აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
ასკ ასპ

ასპინძა 

სოფელი, დაბა (ქც 1: 262,18; 379,14; ქც 2: 410, სქ. 3; 500,25; ქც 4: 132,11; 433,24,25; 666,24,25; 716,22; 725,15).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 262,18), სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა“ (ქც 2: 379,14), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი ტექსტი (ქც 2: 410 სქ. 3; 500,25), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 132,11; 433,24,25; 666,24,25; 716,22; 725,15), XIII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 396; ქართ. სამართ. ძეგ. 1981: 243, 721, 1985: 136; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 63, 125-126, 139, 313, 324), XVIII ს-ის ანონიმური ქრონიკა „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 43), სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა“ (ჩხეიძე 1913: 43), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 82, 84), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 53), XVI ს-ის თურქული წყაროები (თურქული წყაროები ... 1983: 67), „ჩილდირის ვილაიეთის მოკლე (იჯმალ) დავთარი“ (ჩილდირის... 2008: 39), „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“ (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 38, 177, 178, 185, 188, 191, 192, 195, 198, 200-202, 348, 352), ჟან შარდენის „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“ (შარდენი 1975: 392), დე გრაი დე ფუას ცნობები საქართველოს შესახებ (დე გრაი დე ფუა 1985: 30, 82-84, 91, 92, 96), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 219).

ვახუშტი ბაგრატიონი ასპინძის შესახებ გადმოგვცემს: „ერთვის მტკუარს ასპინძის ხევი ... ამის შესართავს არს ხიდი ... ასპინძის თავს და აგარის ზეით, ჩდილოს არს ციხე კლდესა ზედა შენი“ (ქც 4: 666,24,25).

მდებარეობს ისტორიულ სამცხეში, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირას, მდ. ოთის შესართავთან. კლდის ფერდობზე აღმართული ციხის გარშემო.

ასპინძა წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება IX ს-ის ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონების შინაომების აღწერისას (ქც 1: 262,18; 379,14). XVI ს-ის 50-იან წლებში ოსმალების მიერ სამხრეთ საქართველოს დაპყრობის შემდეგ ასპინძა ახალციხის ლივის ერთ-ერთი ცენტრია. 1625 წ. გიორგი სააკაძემ ასპინძასთან დაამარცხა ყიზილბაშთა ლაშქარი. 1770 წ. ერეკლე II-მ სძლია თურქ-ლეკთა შეერთებულ ლაშქარს. 1829 წ. რუსეთ-ოსმალეთის ადრიანოპოლის ზავის მიხედვით ისტორიული სამხრეთ საქართველო ასპინძითურთ გათავისუფლდა ოსმალთა ბატონობისგან და ახალციხის მაზრაში შევიდა (ბერძენიშვილი 1966: 85, 97).

ასპინძას ეკავა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი. მდებარეობდა სამცხესა და ჯავახეთის საზღვარზე. აქ გადიოდა გზა ჯავახეთიდან შიდა ქართლში (ბერძენიშვილი 1966: 99, 100).

1970-1977 წწ. ასპინძასა და ასპინძის მუნიც-ში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ერთობლივმა ექსპედიციამ ჩაატარა დაზვერვები და გათხრები (ხელმძღ. ოთ. ჯაფარიძე). დაზვერვების შედეგად ასპინძასთან მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ლოდოვანში აღმოჩნდა ყორღანები (ჯაფარიძე ... 1981: 17).

1989-1992 წწ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მესხეთ-ჯავახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ოთ. ღამბაშიძე) ქ. ასპინძაში გათხარა კულტურის სახლის მშენებლობის დროს გამოვლენილი რამდენიმე დანგრეული ქვევრსამარხი. მათში აღმოჩნდა გვიანელინისტური ხანის თიხის ჭურჭელი (ღამბაშიძე ... 2004: 47).

ასპინძის ტერიტორიაზე, ქედზე დგას მოზრდილი თლილი კვადრებით ნაგები ციხე, რომელსაც გარს ერტყმის გალავანი სამი კოშკითურთ. ერთი კოშკი ოთხკუთხაა, ორი – წრიული. ერთ-ერთს დატანილი აქვს ციხეში შესასვლელი კარი. ციხე თარიღდება IX-X სს-ით.

ასპინძის ტერიტორიაზე, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ადგილ ხვილიშაში დგას უხეშად თლილი ქვისაგან ნაგები დარბაზული ტიპის ეკლესია, რომელსაც ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან აქვს მინაშენები. სამხრეთის კარნიზზე ასომთავრული წარწერაა: „ქრისტე შეიწყალე თეოდოიტი“. ეკლესია VIII-IX სს-ით თარიღდება. ხვილიშის ეკლესიიდან 2 კმ-ის დაშორებით, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ჩიხორიში მდებარეობს უხეშად გათლილი ქვისგან ნაგები დარბაზული ეკლესია. ნაგებობის კარნიზების ჩარჩოები მოჩუქურთმებულია. ეკლესია დანგრეულია (ქუქჩიშვილი 2000: 52). აქვე, სამხრეთით, ხევის ფერდობზე შემორჩენილია სამი დარბაზული ეკლესიის ნანგრევები (ბოჭორიძე 1992: 18-20).

ასპინძასთან, მდ. მტკვრის მარცხენა მხარეს, ვარნეთის ხევში, ნასოფლარ ვარნეთის ციხეში დგას ორსართულიანი დარბაზული ეკლესია, ნაგები ფლეთილი ქვით. შენობის მეორე სართულზე შემორჩენილია აფსიდა მხატვრობის ნაშთით (ქუქჩიშვილი 2000: 53).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1983: 53; ბაგრატიონი 1986: 82, 84; ბერძენიშვილი 1966: 85, 97, 99, 100; გიულდენშტედტი 1962: 219; დე გრაი დე ფუა 1985: 30, 82-84, 91, 92, 96; თურქული წყაროები ... 1983: 67; შარდენი 1975: 392; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 63, 125, 126, 139, 313, 324; ქც 1: 262,18; 379,14; ქც 2: 410, სქ. 3; 500,25; ქც 4: 132,11; 433,24,25; 666,24,25; 716,22; 725,15; ქართ. სამართ. ძეგ. 1981: 243, 721; 1985: 136; ქრონიკები 1897: 396; ქუქჩიშვილი 2000: 52-53; ღამბაშიძე ... 2004: 44-51; ჩილიდრის ... 2008: 39; ჩხეიძე 1913: 43; ცხოვრება ... 1980: 43; ჯაფარიძე ... 1981: 17; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 38, 177, 178, 185, 188, 191, 192, 195, 198, 200-202, 348, 352.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9