(ქც 4: 712,25 ; 811,24). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 712,25; 811,24), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 354,20, 497,27), „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 48), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 381, 382; მცირე ქრონიკები 1968: 30, 33, 39, 46, 47, 50, 55) გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 15, 236), XVII ს-ის ოსმალური დოკუმენტები (XVI-XVIII სს ოსმალური ... 1987: 150), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 217).
მდებარეობს ახალქალაქის მუნიც-ში, მურჯახეთის წყლის მარცხენა ნაპირზე, ახალქალაქიდან ოთხიოდე კმ-ის დაშორებით, დღევანდელი სოფ. მურჯახეთის ტერიტორიაზე.
1535 წ. იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ (1510-1565) გაილაშქრა სამცხის ათაბაგ ყვარყვარე III-ის (1515-1535) წინააღმდეგ. ბრძოლა გაიმართა მურჯახეთთან. დამარცხებული ათაბაგი ტყვედ ჩავარდა და მალე გარდაიცვალა (ქც 2: 354,17-24 ; 497,27; ქც 4:712,25; 811,24). გვიან შუა საუკუნეებში არსებობდა სამი მურჯახეთი: დიდი, შუა და პატარა. ოსმალების მიერ დაპყრობილი სამცხე-საათაბაგოსათვის 1595 წ. შედგენილი „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით, სოფლები შედიოდა ახალქალაქის ლივაში – თურქულ სამმართველო ოლქში. დიდ მურჯახეთში 9 კომლს უცხოვრია, პატარაში 6-ს. შუა მურჯახეთი დავთრის შედგენის დროს უკვე გაუკაცრიელებული ყოფილა. ჩვენს დრომდე მხოლოდ ერთმა მურჯახეთმა მოაღწია (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 334, 335).
1937 წ. მურჯახეთში შემთხვევით აღმოჩნდა თურქული მონეტების განძი (ანთაძე 1982: 83). 1969-1973 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ისტორიულ-გეოგრაფიულმა ექსპედიციამ (ხელმძღ. დ. ბერძენიშვილი) მურჯახეთის მიდამოებში მიაკვლია წინაფეოდალური ხანის გორანამოსახლარს (ტატიშვილი 1976-1977: 29).
მურჯახეთის განძში 355 ვერცხლის, მონეტაა. ისინი მოიცავენ 1687-1730 წლების პერიოდს და წარმოდგენილია შემდეგი მონეტებით: სულეიმან II-ის (1687-1691), აჰმედ II-ის (1691-1695), მუსტაფა II-ის (1695-1703), აჰმედ III-ის (1703-1730), მეჰმედ I-ის (1730-1754). განძში წარმოდგენილია შემდეგი ნომინალები: ყურუში, ნახევარყურუში, ონქილი და ახჩა. ყველაზე ადრეულია 1687 წ. სულეიმან II-ის სახელით მოჭრილი მონეტა, ყველაზე გვიანდელია მეჰმედ I-ის სახელით 1730 წ. მოჭრილი. მონეტები მოჭრილია კონსტანტინეპოლის, ედირნეს, არზრუმის, თბილისის, განჯისა და გუმუშჰანეს ზარაფხანებში. განძი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) (ანთაძე 1982: 83-98).
მურჯახეთში შემორჩენილია XI ს-ის დარბაზული ტიპის ეკლესია, ნაგები ფლეთილი ქვებით კირხსნარზე. გრძივი კედლები გაყოფილია სამი თაღით. ეკლესიის ოთხივე კედელში თითო სარკმელია. საკურთხეველში რელიგიური ხასიათის XVII ს-ის მხედრული წარწერაა (მასალები კავკ. არქ. 1909: 28).
ეკლესიის დასავლეთით აღმართულია მონოლითური სალოცავი ქვა. მოსახლეობა მას „ძიქვას“ უწოდებს. ქვის სიმაღლეა 3,2 მ. მასზე გამოსახულია ფალოსი და კტეისი განაყოფიერების დროს. ნახევრად მიწაში ჩაფლული მეორე ასეთი ქვა, რომელსაც „ლალიას“ სახელით მოიხსენიებენ, იქვე მახლობლადაა. ხალხური რწმენით, ქვები უშვილო ქალებს ნაყოფიერებას ანიჭებდა (მასალები კავკ. არქ. 1909: 28; მაკალათია 1938: 114).
1985-1986 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მესხეთ-ჯავახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ო. ღამბაშიძე) დაზვერვების დროს სოფ. მურჯახეთში მიაკვლია მიწის სამუშაოების დროს შემთხვევით აღმოჩენილ ბაზალტის მოგრძო მონოლითს, რომლის სიგრძე 2 მ-ზე მეტია, სიგანე 0,4 მ, სისქე 0,35 მ. სოფ. მურჯახეთის ტერიტორიაზე ეს უკვე რიგით მესამე ქვაა, რომელიც სალოცავ ობიექტს წარმოადგენდა (ღამბაშიძე ... 1991: 34).
- ბიბლიოგრაფია: ანთაძე 1967: 195-200; 1969: 132-147; 1982: 83-98; ბერძენიშვილი 1964: 58-60; გიულდენშტედტი 1962: 217; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 15, 236; 1958: 334, 335; მაკალათია 1938: 114; XVI-XVIII სს-ის ოსმალური ... 1987: 150; მცირე ქრონიკები 1968: 30, 33, 38, 39, 46, 47, 50, 55; ტატიშვილი 1976-1977: 29-33; ქც 2: 354,20; 497,27; ქც 4: 712,25; 811,24; ქრონიკები 1897: 381, 382; ცხოვრება ... 1980: 48; მასალები კავკ. არქ. 1909: 27, 28; ღამბაშიძე ... 1991: 34.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.