ნა ნე ნი ნო ნუ
ნაბ ნაგ ნად ნავ ნაზ ნაო ნარ ნას ნაქ ნაღ ნახ

ნაბახტევი


(ქც 4: 376,25,28). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 376,25, 28), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 44), XV ს-ის ამირეჯიბთა სიგელი (ქრონიკები 1897: 207-213), XVII ს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 228, 229; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 159, 160).

ვახუშტი ბაგრატიონი ალის-წყლის ხეობის აღწერისას მოიხსენიებს ნაბახტევს: „ვაყას ზეით არს ნაბახტევი და ნაციხვარი ... ნაბახტევს ზეით ერთვის ალის-წყალს ბრილის წყალი“ (ქც 4: 376,25, 28).

მდებარეობს ხაშურის მუნიც-ში, ხაშურიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 9 კმ-ზე, თანამედროვე სოფ. ნაბახტევის ტერიტორიაზე.

ისტორიულ წყაროებში ნაბახტევი XV ს-იდან იხსენიება. XV ს-ის დასაწყისში ქუცნა ამირეჯიბმა და მისმა მეუღლე რუსამ ააგეს და მოხატეს ნაბახტევის ღვთისმშობლის ეკლესია. 1609 წ. ქართლის მეფე ლუარსაბ II-მ (1606-1615) ნაბახტევი უბოძა გიორგი სააკაძეს, რომლის საქართველოდან წასვლის შემდეგ სოფელი სახასო მფლობელობაში გადავიდა. 1652 წ. როსტომ მეფემ (1632-1658) ნაბახტევი იორამ სააკაძეს გადასცა. 1676 წ. თარხან მოურავიშვილმა ნაბახტევი მდივან შანშეან-მარტიროზიშვილს მიჰყიდა. XVII ს-ის ბოლოდან ნაბახტევი ქვათახევის საწინამძღვროში შედიოდა.

ნაბახტევი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

სოფლის განაპირას, სამხრეთით დგას დარბაზული ეკლესია (5X3,8 მ), რომელსაც დედაღვთისას უწოდებენ. თარიღდება XVIII-XIX სს-ის მიჯნით. ნაგებია ფლეთილი ქვითა და აგურით. ოთხკუთხა საკურთხევლის იატაკი 0,5 მ-ით ამაღლებულია. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს.

იოანე ნათლისმცემლის დარბაზულია ეკლესია (13,7X6,3 მ) სოფლის დასავლეთით, შემაღლებულ ადგილზეა. თარიღდება XVIII ს-ით. ნაგებია ქვიშაქვის ტლანქად დამუშავებული სხვადასხვა ზომის კვადრებით. აქვს ნახევარწრიული აფსიდა. ეკლესია დაზიანებულია.

სოფელში, მდ. ჭერათხევის მარცხენა მხარეს კვერცხობის დარბაზული ეკლესიაა (10,35X5,56 მ). თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით. ნაგებია ქვიშაქვის კვადრებით. შესასვლელი აქვს სამხრეთიდან. კარის ღიობი გადახურულია ნახევარწრიული ქვით, რომელსაც პროფილირებული არქივოლტი აქვს შემოვლებული. მის შუაში ტოლმკლავა ჯვარია გამოსახული. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელი და ორი ნიშია, მეორე სარკმელი სამხრეთის კედელშია გაჭრილი. ეკლესია დაზიანებულია.

სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მთაზე დგას ღვთისმშობლის ეკლესია. თარიღდება XV ს-ის დასაწყისით. ეკლესია დარბაზულია (14,50X9,35 მ). ნაგებია თლილი ქვით. ეკლესიას აღმოსავლეთით აქვს შიგნით ნახევარწრიული და გარეთ ცხრაკუთხა შვერილი აფსიდა. საკურთხეველში ერთი სარკმელი და ორი ნიშია. დასავლეთ კედელში ერთი სარკმელია გაჭრილი, გრძივ კედლებში – თითო. ინტერიერში აფსიდის წინ აღმართულია კედელი, რომელიც მთლიანად ფარავს საკურთხევლის ჩრდილოეთ ნაწილს, ხოლო სამხრეთით გადადის სატრიუმფო თაღში. ეკლესიის დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომელიც ეყრდნობა სამ წყვილ პილასტრზე გადასულ საბჯენ თაღებს. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს – დასავლეთით, რომელიც ამჟამად ამოშენებულია და ჩრდილოეთით. ამ უკანასკნელზე მიშენებულია გეგმით ოთხკუთხა ორსართულიანი სამრეკლო (4,5X4,85 მ), რომლის ქვედა სართული კარიბჭეს წარმოადგენს. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. XX ს-ის 70-იან წლებში ფრესკების ნაწილი – მეფე ალექსანდრე I დიდი (1412-1442) დედოფალთან ერთად, ქუცნა ამირეჯიბი და მისი მეუღლე რუსა, იოანე ნათლისმცემლის გამოსახულება – საქართველოს ხელოვნების მუზეუმში გადაიტანეს. მოხატულობა თარიღდება 1412-1431 წლებით და სტილისტურად უახლოვდება ბიზანტიურ მხატვრობას.
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 44; ლორთქიფანიძე 1973; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 159, 160; სძა 1990: 438-440; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 228, 229; ქრონიკები 1897: 207-213; ქც 4: 376,25, 28.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9