქიძე ... 1978: 96-99). 1979-1983 წწ. ექსპედიციამ სოფ. მუხათგვერდთან გამოავლინა და შეისწავლა მრავალფენიანი ძეგლი – მუხათგვერდი II (აფაქიძე ... 1982: 208-211).

მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, საქართველოს სამხედრო გზის მე-19 კმ-ზე, სოფ. მუხათგვერდთან მდებარე მრავალფენიან ძეგლზე – მუხათგვერდი II, გაითხარა 1760 კვმ ფართობი. გათხრების შედეგად აღმოჩნდა: ადრებრინჯაოს ხანის ნასახლარის ნაშთები და ოთხი სამეურნეო ორმო; გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანისა და ელინისტური ხანის სამაროვნები. ადრებრინჯაოს ხანის სახლები წრიულია; მათ საძირკველს წარმოადგენს ერთ რიგად ჩადგმული ფლეთილი ქვისაგან შეკრული წრეები (დმ 5,6 მ). ერთი სახლის (№3) ძირზე დადასტურდა თიხატკეპნილი იატაკი, რომელზეც აღმოჩნდა: ბათქაშის დამწვარი ნაშთები, ალიზ-აგურისა და თიხის ჭურჭლის ნატეხები. შუასახლში გამართული ყოფილა სამშვერილიანი, ოვალური კერა (დმ 0,6X0,7 მ), რომელიც ამოვსებული იყო დამწვარი ნახშირითა და თიხის ჭურჭლის ნატეხებით. სამეურნეო ორმოები (დმ 1,4-1,5 მ) ამოვსებული იყო თიხის ჭურჭლის ნატეხებით (შავპრიალა, ვარდისფერსარჩულიანი, ნახევარსფერული, ზურგწიბოიანი ყურიანი ქილები, სასმისები და სხვ.), ობსიდიანის ანატკეცებითა და წვრილფეხა თუ მსხვილფეხა ცხოველების ძვლებით. სახლებისა და ორმოების მასალა დამახასიათებელია მტკვარ-არაქსული კულტურის მოგვიანო საფეხურისათვის და ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრით თარიღდება. ადრებრინჯაოს ხანის ძეგლი დაზიანებული იყო გვიანბრინჯაო-ადრერკინისა და ელინისტური ხანის სამარხებით.

მუხათგვერდი II-ის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის 31 სამარხი წარმოდგენილი იყო: ქვაყრილიანი, ქვაწრიანი, ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხებითა და ერთი ძელსამარხით. მიცვალებულები დაუმარხავთ კიდურებმოხრილნი, მარჯვენა (მამაკაცები) ან მარცხენა (ქალები) გვერდზე, უმეტესად თავით ჩრდილო-აღმოსავლეთით. სამაროვანზე აღმოჩნდა 7 სამარხი – კენოტაფი. ზოგიერთ მათგანში დადასტურდა სარეცლისა თუ საფენის ნაშთები და სასთუმლად გამოყენებული რიყის ქვები. სამაროვანზე გავრცელებული იყო ცხოველთა ძვლების (აღაპი) ჩატანების წესი; სამარხებში აღმოჩნდა: შავად და ნაცრისფრად ნაპრიალები დერგები, ქოთნები, დოქები, ლანგრები, ჯამები, სასმისები, ტოლჩები და სხვ., შემკული ჩაღარული სარტყლებით, ტალღისებური ღარებით, კანელურებით, ნაპრიალები ხაზებითა და სხვ. იარაღიდან გვხვდება: ბრინჯაოს სატევრები, შუბისპირები, დანისპირები. სამკაულიდან აღსანიშნავია: ბრინჯაოსა და რკინის სამაჯურები, საკისრე რკალები, ბეჭდები, საკინძები და სხვ. სარდიონის, ანთიმონისა და პასტის მძივები, კილიტები და სხვ. სამაროვანი თარიღდება ძვ. წ. XIV-VII სს-ით (აფაქიძე ... 1982: 208, 209). მასალა ინახება მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზაზე.

სამარხი №59 (2X1,7 მ) წარმოადგენს კარგად დამუშავებული, ორი მასიური ქვის ფილით გადახურულ ორმოსამარხს, რომლის დასაკრძალავი ორმო შეკრული ყოფილა ხის ძელებით. დადასტურდა ძელთა წყობის ორი რიგის ნაშთი. ძელების გარედან ამოყვანილია ქვის ფილების ნატეხები, შესაძლოა, სახურავის (ქვის ფილების) დასაკავებლად. მიცვალებული დაუკრძალავთ კიდურებმოხრილი, მარჯვენა გვერდზე, თავით ჩრდილო-აღმოსავლეთით. სამარხში აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი: ლეგად ან მონაცრისფროდ გამომწვარი გვერდებჩაღარული ლანგარი, ჯამი, ყურიანი ქოთანი, დერგი, იარაღ-სამკაულიდან აღსანიშნავია: რკინის მახვილი ბრინჯაოს ტარით, სატევარი ბრინჯაოს ტარით, მასრაგახსნილი შუბისპირი, მოხრილი დანა, ორფრთიანი ისრისპირები, ღარისებური ნივთი, ბრინჯაოს სარტყელი, თხელფირფიტოვანი ქარქაში, სამაჯურები, ღილები, მინისა და პასტის მძივები. სამარხი თარიღდება ძვ. წ. VIII-VII სს-ით.

