მცირე ქალაქი, ციხე (ქც 4: 135,13; ქც 1: 276,17).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 135,13; 146,13; 229,24; 342,15,16,19,21; 343,3,8; 392,3; 393,1; 405,1; 470,23; 474,27; 507,6), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 268,7; 276,17; 298,14,16), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 267,8; 275,4; 299,20), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი და მესამე ტექსტი (ქც 2: 350,21; 365,2; 422,15; 488,14,15; 506,19; 507,12), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 31), ფარსადან გორგიჯანიძის „ისტორია“ (გორგიჯანიძე 1926: 7).
მდებარეობს გორის მუნიც-ში, მდ. ტანას ხეობაში, გორიდან 10 კმ-ის დაშორებით, თანამედროვე სოფ. ატენის ადგილას.
ვახუშტი ბაგრატიონი ატენის შესახებ გადმოგვცემს: „ატენი, მცირე ქალაქი. მოსახლენი ქართველნი, სომეხნი, ურიანი. არს ციხე მაღალს კლდესა ზედა, ნაშენი დიდი ... ატენის სამხრით არს მონასტერი სიონი, გუმბათიანი, კეთილნაშენი“ (ქც 4: 43,3-9).
ადრე შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ატენი მნიშვნელოვანი ქრისტიანული ცენტრია. შუა საუკუნეებში დღევანდელი სოფლის ადგილას არსებობდა მცირე ქალაქი. მეფე ბაგრატ III-ის (975-1014) ხანაში ატენი ეკუთვნოდა კლდეკარის ერისთავთ ერისთავს რატი ბაღვაშს (ქც 1: 276,17). 989 წ. ბაგრატ III-მ რატი დაიმორჩილა და ატენის ციხეს დაეპატრონა. ატენის სიონის ერთ-ერთი წარწერა გვამცნობს ბაგრატ IV-ის (1027-1072) დროს აქ ქალაქისა და ქულბაქების აშენებას. XI ს-ში ბიზანტიისაგან ზურგგამაგრებულმა ბაგრატ IV-ის ნახევარძმამ, დემეტრემ და კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტ ლიპარიტის ძემ სცადეს ატენის ციხის აღება, მაგრამ მეფის ჯართან დამარცხდნენ. დავით აღმაშენებელს (1089-1125) ატენში ჰქონდა სამეფო საჭურჭლე (ქც 2: 267,7-8; 275,4). დემეტრე II-ის (1271-1289) დროს ატენისა და მისი ქვეყნის მფლობელია რაჭის ერისთავი კახაბერი, რომელიც ღალატისათვის შემდგომ სიკვდილით დასაჯეს. XVI ს-ში კახეთის მეფე ავგიორგიმ (1511-1513), ქართლის მეფე დავით X-ს (1505-1525) ატენის ციხეში ყოფნისას შემოარტყა ალყა, მაგრამ ციხის აღება ვერ შეძლო. 1556 წ. შაჰ-თამაზმა ტყვედ ჩაიგდო ატენის ციხეში თავშეფარებული ქართლის მეფის, ლუარსაბის (1527-1556) დედა ნესტან-დარეჯანი. XVII ს-ის 30-იან წლებში ქართლის მეფე როსტომს (1632-1658) აუჯანყდნენ თეიმურაზ I-ის (1634-1648) მომხრე ფეოდალები. შეთქმულებმა ატენის ციხეს შეაფარეს თავი. როსტომმა აიღო ციხე და დაანგრია (ქც 2: 350,21; ქც 4: 135,13, 422,15, 488,14,15). XVIII ს-ში ლეკების ხშირმა შემოსევებმა დააკნინა ქალაქი. XIX ს-ში ის უკვე სოფელია.
1966 წ. ატენის სიონი შეისწავლა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ვ. ართილაყვა). 1968-1975 წწ. სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნომ შეაკეთა და გაამაგრა ტაძრის ფასადების ქვედა ნაწილები, გუმბათის სახურავი (ხელმძღ. ლ. ხიმშიაშვილი, რ. გვერდწითელი, თ. ნემსაძე). 1983 წ. ეკლესია გადაიხურა ქვის ლორფინებით; გაიწმინდა და გამაგრდა მოხატულობა (ხელმძღ. რ. გვერდწითელი, გ. ჭეიშვილი, კ. ბაკურაძე).
ატენის სიონის ტაძარი დგას მდ. ტანას მარცხენა ნაპირის კლდოვან კიდეზე. ის ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. გეგმით ტეტრაკონქია (24X19მ, სიმაღლე 22 მ). ტაძარი დგას ორსაფეხურიან იმპოსტზე, რომლის ქვეშ ფართო ცოკოლია ამოშენებული. საკურთხევლის მიმდებარე ორი ოთახი სადიაკვნე და სამსხვერპლოა. სამხრეთ-დასავლეთისა კი საქალებო. შესასვლელები სამხრეთით და ჩრდილოეთითაა. გუმბათქვეშა საბჯენი თაღები ოდნავ ნალისებურია. ეკლესია აგებულია VII ს-ში (ჩუბინაშვილი 1936: 128-136; ბერიძე 1974: 108). ინტერიერში შემორჩენილია ქართული, ბერძნული და სომხური წარწერები (ბარნაველი 1957; ალექსიძე 1978; აბრამიშვილი 1977; ყაუხჩიშვილი 1951: 191-193). ფასადები შემკულია ქრისტიანული სიმბოლიკის ამსახველი ცხოველებისა და ფრინველების გამოსახულებებით, ბიბლიური სიუჟეტებით, ქტიტორების რელიეფური პორტრეტებით. რელიეფები მიეკუთვნება ორ სამშენებლო პერიოდს VII და X სს-ს (აბრამიშვილი 1972: 32-55).
