ქა ქე ქვ ქო ქს ქუ ქც
ქალ ქან ქაო ქარ

ქანდა


(ქც 4: 351,25). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 351,25), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 33), 1170 წ. სიგელი მეფე გიორგი III-ისა (1156-1184) შიო მღვიმისადმი (საქ. სიძ. 1910: 5; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 215; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 23; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 69), 1260-1270 წწ. დაწერილი შიო მღვიმის კრებულისა ზოსიმე ტოხაისძისადმი სამწირველოს ბოძების შესახებ (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 167), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 55, 273).

ვახუშტი ბაგრატიონი ქანდას მოიხსენიებს მუხრანის ველის აღწერისას: „კუალად ნარეკუავის შესართავის დასავლით, სარკინეთის მთის ჩდილოს გუერდი, ვიდრე ქანდა-ციხის ძირამდე, არის ვენახოვანი, ხილიანი, ბალახიანი და ტყიანი“ (ქც 4: 351,24-26).

მდებარეობს მცხეთის მუნიც-ში, მდ. ქსნის მარცხენა ნაპირზე, სოფ. ძველი და პატარა ქანდის ტერიტორიაზე.

მეფე გიორგი III-მ განუახლა შიომღვიმის მონასტერს მამულების მფლობელობის სიგელი (საქ. სიძ. 1910: 5; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 23). XVIII ს-ის მეორე ნახევრისთვის ქანდა მუხრანბატონთა საკუთრებაა (ბაგრატიონი 1986: 33). ძველი ქანდის ტერიტორიაზე XIX ს-ში თურქეთიდან ჩამოუსახლებიათ ურმიიდან წამოსული აისორები. მუხრან ბატონს იქ 20 ოჯახი დაუსახლებია, სოფლის ნაწილი კი მიუყიდია გერმანელი კოლონისტებისათვის, რომლებიც 1944 წ. გაუსახლებიათ. ამჟამად სოფელში ცხოვრობენ ქართველები და აისორები (მაკალათია 1968: 36).

ძველი ქანდის ტერიტორიაზე გამოვლენილია რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლი. 1962 წ. მცხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ალ. კალანდაძე) გათხარა ძვ. წ. XVII-XIV სს-ის 2 ორმოიანი ყორღანი, რომლებიც გაძარცული აღმოჩნდა. სამარხებში გამოვლინდა შავპრიალა, ტეხილხაზოვანი ორნამენტით შემკული თიხის ჭურჭლის ნატეხები (კალანდაძე 1963: 39, 40; ოქროპირიძე 1965: 29). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

1983-1984 წწ. საავტომობილო გზის რეკონსტრუქციის დროს, ძველი ქანდის ტერიტორიაზე გამოვლინდა სხვადასხვა პერიოდის ძეგლები ბრინჯაოს ხანიდან გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ნასტაკისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ალ. ბოხოჩაძე) შეისწავლა შუა ბრინჯაოს ხანის სამაროვანი. გაითხარა 61 ორმოსამარხი და 1 ყორღანი. ორმოსამარხები მიწაყრილიანი და ქვაყრილიანია. სამარხთა უმრავლესობას მიწის პირზე ნახევარწრედ შემოუყვება რიყის ქვები. დასაკრძალავი ორმოები ოთხკუთხა ან ოვალური ფორმისაა. დამხრობა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთით ან აღმოსავლეთ-დასავლეთის ხაზზეა. ორმოები გადახურული იყო ქვის ფილებით ან ძელებით, ერთ შემთხვევაში, კევრით. მიცვალებულები დაკრძალულია ხელფეხმოკეცილი მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით ჩრდილოეთით ან ჩრდილო-აღმოსავლეთით. ზოგ სამარხში გვხვდება მეორეული დაკრძალვა. დადასტურებულია სარეცელსა და დიდ ლანგარზე დაკრძალვაც.

ყორღანის დმ-ია 12 მ. მიცვალებული დაუკრძალავთ თავით სამხრეთ-დასავლეთით. ყორღანში აღმოჩნდა თიხის 20 ჭურჭელი, ზღვის ნიჟარის 2 მძივი, სარდიონის 3 მძივი, საქონლის მთლიანი ჩონჩხი. ძველი ქანდის სამაროვნის ინვენტარის უმეტესობა ნაცრისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭელია: მაღალტანიანი ჯამები, ცილინდრულყელიანი ქილები, დიდი ზომის ლანგრები, ქოთნები, კოჭობები, სადღვებლები, დერგები, წელში გამოყვანილი და ბიკონუსურტანიანი დიდი და პატარა სასმისები, კათხები, სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის დოქები. კერამიკა შემკულია ამოღარული კონცენტრული და ტალღოვანი ხაზებით, წიწვისებური ორნამენტით. იშვიათია სამკუთხედები და სოლისებური ნაჭდევები. ლითონის ნაწარმიდან გვხვდება ბრინჯაოს სატევრისპირები; მასრაგახსნილი და მასრაშეკრული შუბისპირები; სხვადასხვა ფორმის ისრისპირები; საკინძები; მახვილი რკინის პირით. სამკაულებიდან აღსანიშნავია სარდიონის თეთრი და ცისფერი პასტის, აგრეთვე ბრინჯაოსა და ძვლისაგან დამზადებული მძივები. ქანდის სამაროვნის არქეოლოგიური მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ნასტაკისის ექსპედიციის ბაზაზე (ბოხოჩაძე, ზანგური 1987: 40-44).

ქანდიდან ქსნის რკინიგზის სადგურისკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს მდებარეობს გვიანბრინჯაო-ადრერკინის ნამოსახლარი ე. წ. „ფარეხების გორა“, რომელიც ფორმით ამოზიდული გორაა. მიწის სამუშაოების დროს გორის ჩრდილოეთ ფერდზე გამოვლინდა 1 მ სიმძლავრის ფენა, სადაც საყურადღებოა რიყის ქვის საფუძველზე თიხით შელესილი მშრალი წყობის ქვის კედლების ნაშთი. იქ მოპოვებულია ჯამების, სასმისების, კოჭობების, ქოთნების, დერგებისა და ქვევრების ფრაგმენტები. გორის ძირში შემთხვევით ნაპოვნია ბრინჯაოს ცულები და სხვადასხვა ნივთი, რომლებიც ინახება ქანდის საშუალო სკოლაში. ამავე გზის მარცხენა მხარეს, ადგილ „ნაზვრევში“ გამოვლინდა გვიანი შუა საუკუნეების ნამარნალი. შემორჩენილია ქვითკირით ნაგები საწნახლები (სძა 1990: 337).

„ფარეხების“ გორის ჩრდილო-აღმოსავლეთით 100-ოდე მ-ის დაშორებით გორაზევე მდებარეობს ნამოსახლარი. გორის ზედაპირზე აკრეფილია სხვადასხვა პერიოდის თიხის ჭურჭლის ნატეხები (სძა 1990: 337).

ძველი ქანდის ტერიტორიაზე რამდენიმე ეკლესიაა (მაკალათია 1968: 37; სძა 1990: 337).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 33; ბოხოჩაძე, მირიანაშვილი, ზანგური 1987: 69-73; ბოხოჩაძე, ზანგური 1987: 40-44; გიულდენშტედტი 1962: 55, 273; კალანდაძე 1963: 39, 40; მაკალათია 1968: 35-38; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 215; ოქროპირიძე 1965: 15-29; საქ. სიძ. 1910: 5; სძა 1990: 337; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 497; 1970: 167; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 67-70 ; ქც 4: 351,25.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9