მა მგ მე მთ მი მლ მო მრ მტ მუ მც მძ მწ მჭ
მუგ მუკ მურ მუს მუხ

მურის ციხე


(ქც 4: 749,12). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4:749,12), ბაგრატ ბაგრატიონის „ახალი მოთხრობა“ (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 80), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 190, 191, 206), იოანე ბაგრატიონის „კალმასობა“ (1948: 31), თეოდოსი განგრელის „მოგონებები“ (განგრელი 1941: 51, 52, 55, 56), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 327).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით: „ცხენისწყლის აღმოსავლით არს ცაგერის ეკლესია დიდშენი ... ამას ზეით არს მონასტერი, წოდებული მაქსიმე აღმსაარებელისა ... ამას ზეით ცხენისწყალზედ, არს კავკასის ძირს მურის ციხე“ (ქც 4: 749,7-13).

მდებარეობს ცაგერის მუნიც-ში, ცაგერის ჩრდილოეთით, მდ. ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე, ლეჩხუმ-სვანეთის საზღვარზე (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 80; დადიანი 1962: 179; ბერაძე 1976: 71-72; სულავა 1996: 58).

ციხე აგებულია ადრე შუა საუკუნეებში და მოქმედებდა XIX ს-ის პირველ ნახევარშიც (ბერაძე 1976: 63-74). უჭირავს მოხერხებული მდებარეობა. ის კეტავდა ლაჯანურის ხეობიდან ცხენისწყლის ხეობაში გადასასვლელ გზას. გვიან შუა საუკუნეებში იქ იყო დადიანების სასახლე (დადიანი 1962: 179; ბერძენიშვილი ... 1983: 20). ზოგიერთი ავტორი მურის ციხეს ბერძნულ წყაროებში მოხსენიებულ სხიმარ-სქიომართან აიგივებდა (განგრელი 1941: 54; ბრილიანტოვი 1917: 28; ბერძენიშვილი ... 1983: 18).

ციხეზე შემორჩენილია ოთხი კოშკი. შესასვლელი აქვს სამხრეთ-დასავლეთიდან. აღმოსავლეთ ნაწილში დაზიანებული ორსართულიანი სახლია, რომელიც დადიანების სასახლე უნდა ყოფილიყო. ფრაგმენტულადაა შემორჩენილი გალავანი. ციხის ტერიტორიაზე სხვადასხვა სამეურნეო ნაგებობებია. ციხე თარიღდება ადრე შუა საუკუნეებით. აღდგენილია გვიან შუა საუკუნეებში (ბერაძე 1976: 63-74; ბერძენიშვილი ... 1983: 19).

1914 წ. ზაფხულში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ნ. მარი) მურის ციხეზე ჩაატარა დაზვერვები. ფოტომასალა დაცულია სანკტ-პეტერბურგის არქეოლოგიიის ინსტიტუტში (ბერძენიშვილი ... 1983: 67-68; ბერაძე 1976: 71-73).

მურის ციხიდან ცნობილია შემთხვევითი აღმოჩენები: 1976 წ. გზის გაყვანისას გამოვლინდა ქვევრსამარხი, რომელშიც ნაპოვნია ოქროს სასაფეთქლე, ოქროს 2 მძივი და გამჭვირვალე მინის 13 მძივი. ქვევრსამარხი თარიღდება ძვ. წ. IV ს-ის დასასრულითა და III ს-ით. იმავე ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს აღმოჩნდა: ვერცხლის სასაფეთქლე რგოლი; ბურცობებით შემკული რკინის სამაჯური, რომლებიც თარიღდება ძვ. წ. IV ს-ის შუა ხანებითა და მეორე ნახევრით. IV ს-ის მეორე ნახევრითაა დათარიღებული აბზინდა; ძვ. წ. IV ს-ის პირველ ნახევარს მიეკუთვნება „კოლხური თეთრი“. გვიანანტიკური ხანისაა 2 დანა მოხრილი პირით; შუბისპირი, ისრისწვერი, ლურჯი მინის გამჭვირვალე, დაწახნაგებული მძივი (სულავა 1996: 58-61), მასალა ინახება ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

მურის ციხესთან, ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე შემორჩენილია მცირე ზომის დარბაზული ტიპის დაზიანებული ეკლესია, რომელსაც მაქსიმე აღმსარებლის სახელს უკავშირებენ (ბერაძე 1976: 71-73).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1948: 31; ბაგრატიონი დავით 1941: 80; ბაქრაძე 1875: 161; ბერაძე 1976: 63-74; ბერძენიშვილი 1966: 73; ბერძენიშვილი ... 1983: 17-20; განგრელი 1941: 51-56; ბოროზდინი 1885: 39, 40, 51, 105, 208; ბრილიანტოვი 1917: 6, 28, 29, 34, 38, 39, 46, 58, 59, 60, 61; გიულდენშტედტი 1962: 327; დადიანი 1962: 184, 190, 191, 193, 206; მუსხელიშვილი 1975: 20; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 358; სულავა 1996: 58-65; ტუღუში 1988: 79; ქც 4: 749,12; ჩიტაია 1944: 261, 267; ჩიქოვანი 1971: 67, 68, 70-72, 80, 81, 84, 85.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9