სოფ. მუხათგვერდის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდ. მტკვრის მარჯვენა ბორცვზე, საქართველოს სამხედრო გზის მე-15 კმ-ზე მდებარე სამაროვან მუხათგვერდ I-ზე გაითხარა 360 კვმ ფართობი. იქ აღმოჩნდა შუა ბრინჯაოს ხანის ერთი ქვაყრილიანი სამარხი-კენოტაფი, სადაც დადასტურდა მოყავისფრო-მონაცრისფროდ გამომწვარი 3 ქოთანი, 2 ჯამი, სამარილე და ობსიდიანის ანატკეცი (სადრაძე 1993: 63, 64).

სამაროვანზე გაითხარა ქვის ფილებით შედგენილი 56 სამარხი და 1 ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხი. ისინი წაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმისაა, ბანურსახურავიანი. სამარხებში ესვენა ერთიდან სამამდე მიცვალებული. ისინი დაუკრძალავთ ზურგზე გაშოტილნი, თავით დასავლეთით. სამარხებში აღმოჩნდა: რკინისა და ბრინჯაოს მთლიანადსხმული ან ძოწის, მარჯნისა თუ ძვლის თავებით შემკული საკინძები, იქვეა გამოვლენილი მინის, პასტის, სარდიონის, ძოწის, გიშრის, ქარვისა თუ სხვ. მასალისაგან დამზადებული მძივები, ბრინჯაოს ეჟვნები, მშვილდსაკინძები, საბეჭდავი, აბზინდა, რკინის ქამრის ფრაგმენტები და სხვ. სამაროვანი თარიღდება ახ. წ. IV-VIII სს-ით (აფაქიძე ... 1978: 96-99). მასალა ინახება მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზაში.

სამარხი №65 შეკრული იყო უხეშად დამუშავებული ხუთი ქვის ფილით. გადაეხურათ სამი ასეთივე ფილით. მიცვალებული დაეკრძალათ ზურგზე გაშოტილი, თავით სამხრეთ-დასავლეთით. სამარხში აღმოჩნდა: ძოწის, გიშრის, ქარვის, სარდიონის 69 მძივი; ბრინჯაოს სამაჯური, ეჟვანი, საბეჭდავი, მშვილსაკინძი, საყურე; რკინის რგოლებით შედგენილი სარტყელი. სამარხი თარიღდება VI-VIII სს-ით (აფაქიძე ... 1978: 98, 99).

სოფ. მუხათგვერდის აღმოსავლეთით, რადიოტექნიკური ინსტიტუტის ტერიტორიაზე გამოვლინდა რიყის ქვით ნაგები, თიხით შელესილი კედლის ფრაგმენტები და პატარა სათავსოები. იქ აღმოჩნდა გვიანი შუა საუკუნეების თიხის ჭურჭელი და 1872 წ. მოჭრილი იმპერატორ ალექსანდრე II-ის სპილენძის მონეტა. კედლებისა და სათავსოების ფუნქცია გაურკვეველია (აფაქიძე ... 1995: 88).

სოფლის თავზე დგას XIII-XIV სს-ის დარბაზული ტიპის, წმინდა გიორგის ეკლესია. გეგმით სწორკუთხაა. მოპირკეთებულია თლილი ქვით. აფსიდა ნახევარწრიულია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. სარკმლები საკურთხეველში, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებშია (შმერლინგი ... 1960: 64-65).

სოფელთან, მტკვრის ტერასაზე, საქართველოს სამხედრო გზასა და მდინარეს შორის შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების ცილინდრული კოშკის ნაშთები (აფაქიძე ... 1955: 5; შმერლინგი ... 1960: 8).
 
ბიბლიოგრაფია: აფაქიძე ... 1955: 5; აფაქიძე ... 1978: 96-99; აფაქიძე ... 1982: 208-211; აფაქიძე ... 1982ა: 68, 69, 77, 78; აფაქიძე 1982ბ: 38; აფაქიძე ... 1984: 49-50; აფაქიძე ... 1989: 6-39; აფაქიძე ... 1995: 83-89; ბაგრატიონი 1986: 30; ბერძენიშვილი 1966: 18, 20, 59; 1990: 213, 224, 327; გვრიტიშვილი 1965: 207; გიულდენშტედტი 1962: 61; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 183. იოსელიანი 1871ა: 88; კალანდაძე 1979: 151, 152; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 147; სადრაძე 1993: 63, 64; სძა 1990: 296-297; ქართ. სამართ. ძეგ. 1970ა: 532; 1974: 554; 1974: 176, 191, 264; ქც 1: 296,28; ქც 2: 367,12,13; 511,8,10; ქც 4: 145,12; 339,11; 407,9; შმერლინგი ... 1960: 8; ჭანიშვილი 1985: 117-179; ჭანიშვილი ... 1985: 657-659; ხეცურიანი 1980: 418; 1981: 411; ჯავახიშვილი 1965: 36, 140.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9