სამხრეთი ფასადის ერთ-ერთი წარწერა გვამცნობს 853 წ. არაბთა სარდლის, ბუღათურქის მიერ თბილისის აღებასა და დაწვას (ბარნაველი 1957: 17, 18). საკურთხევლის ბემაში აღმოჩნდა დედოფალ გუარამავრისა და სტეფანოზ მამფალის გარდაცვალების მაუწყებელი X ს-ის ფრესკული წარწერები (ბარნაველი 1957: 12-19; აბრამიშვილი 1977). ინტერიერში შემორჩენილია VII-VIII სს მოხატულობა. რესტავრაციის შედეგად გამოვლინდა ტაძრის თანადროული მოხატულობა – წითელი საღებავით შესრულებული არქიტექტურული წყობის იმიტაცია. VIII ს-ის პირველ ნახევარს უნდა განეკუთვნებოდეს წითელი და თეთრი საღებავებით გამოსახული „განედლებული ჯვრები“. XI ს-ის მეორე ნახევრის მოხატულობაში განირჩევა რამდენიმე ოსტატის ხელი. გუმბათის კამარაში შემორჩენილია ჯვრის გამოსახულება, გუმბათის ყელზე – წინასწარმეტყველები, ტრომპებზე – მახარებლები, ტრომპების ნახევარწრეებში – სამოთხის ოთხი მდინარის პერსონიფიკაციები. საკურთხევლის აფსიდის კონქში გამოსახულია ღვთისმშობელი ნიკოპეა, ბემის კამარაზე – მაცხოვარი და ოთხი წინასწარმეტყველი, აფსიდის კედლებზე 12 მოციქული. კომპოზიციები გადმოგვცემს აპოკრიფულ სცენებს ღვთისმშობლის ცხოვრებიდან, სახარების თორმეტ სცენას ქრისტეს ცხოვრებიდან. დასავლეთი აფსიდა მთლიანად უჭირავს განკითხვის კომპოზიციას. ქტიტორების გამოსახულებები წარმოდგენილია დასავლეთ აფსიდის ქვედა რეგისტრში. წარწერები დაზიანებულია და მათი ვინაობა სადავოა. იდენტიფიცირებულია მეფე ბაგრატ IV. აღმოსავლურ ყაიდაზე შემოსილი ჭაბუკი ერთი მოსაზრების მიხედვით გაიგივებულია გიორგი II-სთან (1072-1089). ის ასევე იდენტიფიცირებულია დავით აღმაშენებელთან. ატენის სიონის ფერწერა მდიდარია მცენარეული მოტივებითაც (ამირანაშვილი 1950: 181-185; ვირსალაძე 1984).
ტაძრისათვის კვარცხლბეკი აგებულია თანდათანობით, 30-35 სმ სისქის ბათქაშით. ტაძრის სამშენებლო მასალა უმეტესად ადგილობრივი ქვაა. კედლის პერანგად გამოყენებულია ტუფის ქვათლილები. იატაკი მოგებულია ტუფის ფილებით. ტაძრის ინტერიერის გათხრებისას აღმოჩენილი კრამიტები ძირითადად ორი პერიოდისაა: VII-VIII და XI-XII სს-ის, როდესაც ძეგლი საფუძვლიანად შეუკეთებიათ.
ინტერიერში მრავალი სამარხი აღმოჩნდა. ყველა ქრისტიანულია. სამარხები VII ს-ის შემდგომი ხანისაა. გვხვდება რკინის ლურსმნებით შეკრული ხის კუბოთი დამარხვის წესი. სამარხები უინვენტაროა. ინტერიერის გათხრებისას ჩნდებოდა კერამიკის ფრაგმენტები. მათგან უძველესია VII-VIII სს-ის ფიალის ფრაგმენტი და ამოკვეთილი ორნამენტით შემკული, შეღებილი ბადიის ნატეხი. XII-XIII სს-ს განეკუთვნება მაღალქუსლიანი, მწვანედ მოჭიქული და ფრინველის გამოსახულებით შემკული ჯამის ფრაგმენტები. X-XIV სს-ით თარიღდება ღია მწვანე მინის სადა, გრეხილღეროიანი და სამკუთხაგანივკვეთიანი სამაჯურები. იქვეა გამოვლენილი რკინის ლურსმნები (ართილაყვა 1973: 102-113).
სოფელ ატენში შემთხვევით აღმოჩნდა შუა საუკუნეების არქეოლოგიური მასალა: ბრინჯაოს სამკაული, ბრინჯაოსავე ხატისუღელი, სერდოლიკის მძივები (არქ. მას. კატ. ... 1955: 52, 53). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
ატენის ციხე დგას მდ. ტანას მარცხენა ნაპირის მაღალ კლდეზე (38,4X17,2მ). ნაგებია ფლეთილი ქვით დუღაბზე. თარიღდება X ს-ით. ბურჯებით გამაგრებული გალავნის შიგნით მეციხოვნეთა სადგომები, წყალსაცავი და სხვა ნაგებობებია. ციხე იცავდა შიდა ქართლიდან სამხრეთ საქართველოსაკენ მიმავალ გზას (ზაქარაია 1960: 21, 22).
კოშკი დგას სოფლის აღმოსავლეთით, მდ. ტანას მარცხენა ნაპირის კლდეზე. გეგმით ოთხკუთხაა (7,2X4,8მ). ნაგებია ფლეთილი ქვით. კარის წირთხლებად გამოყენებულია თლილი ქვა. თარიღდება XVI ს-ით. მეორე კოშკი დგას სოფლის სამხრეთით, მდ. ტანას მარცხენა ნაპირის კლდეზე. გეგმით ოთხკუთხაა (7X4მ). ნაგებია ფლეთილი ქვით. თარიღდება XVI-XVII სს-ით.
ღვთისმშობლის გუმბათიანი ეკლესია (ორბელიანების ეკლესია) დგას სოფლის ცენტრში. ის ჯვარ-გუმბათიანი ნაგებობაა (7,2X7,9მ). ნაშენია რიყის ქვით. დასავლეთი კარის ტიმპანის ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებულია ეკლესიის ამშენებელი ერისთავი რატი ლიპარიტის ძე. საფიქრებელია, რომ რატი ერისთავმა X ს-ში განაახლა ეკლესია. თარიღდება VII-IX სს-ით (რჩეულიშვილი 1942: 60-75). სამხრეთი კარის არქიტრავის მხედრული წარწერის თანახმად ეკლესიის დასავლეთი მინაშენი აუგია მღვდელ დავით დავიდოვს 1870 წელს.
წმ. ბარბარეს ეკლესია დგას სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, მაღალ მთაზე. ეკლესია დარბაზულია (5,7X4,2მ). ნაგებია ფლეთილი ქვით. თარიღდება განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეებით.
წმ. გიორგის დარბაზული (7,45X4,5მ) ეკლესია დგას სოფლის ძველ უბანში. ნაგებია ფლეთილი და რიყის ქვით. დასავლეთის ფრონტონის შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერის მიხედვით ეკლესია აგებული უნდა იყოს ბაგრატ IV-ის მიერ 1060-1072 წლებში.
ოქროიანთ საყდარი დგას ატენის სიონის ჩრდილო-დასავლეთით, მისგან 150 მ დაშორებით. შედგება ორი, ერთმანეთზე მიდგმული ეკლესიისაგან. პირველად აუგიათ სამხრეთის დარბაზული ეკლესია (3,9X2,7მ). მოგვიანებით კლდის ქიმი ხელოვნურად გაზარდეს და ჩრდილოეთიდან მიუშენეს მეორე დარბაზული ეკლესია (5,3X3,8მ). ორივე ეკლესია ნაგებია ქვიშაქვის კვადრებით. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით.
ნათლისმცემლის ეკლესია დგას სოფლის სამხრეთით 0,5 კმ-ზე, მდ. ტანას მარჯვენა ნაპირზე. ის დარბაზულია (7,3X4მ). ნაგებია ფლეთილი ქვით. თარიღდება VIII-X სს-ით. დასავლეთისა და ჩრდილოეთის მინაშენები გვიანდელია.
კვირაცხოვლის ეკლესია დგას სოფლის სასაფლაოსთან. ეკლესია დარბაზულია (5X5მ). ნაგებია თლილი ქვით. გადახურულია კრამიტით. აღმოსავლეთი კედლის ფრონტონის თავზე აგებული იყო აგურის სამრეკლო. ეკლესიას შემოვლებული ჰქონია გალავანი (შემორჩენილია ფრაგმენტულად). ძეგლი დათარიღებულია განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეებით.
- ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1963: 685-690; 1972: 32-55; 1977; ალექსიძე 1978; ამირანაშვილი 1950; არქ. მას. კატ. ... 1955: 52, 53; ართილაყვა 1973: 102-113; ბაგრატიონი 1986: 31; ბარნაველი 1957; ბერიძე 1974: 32, 108; გორგიჯანიძე 1926: 7; ვირსალაძე 1984; ზაქარაია 1960: 21, 22; მაკალათია 1957; რჩეულიშვილი 1942: 60-75; ქც 1: 268,7; 276,17; 298,14,16; ქც 2:267,8; 275,4; 299,20; 350,21; 365,2; 422,15; 488,14,15; 506,19; 507,12; ქც 4:135,13; 146,13; 229,24; 342,15,16,19,21; 343,3,8; 392,3; 393,1; 405,1; 470,23; 474,27; 507,6; ყაუხჩიშვილი 1951: 191-193; ჩუბინაშვილი 1936: 128-136.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.